-
2014-10-09 12:09
აზერბაიჯანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად გარდაცვლილებს შორის საქართველოს მოქალაქეები არ არიან. ინფორმაცია "რია ნოვოსტიმ" გაავრცელა. ავარიის დეტალები "კურიერმა" გაარკვია.
ბაქო-თბილისის მარშრუტით მოძრავი ავტობუსი სატვირთო მანქანას დაეჯახა. აზერბაიჯანის განსაკუთრებულ საქმეთა სამინისტროს ცნობით, 40-მდე მგზავრი დაშავებულია, სამი მათგანის მდგომარეობა კი განსაკუთრებით მძიმეა და ისინი რეანიმაციაში იმყოფებიან.
ავტობუსი და სატვირთო ერთი და იგივე მიმართულებით მოძრაობდნენ, სატვირთოს მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ავტობუსს შეეჯახა. შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ ავტობუსს ცეცხლი წაეკიდა. დაშავებულები განჯის საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ავარიაში დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეები არიან, აზერბაიჯანში საქართველოს საკონსულოში არ დაადასტურეს და განაცხადეს, რომ ორი გარდაცვლილის ვინაობა დადგენილია და ისინი აზერბაიჯანის მოქალაქეები არიან, ხოლო მესამე გარდაცვლილის - 10 წლის ბავშვის ცხედრის ამოცნობის პროცესი ჯერ არ ჩატარებულა.

