
სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი-2"-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს პრემიერმინისტრს პასუხობს. შეგახსენებთ, პრემიერმა "რუსთავი 2"-ს თანამშრომლის ძმისთვის წაყენებულ ბრალდებაზე - ტაქსის მძღოლის დაყაჩაღებაზე ისაუბრა და მედიას ამ ფაქტის იგნორირება შეახსენა.
ნიკა გვარამიას განცხადებით, პროკურატურისა და სასამართლოს მიუკერძოებლობას ეჭვქვეშ აყენებს ის ფაქტი, რომ ქვეყნის პრემიერმინისტრმა დაწვრილებით იცის არასრულწლოვანისთვის წაყენებული ბრალდება, კარგად იცის არამარტო პირველი ინსტანციის, არამედ სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, ამასთან ის არღვევს არასრულწლოვანის უდანაშაულობის პრეზუმპციას და ასახელებს მას დამნაშავედ.
ნიკა გვარამია იხსენებს ასევე მოსამართლის ცინიკურ ფრაზასაც, როცა მან განაცხადა, რომ იმედია, "რუსთავი-2" არ იტყვის, ამ ახალგაზრდას ტაქსის მძღოლი "ჩაუდესო", რაც, გვარამიას განცხადებით, ცინიკოსობასთან ერთად იმის დადასტურებაცაა, რომ მოსამართლე მიკერძოებული იყო:
"პრემიერის დღევანდელმა კომენტარმა, საიდანაც გამოჩნდა, რომ უმცირეს დეტალებამდე იცნობს ჩვენი ჟურნალისტის არასრულწლოვანი ძმის სისხლის სამართლის საქმის დეტალებს, დაადასტურა, რომ ხელისუფლებას განსაკუთრებული და უკანონო ყურადღების ქვეშ ვყავართ ყველა რუსთავი2ელი და ეს კონკრეტული საქმეც მოტივირებული დევნაა ბრალდებულის წინააღმდეგ. მოტივაცია - რუსთვი 2", - დაწერა მოგვიანებით ნიკა გვარამიამ "ფეისბუქზე".