-
2014-09-23 00:29
,,ქართული ოცნების" ხელისუფლებაში ორწლიანი ყოფნის შემდგომ სულ უფრო თვალშისაცემია ის ღრმა პოლიტიკური კრიზისი, რომელშიც ეფლობა საქართველო. სხვანაირად არც შეიძლება ყოფილიყო,”- აცხადებს საფრანგეთში მცხოვრები პოლიტოლოგი და ისტორიკოსი გიორგი მამულია ,,აქცენტთან“ საუბრისას.
მისი თქმით, ამ ხნის მანძილზე მიმდინარე მოვლენებს აკვირდებოდა და შეფასებისგან თავს იკავებდა, თუმცა ახლა ხმამაღლა ამბობს, რომ სისტემა, რომელიც ახალმა ხელისუფლებამ შექმნა ქაოსს გამოიწვევს. გამოსავალს კი ახალ პოლიტიკურ ალიანსში ხედავს, რომელიც დააბრუნებს საზოგადოებაში სახელმწიფო ინსტიტუტებისადმი პატივისცემას.
,,ქვეყანაში პოლიტიკური სივრცის და მისი მოთამაშეების მოსახლეობის თვალში სრული დეგრადაცია-დისკრედიტაციის შედეგად აუცილებლად შეიქმნება სახელისუფლებო ვაკუუმი, რის პირველ ნიშნებს, სხვათაშორის, მე უკვე ვხედავ კრიმინალის დონის მკვეთრ ზრდაში და საერთო ქაოტურ გამოვლინებებში,“– აცხადებს ის.
გიორგი მამულია პრეზიდენტისა და პრემიერის ურთიერთობებსაც განიხილავს და მათ დამოკიდებულებას ,,პროვინციულ და ბანალურ ინტრიგას“ უწოდებს. ,,უცხოელები კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რომ საქმე აქვთ ღრმად პროვონციალურ და ბანალურ ინტრიგასთან (განსაკუთრებით მთავრობას რაც შეეხება). პრეზიდენტიც და პრემიერ-მინისტრიც, რომლებიც ამავე დროს ერთი და იგივე პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები არიან, დაკავებულები არიან საკმაოდ მდაბიო დონის ურთიერთობების გარკვევებით იმის შესახებ, ვინ უნდა გაემგზავროს გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე და ა. შ.
პრინციპში, ეს ინტრიგაც გვიჩვენებს, თუ რამხელა დეგრადაცია განიცადა საქართველოს პოლიტიკურმა სივრცემ ივანიშვილის მოქმედებების გამო,“–აცხადებს პოლიტოლოგი. მისი თქმით,ივანიშვილისადმი მისი გუნდის ყოფილი წევრების, ახლა კი უკვე მთავრობის წევრების დამოკიდებულება ძალიან ჰგავს ბრეჟნევისა და ცკ–ს მდივნების ურთიერთობას:
,,უშუალო და უმთავრესი. დააკვირდით თუნდაც იმ ფაქტს, თუ როგორი საჩვენებელი სიბეჯითით და ერთგულებით ხმარობენ პრემიერ-მინისტრი და მთავრობის სხვა წევრები სიტყვა-სიტყვით იგივე ტერმინოლოგიას, რომლითაც სარგებლობს ივანიშვილი.
საკმარისია "პირველ მოქალაქეს" ეხმარა სიტყვა "კონკურენცია", რაც ის ერთხმად ატაცებულ იქნა მთავრობის თითქმის ყველა წევრის მიერ. პირადად მე, როგორც ისტორიკოსს, ასეთი მლიქვნელობა ძალიან მაგონებს სსრკ-ს პერიოდს, როცა ტერმინოლოგია, რომელსაც ხმარობდა მოსკოვში ბრეჟნევი სავალდებულო იყო რესპუბლიკების ცკ-ს პირველი მდივნებისათვის და მთლიანად უმაღლესი პარტიული ნომენკლატურისათვის... „– ამბობს მამულია.
მისივე თქმით, ივანიშვილის კრიტიკული დამოკიდებულება პრეზიდენტისადმი გამოწვეულია იმით, რომ მარგველაშვილმა გაუბედავი, თუმცა დამოუკიდებელი ნაბიჯი გადადგა, როცა განაცხადა, რომ რუსეთს 2008 წლის ომის გამო საკმარისად არ გადაუხდია. მამულიას თქმით, ხელისუფლება ზოგადად არაადეკვატურია რუსეთის მიმართ და ეს რუსეთ–უკრაინის კრიზისის დროს მკვეთრად გამოიხატა.
,,არანაკლებ არაადეკვატურია მთავრობის პოლიტიკაც რუსეთის მიმართ სანქციებთან დაკავშირებით. იმ დროს, როდესაც ევროკავშირის ხელმძღვანელობა საგანგებოდ სთხოვდა სხვა ქვეყნებს თავი შეეკავებინათ რუსეთში საქონლის შეტანისაგან და არ ესარგებლათ შექმნილი ვითარებით, ღარიბაშვილის მთავრობა ერთ-ერთი პირველთაგანი იყო, ვინც გამოთქვა სურვილი პუტინის რუსეთთან სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების ზრდით, რაც, ობიექტური თვალსაზრისით, ძირს უთხრის სანქციების კურსს.
მე უკვე არაფერს ვამბობ იმაზე, თუ რამდენად არამეგობრულია ეს აქტი ჩვენი მოძმე უკრაინელი ერის მიმართ. ყოველივე ამის შემყურე მექმნება შთაბეჭდილება, რომ პრემიერ-მინისტრის პოსტზე ღარიბაშვილი იქცევა არა როგორც სუვერენული სახელმწიფის მთავრობის მეთაური, არამედ როგორც წუწკი გლეხი, რომლის თვალთახედვა არ სცილდება საკუთარ ბოსტანს,“–აცხადებს მამულია ,,აქცენტთან“ ინტერვიუში.