-
2016-12-19 11:56
ცემასა და იარაღით მუქარაში ადანაშაულებს ბორჯომის პოლიციის წარმომადგენლებს ჟურნალისტი გიორგი გასვიანი, რომელიც აცხადებს, რომ ყველაფერთან ერთად, უკანონოდ დააკავეს და პოლიციაში ოთხსაათიანი დაკითხვა მოუწყვეს.
ტელეკომპანია "იბერიის" გადაცემა "პრიორიტეტის" ერთერთი წამყვანი ამბობს, რომ მას გზაზე მანქანა მოუცურდა, რასაც არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი პოლიციელები შეესწრნენ. ჟურნალისტის მტკიცებით, ისინი მანქანის გაჩერების შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და იარაღით დაემუქრნენ.
"აიპრესთან საუბარში" გიორგი გასვიანმა მომხდარი ასე აღწერა:
"...შემხვედრი მანქანა მოდიოდა და "დავატორმუზე" წყნარად, რომ გამეარა, მაგრამ მანქანა ჩამიქრა და მოვსრიალდი. იმათ თავიდან გამიარეს, მაგრამ შემდეგ მობრუნდნენ და ჩხუბი დამიწყეს იმაზე, რატომ მოგისრიალდა მანქანა, ჩვენი მოკვლა გინდოდა, მოკვლას გვიპირებდიო და ა.შ. არ იყვნენ ფხიზლები. დამიწყეს ცემა და მერე იარაღის დამადეს.
სამი იყვნენ, ერთ-ერთი იყო ბორჯომის სამმართველოს პოლიციელი, მიხეილ ხუციშვილი. თავიდან წესიერად ვერ ვხედავდი სახეზე, მუხლებზე ვხედავდი. რაღაცეები არც მახსოვს. მინდოდა ამეხსნა, რომ ჟურნალისტი ვიყავი და სემინარზე მოვდიოდა, მაგრამ ვერ ვახერხებდი...."
მომხდართან დაკავშირებით კომენტარი უკვე გააკეთეს შსს-ში, სადაც აცხადებენ, რომ ამ ფაქტის გამოძიების პარალელურად, შსს-ს გენინსპექციამ მოკვლევაც დაიწყო, ხოლო შს მინისტრმა პირობა დადო, რომ თუ პოლიციელს ჟურნალისტის ცემა დაუდასტურდა, უმკაცრესად აგებს პასუხს.