
„მაესტროს“ ეთერში წამყვანმა მიხეილ სააკაშვილს შეკითხვა იმის შესახებაც დაუსვა, ფიქრობს თუ არა, რომ საქართველოში მას და მის პოლიტიკურ გუნდს ბევრი მხარდამჭერი ჰყავს. წამყვანი ასევე დაინტერესდა მიხეილ სააკაშვილის აზრით იმის თაობაზე, როგორია მისი რეიტინგი დღეს.
„ჩვენ განვასახიერებთ წარმატებული სახელმწიფოს იდეას, შეუძლებელია ამ იდეის დამარცხება და ამას ვერ შეძლებს ვერავითარი რუსული ფული. არჩევნებში დამარცხება ჩვეულებრივი პოლიტიკური პროცესია. რაც შეეხება რეიტინგს, ის ადის და ჩამოდის.
მე ბოლო 25 წელია, ვარ პოლიტიკაში და ამ ხნის განმავლობაში ჩემი რეიტინგი მინახავს ძალიან მაღლაც და ძალიან დაბლაც. როცა ყოფილა მაღლა, შევხვედრივარ ამას ძალიან მშვიდად და როცა ყოფილა დაბლა, ამასაც შევხვედრივარ ძალიან მშვიდად. ჩემი რეიტინგი გაიზომება მაშინ, როცა მე ამას მოვინდომებ არჩევნების გზით. ჯერჯერობით ამის სურვილი არ გამაჩნია.
რაც შეეხება პოლიტიკური ძალის რეიტინგს, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, ის გაიზომება უახლოეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. რა თქმა უნდა, ამ ძალას ვუსურვებ წარმატებას, ზოგადად კი წარმატებას ვუსურვებ ქართულ დემოკრატიას“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.
„ექსცესები და არეულობა, ზოგადად, სისუსტის ნიშანია და მით უმეტეს, როცა მთავრობა აწყობს ექსცესებსა და არეულობას, ეს არის განსაკუთრებული სისუსტის ნიშანი. მე არ ვისურვებდი, რომ საქართველოს ჰყავდეს მთავრობა, რომელიც გამოასხივებს სისუსტეს, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის ოპონენტი პოლიტიკური ძალის მთავრობა. საქართველოს სჭირდება არა სუსტი და უუნარო, არამედ ქმედითი მთავრობა“, -აღნიშნა მან.