
კიდევ ერთი ეთნიკურად ქართველი ე.წ. "კანონიერი ქურდი" ლევან ფერაძე მოსკოვში სამართალდამცველებმა დააკავეს. მას დიდი რაოდენობით ფული, სხვადასხვა ბანკის პლასტიკური ბარათები და ცეცხლსასროლ იარაღთან ერთად, ნარკოტიკული ნივთიერებაც აღმოუჩინეს.
ვიდეოკამერის წინ დაკითხვის დროს ლევან ფერაძე არ პასუხობს შეკითხვას, არის თუ არა "კანონიერი ქურდი", ხოლო მეორე შეკითხვაზე, რა მეტსახელი აქვს კრიმინალურ სამყაროში, პასუხობს: "არ ვიცი, რაზე მეკითხებით".
ამასთან, ფერაძე დაკითხვის დროს ამბობს, რომ რუსეთში დაიბადა და რუსეთის მოქალაქეა, ხოლო საქართველოსთან მხოლოდ ფესვები და წარმოშობა აკავშირებს, თუმცა, ინტერნეტსივრცეში მოიპოვება მისი დაკავებისა და ვიდეოდაკითხვის ფირი, სადაც ის ამბობს, რომ საქართველოში დაიბადა და საქართველოს მოქალაქეა. ეს ვიდფეო 1999 წელს, სტავროპოლშია გადაღებული.
1978 წელს დაბადებული ლევან ფერაძე ამ დრომდე წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. ვიდეოდაკითხვაში ის ამბობს, რომ არ იცის, რის გამო დააკავეს.