
ოპერის მომღერალი ალეკო ხომერიკი გერმანიაში პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტისას მომხდარ შემთხვევაზე საუბრობს, როდესაც დაკვრის დროს პიანისტს როიალიდან ნოტების ფურცელი გადაუვარდა, ირაკლი ღარიბაშვილი კი წამოდგა და დავით ალადაშვილს ნოტები მიაწოდა.
„ხალხში ვრცელდება აბსურდული მოსაზრება, თითქოს პიანისტმა განგებ გადაყარა ნოტები... მიშამ გადააყრევინა ნოტებიო, ხომ? ბრავო მიშა! თუ პიანისტებს ფულს უხდის, ნოტები დაყარეთ და ღარიბაშვილმა ან სხვა მაღალჩინოსანმა აიღოსო, მაშინ ნამდვილად ეკუთვნის ამერიკის პრეზიდენტობა!..
ეს ხუმრობით... ნოტები ვის არ გადაცვენია... სამწუხაროდ ეს კონცერტი არ მინახავს, თორემ შევატყობდი, პიანისტს ნოტები გადაუცვივდა თუ განგებ გადაყარა...
გამოცდილების მიუხედავად, მეც მქონდა გაუთვალისწინებელი შემთხვევა: კრწანისის რეზიდენციაში შევარდნაძე ხავიერ სოლანას ხვდებოდა და მიმიწვიეს, როგორც „გრანადას“ კარგი შემსრულებელი.
როიალთან დავდექი დოინჯით და ტექტს ვეღარ ვიხსენებდი. ერთხელ წავიბორძიკე, მეორედ, მესამედ მერე აღარ მოვერიდე და სიმღერა თავიდან დავიწყე. ხავიერ სოლანა სუფრიდან წამოდგა, მოვიდა, ხელი ჩამომართვა, მადლობა გადამიხადა და გადამეხვია... მეც მომსვლია ასე“, - აღნიშნა ალეკო ხომერიკმა.
„ეჭვმიტანილი“, დავით ალადაშვილი მოკლე კომენტარით შემოიფარგლა.
„ბერლინის კონცერტზე შემთხვევით გადამივარდა უკვე გადაშლილი ნოტის ფურცელი, პრემიერს კი მადლობის ნიშნად გადავეცი მომდევნო გვერდი...“ - აღნიშნა მან.
kvirispalitra.ge