
დაჭრილის ოჯახის წევრთა განცხადებით, ის ახერხებს საუბარს, თუმცა კვლავ რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფება.
საპატრულო პოლიციის თანამშრომელს ორი ოპერაცია ჩაუტარდა. ის მუცლის არესა და მკლავშია დაჭრილი.
რაც შეეხება თავდამსხმელ ბიძინა მურადაშვილს, რესპუბლიკურ საავადმყოფოში მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ კომენტარს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ შვილისა და მამის კონფლიქტის გამო, ყაზბეგის ქუჩის N 28-ში ლელა ბეჟანიშვილმა საპატრულო პოლიცია გამოიძახა.
საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს სადარბაზოში ბიძინა მურადაშვილმა ესროლა, რის შედეგადაც საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა სხეულის მრავლობითი ჭრილობები მიიღო.
ბიძინა მურადაშვილის მიერ განხორციელებულ სროლას საპატრულო პოლიციის თანამშრომლის მეწყვილის მიერ საპასუხო გასროლა მოჰყვა. გასროლის შედეგად დაიჭრა მოქალაქე ბიძინა მურადაშვილი.
მომხდარ ფაქტზე გამოძიებას ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილი აწარმოებს.