
გამოცემა "გარდიანი" უკვე მეორე სტატიას უძღვნის თბილისში 13 ივნისს მომხდარ ტრაგედიას და ორივეში ძირითადად თემად, მსხვერპლის შესახებ ინფორმაციის შემდეგ, ზოოპარკში განვითარებულ მოვლენებს გამოყოფს.
ანდრეი ნორტი, ზოოპარკის ორი თანამშრომლის ნაამბობზე დაყრდნობით წერს, რომ ქართველი პოლიციელები სასტიკად ექცეოდნენ ზოოპარკიდან გაქცეულ ცხოველებს, ესროდნენ და კლავდნენ მათ, ხოლო შემდეგ, მოკლულ ცხოველებთან სელფებს იღებდნენ.
"თვალებს არ დავუჯერე, როცა ეს ვნახე", - მოჰყავს ავტორს ზოოპარკის თანამშრომლის სიტყვები და წერს, რომ ის ტიროდა, თანაც, ვინაობის საიდუმლოდ შენახვა სთხოვა, - "კოშმარი გახლდათ, ეს მათთვის, თითქოსდა, ტროფეი იყო", - ამბობს ზოოპარკის თანამშრომელი "გარდიანთან".
"ზოოპარკის თანამშრომლები ამბობენ, რომ რამდენიმე შემთხვევაში პოლიციელებმა მოკლეს წარმატებით დაძინებული და ზოოპარკში გადაყვანილი მგელი. საერთოდაც, ზოოპარკის ბინადარი 20 მგლიდან სამი გადარჩა", - წერს ავტორი.
ავტორი ბეჰემოთ ბეგიზე, ლომის ბოკვერ შუმბაზე და მის მეგობარ კარაკულაზე, ასევე სხვა ცხოველებზე წერს და მოჰყავს ზოოპარკის თანამშრომლის სიტყვები, რომლის მიხედვითაც სპეცრაზმელებმა შუმბა მოკლეს, რადგან ის იხრჩობოდა. მოყვანილია ასევე ზოოპარკის დირექტორის ზურაბ გურიელიძის სიტყვები, რომელიც ამბობს, რომ ზუსტად არ იცის, რა მოხდა შუმბასთან მიმართებაში, მაგრამ ცხოველების ლიკვიდაცია აუცილებლად უნდა იყოს გამოძიებული.
საქართველოს მთავრობის პრესსამსახური, რომელსაც "გარდიანი" კომენტარისთვის დაუკავშირდა, პოლიციელების მიერ მოკლულ ცხოვლებთან სელფის გადაღების ფაქტს უარყოფს: "ჩვენ არ გვაქვს ასეთი ინფორმაცია", - ამბობენ პრესსამსახურში.
"გარდიანის" ფოტო