როგორც საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი დიმიტრი შაშკინი განმარტავს, "ეს ლენტი იყო მოგონილი 2006 წელს რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის დავალებით, როგორც ახალი სიმბოლიკის გავრცელების ერთ-ერთი მაგალითი.
ნებისმიერ მსურველს შეუძლია გადაამოწმოს თუ რა ფერების კომბინაციაა ეს ნარინჯისფერი და შავი, ზოგჯერ ეს არის უფრო მოყვითალო, ზოგჯერ ფორთოხლისფერი და შავი. ეს არის რუსეთის იმპერიის დროშა, რომლის ქვეშაც არის მოკლული ათიათასობით ებრაელი.
როცა რუსეთს იმპერიაში ხდებოდა ებრაელთა მკვლელობები, ე.წ. შავი ასეულების მიერ, ეს იყო ამ დაჯგუფებების დროშა, დღესაც ამ დროშას იყენებენ აქტიურად რუსი მონარქისტები და მოფაშისტო ელემენტები.
ამ დროშის ქვეშ ახლაც ათასობით უკრაინელს კლავენ უკრაინაში, ამ დროშიც ქვეშ ხდება ყველა ნაციონალისტური პრობლემის წამოწევა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში და ისეთმა ქვეყანამ, როგორიც ბელორუსია, დაიწყო ფიქრი საკანონმდებლო დონზე, რომ ,,გეორგიევსკის“ სიმბოლო აიკრძალოს, მაგრამ ჩვენთან საქართველოში აქტიურად გამოჩნდა.
მინდა გითხრათ, რომ ბაბუაჩემი დაიღუპა პოლონეთის გათავისუფლების დროს და აქედან გამომდინარე, მეორე მსოფლიო ომის ტრაგედია ჩემი ოჯახის ტრაგედიაც არის უშუალოდ, ისევე როგორც ბევრი ოჯახის, მაგრამ ამ “გეორგიევსკის ლენტებს”, კიდევ ვამბობ, არაფერი საერთო აქვს მეორე მსოფლიო ომთან და ვერც ექნება. ბაბუაჩემს იმისათვსის არ უომია, რომ შემდეგ იმპერიის დროშიც ქვეშ უკრაინელები დაეხოცათ საკუთარ მიწაზე...", - წერს დიმიტრი შაშკინი.
"თუ ამ ბო*ურ ლენტს შენი მანქანიდან არ ჩამოხსნი... მომავალში პრეზერვატივის ნაცვლად აგურს მიიღებ“, - ამ ფრაზის შემცველ წარწერას ბათუმში შარშან იმ რუსულნომრიანი მანქანების მძღოლებს უტოვებდნენ, რომლებსაც სალონში „გეორგიევსკის ბაფთა“ ჰქონდათ დამაგრებული.
ასევე შარშან, ქობულეთში, მოხალისეთა ჯგუფმა რუსეთის სახელმწიფო ნომრებიან ავტომანქანაზე გარედან დამაგრებული "გეორგიევსკის ბაფთა" პრეზერვატივით შეცვალა და ფოტო გადაიღო.
მოხალისეთა ჯგუფთან ერთად ბათუმში, ქობულეთში, თბილისში, ასევე შავი ზღვის სხვა დასახლებულ პუნქტებში - განმუხურსა და ანაკლიაში ასე იქცევიან როგორც ჯგუფის წევრები, ასევე ცალკეული მოქალაქეები. უმეტეს შემთხვევაში საქმე კონფლიქტამდე არ მიდის.
"გეორგიევსკის ბაფთის" მოწინააღმდეგეები რუს ტურისტებს განუმარტავენ, რომ ბაფთა ამ შემთხვევაში ყირიმის მოვლენების შემდეგ გახდა აქტუალური და რუსული სამხედრო ძლიერების სიმბოლოა მათთვის, ვინც მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიის - ყირიმის ნახევარკუნძულის ოკუპაციას რუსეთის მხრიდან, ხოლო საქართველო მხარს უჭერს უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას და ქვეყნის მოქალაქეების უმრავლესობისთვის მიუღებელია "გეორგიევსკის ბაფთებით" საქართველოს ქალაქებში გადაადგილება.
ბოლო ასეთი შემთხვევა 1 მაისს, სულ ცოტა ხნის წინ თბილისში, კოლმეურნეობის მოედანზე მოხდა, სადაც ახალგაზრდებმა "თავისუფალი ზონიდან", რუსი ბაიკერები გააჩერეს და აიძულეს, მოტოციკლებზე მიმაგრებული "გეორგიევსკის ლენტები" ჯერ ჩამოეხსნათ, შემდეგ კი დაეჭრათ. საქმე არც ამჟამად მისულა კონფლიქტამდე.
ლაშა ბერულავა