
სოხუმის იზოლატორიდან ორი საშიში დამნაშავე გაიქცა - გვირაბის გათხრის გზით 1 ოქტომბრის ღამეს ბიძინა ხასიამ და ბაჩო ხაზალიამ გარეთ გააღწიეს და მიიმალნენ. ისინი 2009-2011 წლებში გალის რაიონში ადამიანთა გატაცებებისა და ორგანიზებული ყაჩაღური თავდასხმების გამო იყვნენ მსჯავრდებულები და 19 და 11 წლით თავისუფლების აღკვეთა ჰქონდათ მისჯილი.
მანამდე ბიძინა ხასია და ბაჩო ხაზალია დრანდის ციხიდანაც გაიქცნენ. მათთან ერთად გაიქცა ბაჩო ხაზალიას ძმა - ბადრი, რომლის ცხედარიც მოგვიანებით მდინარე გულრიფშში იპოვეს. ხაზალიები სოფელ შაშიკვარას მცხოვრებლები არიან, ხოლო ხასია ზუგდიდის რაიონის სოფელ გრიგოლიშში ცხოვრობს, თუმცა, იმის გამო, რომ პრობლემები ჰქონდა პოლიციასთან, თავს აფარებდა გალის რაიონის იმ ტერიტორიას, სადაც საქართველოს პოლიციის კონტროლი ვერ ვრცელდება.