-
2016-09-28 16:42
ახალგორის გამგებლის მოადგილე ჯემალ ბერიანიძე სამუშაო საათებში მცხეთაში "ქართული ოცნების" მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო შეხვედრებს ესწრება.
ამ ფაქტის დამადასტურებელი ფოტო და ტექსტური მასალა "ფეისბუქზე" დიმიტრი ხუნდაძის მხარდამჭერთა გვერდზეა განთავსებული. შემთხვევა 2016 წლის აგვისტოში, წეროვანის დასახლებასა და სოფელ ფრეზეთში მოხდა, როცა დიმიტრი ხუნდაძის წინასაარჩევნო შეხვედრას დევნილებთან, გამგებლის მოადგილე სამუშაო საათებში ესწრებოდა.
ვიდეოფაილის სახით ამ დარღვევის დამადასტურებელი მტკიცებულება მასალას თან ერთვის და იგი გაეგზავნა ასევე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელიც საჯარო მოხელეების მხრიდან მსგავს დარღვევებს უწევს მონიტორინგს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საჯარო მოხელეებს მიმართვა გაუგზავნა, რომელშიც მათ საკუთარი ვალდებულებების კეთილსინდისიერად შესრულებისა და პოლიტიკურ კამპანიაში მონაწილეობის დროს კანონით დადგენილი წესების დაცვისაკენ მოუწოდა.