-
2015-11-21 05:38
პარიზის ტერაქტის შემდეგ სამართალდამცველების მიერ გარეუბანში, სენ-დენიში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს დაღუპული ტერორისტი, რომელმაც თავი აიფეთქა, ქალი არ იყო. ამ დრომდე მიჩნეულია, რომ ქალი-შაჰიდი, რომელმაც "სიკვდილის ქამარი" აამოქმედა, ტერაქტების სავარაუდო ორგანიზატორის ამდელჰამიდ აბაუდის ნათესავი - ჰასნი აითბულაჰსენი იყო.
"ბიბისი" იტყობინება, რომ საფრანგეთის პოლიციამ გარეუბანში ჩატარებული სპეცოპარაციის ახალი ფოტო გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ სპეცოპერაციის ადგილზე არა ქალის, არამედ მამაკაცის სხეულის ნაწილები იპოვეს. მისი ვინაობა ჯერჯერობით არაა დადგენილი.
ასევე, პოლიციამ განაცხადა, რომ სტად დე-ფრანსთან აფეთქებული თვითმკვლელი, შესაძლოა, საფრანგეთში საბერძნეთიდან მოხვედრილიყო. ამ ცნობამ კიდევ ერთხელ გაამყარა გადაწყვეტილება, რომ შენგენის ზონის ქვეყნებმა მკაცრი კონტროლის მექანიზმი უნდა შეიმუშაონ.
შეგახსენებთ, პარასკევს გაეროს უშიშროების საბჭომ ერთხმად დაუჭირა მხარი საფრანგეთის მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელიც სახელმწიფოებს მოუწოდებს გააორმაგონ ძალისხმევა ექსტრემისტული დაჯგუფებების თავდასხმების აღსაკვეთად და გამოსავლენად.
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომამდე რამდენიმე საათით ადრე კი ტერორისტები მალის დედაქალაქ ბამაკოში მდებარე სასტუმრო "რედისონში" შეიჭრნენ. ადგილობრივმა ხელისუფლებამ ქალაქში მყოფი, გაეროს ფრანგი ცისფერჩაფხუტიანების დახმარებით სპეცოპერაცია ჩაატარა და მძევლები გაათავისუფლა, თუმცა მანამდე ტერორისტებმა 18 ადამიანი მოკლეს. მალის ხელისუფლებამ სამდღიანი გლოვა გამოაცხადა და ქვეყანაში 10 დღით საგანგებო მდგომარეობა შემოიღო.
