
პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი აცხადებს, რომ დავოსში, მსოფლიოს ეკონომიკურ ფორუმზე საქართველოს ხელისუფლების ის წარმომადგენლები უნდა გაემგზავრნონ, რომლებიც ეკონომიკაზე მუშაობენ.
რაც შეეხება იმას, ვინ უნდა იყოს დელეგაციის ხელმძღვანელი, იგი აცხადებს, რომ თუ ეს ადამიანი პრემიერი იქნება, იგი ამ გადაწყვეტილებას მხოლოდ მიესალმება. თუმცა ის ჯერჯერობით არაფერს ამბობს, ამ დელეგაციაში თვითონაც იქნება თუ არა.
"ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დავოსში ქართული დელეგაცია იყოს წარმოდგენილი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, რომელიც სულ ახლახან მივიღე, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ იქ იყოს ეკონომიკის მინისტრი, ენერგეტიკის მინისტრი, ფინანსთა მინისტრი, ის მნიშვნელოვანი ფიგურები, რომლებიც ამ მიმართულებებით მუშაობენ. შესაბამისად, თუ პრემიერი იქნება ის ადამიანი, რომელიც ამ დელეგაციას წარუძღვება, მე მხოლოდ მივესალმები,"- განაცხადა პრეზიდენტმა.