
„მე ვფიქრობ, რომ თქვენი მხრიდან, ვიღაც ხულიგნების მოხსენიება „ხალხად“, ქართველი ხალხის შეურაცხყოფაა. ქართველი ხალხი არ არის ვიღაც ხულიგანი, რომელიც ქვას ისვრის, ქართველი ხალხი არ არის დედის მაგინებელი ე.წ. პოლიტპატიმარი. ქართველი ხალხი არის მაგარი ხალხი“, -
ასე უპასუხა საქართველოს პრეზიდენტმა (2004-2013წწ.) მიხეილ სააკაშვილმა „მაესტროს“ წამყვანის შეკითხვას: „უნდა გკითხოთ თქვენს თანმებრძოლებზე, მათ მორალური... ხალხი ამბობს, რომ ქუჩაში გამოსვლის მორალური უფლება არა აქვთ და ქუჩაშიც ესხმიან თავს. თქვენ აპირებთ თუ არა საქართველოში ჩამოსვლას და თუ აპირებთ, როგორ ფიქრობთ, გჭირდებათ დაცვა საზოგადოებისგან?“.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, „ქართველი ხალხი არის ის,ვინც შექმნა ის რეფორმები და სახელმწიფო, რომელიც ჩვენ გვაქვს, ქართველი ხალხი აღუდგა წინ აგრესიას...“;
„მაესტრო“: „თქვენ ხულიგნებად მოიხსენიეთ თქვენი ოპონენტი ძალის მხარდამჭერები, ამ შემთხვევაში“, - უთხრა მას ჟურნალისტმა, რაზეც სააკაშვილმა უპასუხა:
სააკაშვილი: „რა შუაშია ოპონენტები: ის ხალხი, ვინც ისვრის ქვებს, იფურთხება და იგინება, ის არის ხულიგანი ყველა ქვეყნის ყველა კრიტერიუმით:;
„მაესტრო“: „გასაგებია, ეს თქვენი შეფასებაა“;
სააკაშვილი: „ეს არ არის ჩემი შეფასება, დიდი ბოდიში, ეს არის ის, რაც არის და ყველამ ვიცით, რომ ასე არის. ჩვეულებრივ პოლიტიკურ დებატებს არაფერი უდგება წინ, მაგრამ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ყველაფერი, რაც ეხება ძალადობის ესკალაციას, რა თქმა უნდა, საქართველოს არაკეთილმოსურნეების წისქვილზე ასხამს წყალს“.
მოგვიანებით წამყვანი ისევ დაუბრუნდა საქართველოში მიხეილ სააკაშვილის ჩამოსვლისა და იმ საკითხის განხილვის თემას, შეძლებს თუ არა ის ქუჩებში უსაფრთხოდ გადაადგილებას:
„ნურავის ნუ ექნება იმედი, რომ მე ვინმე გადაადგილების უფლებას შემიზღუდავს. მე ჩამოვალ მაშინ, როცა ამას ჩავთვლი საჭიროდ და არა მაშინ, როცა ამას ისინი დაგეგმავენ. მათ შეუძლიათ, საქმე აღძრან, ყველანაიარად შემიშალონ ხელი, მაგრამ ეს არაფერს არ გააჩერებს: თავის დროზე იანუკოვიჩსაც ჰქონდა აკრძალული ჩემი აქ შემოსვლა, მაგრამ იანუკოვიჩი სად არის ახლა და მე სად ვდგევარ, ხომ ხედავთ...“, - თქვა მიხეილ სააკაშვილმა.