
თურქეთში, ქილერმა ცნობილ კრიმინალურ ავტორიტეტ როვშან ჯანიევს, იგივე "როვშან ლენქორანსკის" ავტომატიდან ესროლა და მოკლა. ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს. ვრცელდება ასევე ვიდეო და ფოტომასალა თავდასხმის ადგილიდან.
თურქული Bizimyol წერს, რომ თავდასხმის მომენტში როვშან ჯანიევთან ერთად მანქანაში მძღოლიც იმყოფებოდა, რომელიც მიღებული ჭრილობებისგან ადგილზე გარდაიცვალა. ურთიერთგამომრიცხავი ცნობები ვრცელდება თავად ჯანიევის შესახებ: ერთ-ერთი ვერსიით, ის დაიღუპა, მეორე ვერსიით კი - მძიმედ დაჭრილი და ჰოსპიტალიზებულია, თუმცა, აზერბაიჯანის მილი-მეჯლისის წევრმა და როვშან ჯანიევის ძმამ დაადასტურტეს, რომ ჯანიევი მძიმედ დაიჭრა, შემდეგ კი საავადმყოფოში გარდაიცვალა. მისი ძმა უკვე თურქეთშია და ცხედრის გადმოსვენებისთვის საჭირო პროცედურებს აგვარებს. როვშანს მშობლიურ ლენქორანში დაკრძალავენ.
ინციდენტი სტამბოლში, ბეშიკთაშის უბანში მაშინ მოხდა, როცა როვშანი საკუთარ ავტომანქანას მიუახლოვდა და ჩაჯდომას აპირებდა. ამ დროს მასთან ქილერმა მიირბინა და ორივეს: "კანონიერ ქურდსა" და მძღოლს, მაყუჩიანი ავტომატიდან ესროლა.
აღსანიშნავია, რომ "როვშან ლენქორანსკის" მოკვლის შესახებ ინფორმაცია ადრეც რამდენჯერმე გავრცელდა, მაგრამ არ დადასტურდა. ეს "კანონიერი ქურდი" "დედ ჰასანის" ერთერთ მთავარ ოპონენტად და მერაბ ჯანგველაძის ბანაკის წევრად მოიაზრება.