
"ტაბულას" თანამშრომლებს, რომლებიც თბილისში, კოტე აფხაზის ქუჩაზე (ყოფილი ლესელიძის ქუჩა) რესტორან "ჭაშნაგირში" ვახშმობდნენ, სამი უცნობი მამაკაცი თავს დაესხა.
ინფორმაციასა და ფოტოს შემთხვევის ადგილიდან "ფეისბუქში" ავრცელებს ლევან სუთიძე, რომელიც წერს, რომ უცნობ მამაკაცთა თავდასხმის მოტივი "ეკლესიის გინება" იყო. ლევან სუთიძე წერს, რომ უცნობებმა მაგიდები დალეწეს. ფოტოზე ჩანს, რომ ჭურჭელიც დამსხვრეულია. "პატრულს ველოდებით", - წერს ლევან სუთიძე.
მომხდარ ფაქტს გამოეხმაურა "ტაბულის" დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი თამარ ჩერგოლეიშვილი, რომელიც საქართველოში არ იმყოფება. ის ხელისუფლებას მოუწოდებს, სასწრაფოდ იპოვონ დამნაშავეები:
ტაბულას ჟურნალისტებს, ნინო მაჭარაშვილს, ლევანს სუთიძეს, ირაკლი კიკნაველიძეს და ტაბულას ყოფილ ჟურნალისტს, ავთო ქორიძეს, ლესელიძეზე, რესტორან ჭაშნაგირში დაესხნენ თავს. მსუბუქი დაზიანებები აქვთ მიღებული. რესტორანი დალეწილია. პატრული ადგილზეა.
თავდასხმის მოტივი ეკლესიის კრიტიკა და სუთიძის და კიკნაველიძის მიერ ბესელია/კობახიძის მიერ პოლიტპატიმრად შერაცხული უგვანი არსების, გაბედავას წინააღმდეგ მიცემული ჩვენებებია.
სამწუხაროდ მე საქართველოში არ ვარ, მაგრამ ივანიშვილის უგვან და უნიათო მთავრობას ვურჩევ დროულად იპოვოს სიძულვილის ნიადაგზე დანაშაულის ჩამდენები", - წერს ჩერგოლეიშვილი.