
ისტორია, რომელიც ციმბირში 2012 წელს მოხდა, სკანდალით დასრულდა. სახლიდან თითქოსდა სათევზაოდ წასული ოთხი მეგობრიდან ერთერთმა აღიარა, რომ ტაიგაში საკვების გარეშე სიარულის დროს ჯგუფის ერთი წევრი ნაჯახით გამოასალმა სიცოცხლეს და მისი ხორცი საკვებად გამოიყენა.
„იმიტომ არ შემიჭამია, რომ ძალიან მშიოდა - მასთან სხვა ანგარიშიც მქონდა გასასწორებელი“, - ამბობს ალექსანდრე აბდულეევი მეგობარზე, ანდრეი კუროჩკინზე. ჯგუფის მეოთხე წევრის ბედის შესახებ ამ დრომდე არაფერია ცნობილი, ხოლო მოკლული და სანახევროდ დაფლეთილი კუროჩკინის ცხედარი მაშველებმა 2012 წლის ნოემბრის ბოლოს იპოვეს.
ოქტომბერში ოთხეულმა ოჯახებში დაიბარა, რომ მდინარე ტაიმენზე სათევზაოდ მიდიოდნენ და კარგა ხანს ვერ დაბრუნდებოდნენ. ისინი „უაზით“ გავიდნენ სახლიდან, მაგრამ მალევე მანქანა გადაბრუნდა და მდინარეში ჩავარდა, მეგობრებმა მხოლოდ რამდენიმე სამუშაო იარაღისა და თოფის გადარჩენა შეძლეს.
იმის გათვალისწინებით, რომ მეგობრები მეთევზეებისთვის დამახასიათებლად არ იქცეოდნენ, გამოძიება ვარაუდობს, რომ ისინი არა სათევზაოდ, არამედ ოქროს მოსაპოვებლად იყვნენ წასული. მას შემდეგ, რაც მანქანით ვერ გადაადგილდებოდნენ, მათ ტაიგაში გააგრძელეს გზა, თუმცა, ხშირად სტუმრობდნენ მონადირეთა ქოხებს - ხან გასაშრობად, ხან იმისთვის, რომ დანაყრებულიყვნენ.
ტაიგაში ღრმად შესვლის შემდეგ, როცა უკვე მონადირეთა ქოხები იშვიათად და, ძირითადად, ცარიელი ხვდებოდათ, შიმშილობა დაიწყო: მეგობრები ხარშავდნენ ხის მერქანს, ტანსაცმლის ტყავს...
ოჯახმა მხოლოდ თვენახევრის შემდეგ განაცხადა ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოში, რომ მამაკაცები დაიკარგნენ. სამაშველო სამსახური ვერტმფრენით შეუდგა ძიებას და დასახლებული პუნქტიდან 15 კილომეტრის დაშორებით ორი მეგობარი იპოვეს. მოგვიანებით იპოვეს კიდევ ერთი მეგობრის სანახევროდ დაფლეთილი ცხედარი.
გამოძიება დაეჭვდა, რადგან არც გადარჩენილები გამოიყურებოდნენ სუსტად, როგორც ეს მოსალოდნელი იყო, და არც ცხედარს ეტყობოდა ნადირისთვის დამახასიათებელი ნაკბილარები.
აბდულეევი მაშინვე გამოტყდა, რომ ერთი მეგობარი სხეულის მოყინვისგან დაიღუპა, მეორე კი მან ნაჯახით მოკლა და გორულენკოსთან ერთად მისი ხორცით ერთი კვირის განმავლობაში იკვებებოდა. სასამართლომ ეს ჩვენება არ გაითვალისწინა და აბდულეევს მხოლოდ სამი წლით პირობითი სასჯელი შეუფარდა, ხოლო გორულენკო საერთოდაც, მხოლოდ მოწმედ დაკითხა.
44 წლის მოკლული ანდრეი კუროჩკინის მეუღლემ განაჩენი გააპროტესტა. დავა, რომელიც ორი წლის წინ დაიწყო, ამ დრომდე გრძელდება და ჯერაც არაა დადგენილი, რა გადაწყვეტილებას მიიღებს სასამართლო.
"სიბირსკი თაიმის" მიხედვით