-
2014-09-25 06:34
„საქინფორმის“ მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგაშვილი აცხადებს, რომ ოკუპაციის მსხვერპლთა ხსოვნის სიმბოლო - ყაყაჩო მის პიჯაკზე, სინამდვილეში ნარკოდილერებისთვის განკუთვნილი საიდუმლო ნიშანი და ახალი, „ყაყაჩოების რევოლუციის“ სიმბოლოა, რომელსაც სააკაშვილი გეგმავს.
ამის შესახებ ხიდირბეგაშვილმა თბილისში გამართულ სამეცნიერო-პრაქტიკულ კონფერენციაზე „კიევის მაიდანი: გაკვეთილები სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისათვის“ სიტყვით გამოსვლისას, 23 სექტემბერს განაცხადა.
„ყაყაჩოს ყვავილი სააკაშვილის პიჯაკის სამკერდულზე ეს ნარკოდილერებისათვის განკუთვნილი საიდუმლო ნიშანი და ამავდროულად, ახალი „ფერადი“ – „ყაყაჩოების რევოლუციის“ სიმბოლოა, რომელიც მოხდება, მათ შორის, პრემიერი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს გავლით შეწყვეტილი ავღანური ყაყაჩოს ტრანზიტის აღდგენის მიზნით!“, - თქვა მან.
შეგახსენებთ, სააკაშვილის ყაყაჩოს სამკერდულით ბიძინა ივანიშვილიც დაინტერესდა, როცა ის ჯერ კიდევ პრემიერმინისტრი, სააკაშვილი კი - პრეზიდენტი იყო:
"რა გიკეთია გულზე ეს? სად იშოვე?", - ჰკითხა მან მიხეილ სააკაშვილს, როცა ორივენი საქართველოში შემოსული ამერიკული ხომალდის დასათვალიერებლად მიიწვიეს.