
კანდელაკის ქუჩაზე პირველ ივლისს, ღამით მომხდარ მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ამ დროისთვის ცნობილია, რომ მას ბექა ჰქვია, ნაქირავები მანქანით გადაადგილდებოდა და მსხვერპლს გადაჭრილი სანადირო თოფიდან, ე.წ. აბრეზიდან თავში ორჯერ ესროლა.
31 წლის მიხეილ ცხაკაია საავადმყოფოში გარდაიცვალა - ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შესძლეს. პოლიციამ მკვლელობაში ბრალდებული ცხელ კვალზე გატარებული სამძებრო ღონისძიებების შედეგად დააკავა. ის "ნისანის" მარკის ავტომანქანით მოძრაობდა, თან კი გადაჭრილი სანადირო თოფი ჰქონდა. კანდელაკის ქუჩაზე მისვლის შემდეგ მან მსხვერპლს დაუძახა, სადარბაზოში გაიყვანა და თავში ორჯერ ესროლა.
თვითმხილველთა თქმით, პოლიციამ მკვლელობის იარაღიც და მანქანაც მალევე იპოვა: ბრალდებულმა "აბრეზი" ერთერთი ავტოფარეხის სახურავზე შეაგდო, თვითონ კი მკვლელობის ადგილს გაეცალა.
თბილისში, კონკრეტულად ამ უბანში ეს მკვლელობის მეორე შემთხვევაა მოკლე მონაკვეთის განმავლობაში. ცოტა ხნის წინ ბუდაპეშტის ქუჩის კუთხეში კიდევ ერთი ახალგაზრდა, კვარაცხელია, დაახლოებით იგივე ხელწერის გამოყენებით მოკლეს.