-
2016-11-04 23:00
როგორც ცეზარ ჩოჩელის შტაბში ხუმრობენ, მცხეთური ღვეზელი გემრიელია, მაგრამ მცხეთური არჩევები ზოგიერთისთვის უფრო გემრიელი აღმოჩნდა: წეროვანში შეყვანილი სპეცრაზმი, ქუჩაში გამოსული ხალხი და უპრეცენდენტო მასშტაბით, გაუგონარი მეთოდებით გაყალბებული შედეგები მცხეთური 8 ოქტომბრისა და მეორე ტურის თანმდევი დეტალები გახლდათ.
არჩევნების საბოლოო შედეგების მიხედვით, მცხეთის მაჟორიტარულ ოლქში გამართულ მეორე ტურში "ქართული ოცნების" კანდიდატმა დიმიტრი ხუნდაძემ ხმების 50,08%, ხოლო დამოუკიდებელმა კანდიდატმა ცეზარ ჩოჩელმა - 49,92% მიიღეს.
მიცემული ხმების რაოდენობაში ეს ყველაფერი ასე გამოიყურება: დიმიტრი ხუნდაძემ 13 736, ხოლო ცეზარ ჩოჩელმა 13 692 ხმა მიიღეს. ანუ, უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, ცეზარ ჩოჩელმა არჩევნები სულ რაღაც 44 ხმით წააგო.
რა მოხდა სინამდვილეში და იყო თუ არა დარღვევები? მნიშვნელოვანი დარღვევების ამსახველი რამდენიმე ვიდეომასალა ვიდეოპორტალებსა და სხვადასხვა მედიასაშუალებაში ვრცელდება. ამ ვიდეომასალების მიხედვით, მაგალითად, აშკარად ჩანს, რომ მაგალითად, 41-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარემ და მისმა მოადგილემ ოქმები სხვა ოთახში გაიტანეს და თვითნებურად, თავიანთი შეხედულებით ავსებენ, ამავე უბანზე კი ხმების დათვლის შემდეგ აშკარად ისმის ხმა, რომ დიმიტრი ხუნდაძემ 208 ხმა მოიპოვა, მაშინ როცა შემაჯამებელ ოქმში 255 ხმაა დაფიქსირებული - ანუ, 47 ხმა დიმიტრი ხუნდაძეს უკანონოდ აქვს დამატებული.
აღსანიშნავია, რომ უბნის ბიულეტენების ხელახლა გადათვლა არ მომხდარა იმის მიუხედავად, რომ ამას კატეგორიულად მოითხოვდა ცეზარ ჩოჩელი და მისი საარჩევნო შტაბი. ამის მიუხედავად, ამ უბნიდან 16 ხმა ცეზარ ჩოჩელს პოსტ ფაქტუმ მიაკუთვნეს, უბნის შედეგების ხელახლა გადათვლის გარეშე...
ვიდეოებში სხვა კურიოზებიცაა: მაგალითად, პარლამენტის დეპუტატები ერთერთ უბანთან, რომლებიც ხუნდაძის სასარგებლოდ აგიტაციას ეწევიან, რაც აშკარა კანონდარღვევაა, ასევე, გადაღებულია მცხეთის მერის მოადგილე მადონა ჯიქია, რომელიც დამკვირვებლის სტატუსითაა წარმოდგენილი, ერთ ვიდეოში ბიულეტენებს ითვლიან, მაგრამ არ ამბობენ, ვინ რამდენი ხმა მიიღო. კიდევ სხვა ვიდეოში კი 12 ბიულეტენი, რომელიც საღი და უვნებელია, საერთოდ გაბათილდა.
დარღვევების ვიდეოარქივი