6 ნოემბრის სასამართლოზე ვანო მერაბიშვილის განცხადების სრული ტექსტი

Image

5 ნოემბერს, სასამართლოში ვანო მერაბიშვილის პროცესზე, ყოფილი პრემიერი ვრცელი სიტყვით წარსდგა.

 

 

რადიო "აფხაზეთის ხმის" საინფორმაციო სამსახური განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

 

"2004 წლის ბოლოს, როდესაც შინაგან საქმეთა მინისტრი გავხდი, მე, ისევე როგორც საქართველოს მოქალაქეთა უმეტესობას, ქართულ პოლიციასა და პოლიციელებზე ჩამოყალიბებული აზრი გამაჩნდა - ეს იყო არშემდგარი სახელმწიფოს ყველაზე ბნელი და საშინელი სტრუქტურა.

 

ეს სამინისტრო ასოცირდებოდა ადამიანების მასობრივი გატაცების და ფულის გამოძალვის ფაქტებთან. გამოსასყიდის მიღების მიზნით ადამიანებს იტაცებდნენ თბილისის ქუჩებიდანაც კი, თითქმის საჯაროდ, რაც ხშირად მძევლების გარდაცვალებით მთავრდებოდა. მაგალითისთვის შეგვიძლია გავიხსენოთ რამდენიმე გახმაურებული ფაქტი: 2002 წელსწყნეთიდან გატაცებული 14 წლის მარიამ გოგინაშვილი, კახა კალაძის ძმის გატაცება, ბრიტანელი ბანკირის პიტერ შოუს გატაცება, ესპანელი და არაბი ბიზნესმენების გატაცება, პეტრე ცისკარიშვილის და მისი მეგობრის გატაცება და სხვა. მაშინ არც ერთი ეს საქმე არ იქნა გახსნილი და მათი უმეტესობა სწორედ მაშინდელ შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ასოცირდებოდა.

 

ბოლო წლების ყველაზე დიდი სენი ნარკოტიკების მასობრივი გავრცელება იყო. არც ერთ ქვეყანაში ეს პრობლემა ისე დრამატულად არ იდგა, როგორც საქართველოში. 90-იანებიდან მოყოლებული, საქართველოში ბევრი ოჯახისთვის ეს პრობლემა მთავარ ტრაგედიად იქცა. მაშინ, 2004 წელს ყველამ იცოდა, რომ ნარკოტიკების გავრცელებას სწორედ შსს კურირებდა.

 

უფრო მეტიც, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში, მათ შორის ბევრი ძალოვანი სტრუქტურის ხელმძღვანელი თავად იყვნენ ნარკოტიკების დეკლარირებული მომხმარებლები. დღეს, ბევრი მათგანი ამ სტრუქტურებში ხელმძღვანელ თანამდებობებზე დაბრუნდნენ. მათი გვარები დასახელები ყველამ მშვენივრად ვიცით. ამასთან, ყველაზე მძიმე იყო ის რეალობა, რომ ნარკოტიკების მოხმარება ახალგაზრდებში დასაძრახის ნაცვლად მისაბაძი მაგალითი იყო. შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფი, ე.წ. „ობეხეესი“ წილს იღებდა ყველა საწარმოდან (დღეს ახალგაზრდების უმეტესობამ არც კი იცის ამ ტერმინის - „ობეხეესის“ მნიშვნელობა). თითქმის ყველას დაგვავიწყდა თუ როგორ ხდებოდა მართვის მოწმობის აღება და მანქანის ან სანომრე ნიშნის გაფორმება. ქრთამის ან ე.წ. „ნაცნობობის“ გარეშე აღნიშნული პროცედურა არავის გაუვლია.

 

ბევრს ჯერ კიდევ ახსოვს ჩვენს გზებზე რამის მათხოვრებად ქცეული „გაიშნიკები“, რომლებიც ღიად და საჯაროდ, თავისუფლების მოედანზეც კი, არ თაკილობდნენ ქრთამის აღებას. ავტომაგისტრალებზე კი ე.წ. „ტეკები“ (კიდევ ერთი გამქრალი სიტყვა ქართული ლექსიკონიდან) პრაქტიკულად საბაჟოებად იყვნენ ქცეული. ბუჩქებიდან გადმომხტარ „გაიშნიკებთან“ დავა მგზავრობის თანმდევი აუცილებელი მოვლენა იყო. მახსოვს, 2002 წელს ბათუმიდან თბილისამდე მგზავრობისას პოლიციამ უმიზეზოდ 37-ჯერ გამაჩერა და მხოლოდ პარლამენტის წევრობამ გადამარჩინა.

 

„კანონიერი ქურდები" ლამის ღიად მართავდნენ ქვეყანას. ჩემი თაობის ადამიანების უმრავლესობას ემახსოვრება ე.წ. „კაი ბიჭებისთვის“ „ობშიაკების“ შეგროვების და ქურდული გარჩევების საშინელი და დამამცირებელი ფაქტები. ხალხის მეხსიერებაში ამის ყველაზე სიმბოლურ ნიშნად პატიმარ „კანონიერ ქურდ“ ქურასბედიანის, იგივე „წრიპას“ ბოლო ბანაობა დარჩა. თუმცა, დღეს აღარ ვარ დარწმუნებული, რომ ეს მათი ბოლო ბანაობა იყო. ეს იყო დრო, როდესაც კარგი სახლები მხოლოდ ქურდებსა და პოლიციელებს ჰქონდათ. პოლიციის „რეიდებზე“ და არა მარტო „რეიდებზე“ მოქალაქეთა „შეყენება“, განყოფილებაში წაყვანა, მათი ოჯახებიდან ფულის მოთხოვნა, ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი იყო. საქართველოში არ იყო, არც ერთი ნორმალური პოლიციის შენობა. პოლიციის შენობების გათბობის ერთადერთი საშუალება აზბესტის მილზე გადახვეული სპირალი იყო. პოლიციის განყოფილებებში ადამიანების წამება და ფულის გამოძალვა ყოველდღიური მოვლენა იყო.

 

პოლიციის განყოფილება ასოცირდებოდა მხოლოდ ნეგატიურთან. ყველაფერ ამას საქართველოში ვეძახდით „ძაღლობას“ და ეს სიტყვაც დიდი ხანია გაქრა ჩვენი ლექსიკონიდან. დაახლოებით ასეთი იყო ბატონო მოსამართლევ, პროკურორებო და დამსწრე საზოგადოებავ, მაშინდელი შეხედულება პოლიციაზე.

 

მაშინ რომ მეთქვა, თუ როგორ პოლიციას გადავაბარებდით ჩვენს შემცვლელებს 2012 წელს, ყველა გიჟად ჩამთვლიდა. მაშინ, როგორც პოსტ-საბჭოთა ქვეყნების მოქალაქეთა უმეტესობას, მეც ვერ წარმოვიდგენდი, რომ პოლიციის რეფორმა შესაძლებელი იყო. რომ შესაძლებელი იყო იმ პოლიციიდან, ამ პოლიციის შექმნა. ამ რეფორმებს უმტკივნეულოდ არ ჩაუვლია და ათასობით მაშინდელმა პოლიციელმა, იშვიათ შემთხვევებში უსამართლოდაც, დაკარგეს სამსახური, სოციალური სტატუსი და სხვა სიკეთე. თუმცა, მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემებისა, რომელიც შევარდნაძის ეპოქას თან ახლდა, ჩვენ არც ერთი პოლიციელი შევარდნაძის დროს ჩადენილი დანაშაულისთვის, ხაზს ვუსვამ - არც ერთი, პასუხისგებაში არ მიგვიცია. ეს იყო ჩვენი პოლიტიკა.

 

ჩვენ უფრო დიდი ამოცანების გადაჭრა დავისახეთ. მე და ჩემმა მეგობრებმა, ისტორიული გამოცდილების გათვალისწინებით ვიცით, რომ რეფორმები ყოველთვის არაპოპულარულია. ყველა რეფორმიდან სარგებელს იღებს ზოგადად საზოგადოება, თუმცა მათ ჰყავთ კონკრეტული დაინტერესებული მოწინააღმდეგეები. ასევე, პოლიციის რეფორმისას, მოქალაქეთა უმეტესობამ იგრძნო კონკრეტული სიკეთე, ხოლო რეფორმისგან დაზარალებული ჩინოვნიკები კი რეფორმის ავტორების პირადი მტრები გახდნენ. ეს არ არის მხოლოდ ქართული მოვლენა. ეს მსოფლიო ისტორიის მთავარი გაკვეთილია. ბევრი შევარდნაძის დროინდელი ყოფილი ჩინოვნიკი დაბრუნდა დღევანდელ ხელისუფლებაში და ჩვენს წინააღმდეგ წარმოებულ საქმეებს სწორედ ისინი კურირებენ.

 

ქვეყნის დღევანდელი ხელისუფლება მძიმე მდგომარეობაშია. ხალხი მათ ცხოვრების გაუმჯობესებისთვის კონკრეტულ შედეგებს სთხოვს. ხელისუფლებას ეჩვენება, რომ ჩვენი და მათ შორის ჩემი აჩრდილი დადის პოლიციაში და ამ აჩრდილის წინააღმდეგ ბრძოლის ერთადერთ საშუალებად ჩემი და ჩემი მეგობრების დისკრედიტირება, დამცირება და შეშინება დაისახა. ეს კანონზომიერია. მაგრამ მე დღეს მინდა ხაზი გავუსვა ერთ ცუდ გარემოებას. დღეს არა მარტო ჩემი, რაც კიდევ ერთხელ ვიმეორებ გასაგები იქნებოდა, არამედ სხვა დაბალი თანამდებობის პოლიციელების წინააღმდეგ მასობრივი დევნა ხორციელდება. ყველას ის ადამიანი, ვინც ხაზგასმით და დემონსტრაციულად არ გვემიჯნება, ხდება რეჟიმის მსხვერპლი.

 

მინდა მივმართო იმ პოლიციელებს, რომლებიც დღეს ხელისუფლების ზეწოლას განიცდიან. მინდა მადლობა გადავუხადო, რომ ჩვენთან ერთად დაიჯერეს და გააკეთეს ყველაფერი, რომ ქვეყანა უკეთესობისკენ შეცვლილიყო. შეცვალეს პოლიცია, მოახდინეს საკუთარი თავის თვითრეალიზაცია, თუმცა ამავე დროს უარი თქვეს იმ მატერიალურ სიკეთეზე, რაც შევარდნაძის ეპოქის ნორმა იყო. 2012 წელს ჩვენ გვყავდა საზოგადოების მხრიდან მთელს მსოფლიოში ყველაზე მაღალი ნდობით აღჭურვილი პოლიცია. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი და თითქმის შეუძლებელიც კი ამ მიზნის მისაღწევად.

 

მაგრამ მე ვერ შევძელი ყველაზე მთავარი - მე ვერ დავიცავი ქართველი პოლიციელები. ვერ დავიცავი როგორც ისინიც, ვინც არ გატყდა და ამიტომ მათ წინააღმდეგ საქმეები აღიძრა და ვერ დავიცავი ასევე ისინიც, ვინც გატყდა და პროკურატურის დავალებით ცრუ ჩვენებებს იძლევიან. მე ბოდიშს ვუხდი მათაც, ვინც განსასჯელის სკამებზე სხედან და მათაც, ვინც მათ წინააღმდეგ ჩვენებებს იძლევიან.

 

თქვენ არ შეგშინებიათ მტრის და უკან არასოდეს დაგიხევიათ. თქვენ არ შეგშინებიათ ასლან აბაშიძის რაზმების და მათი მხარდამჭერი რუსული ბაზების, როდესაც აჭარაში შევდიოდით. და ჩვენ შევინარჩუნეთ აჭარა.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენთან ერთად ყოფნა!

 

თქვენ არ შეგშინებიათ, როდესაც კანონიერ ქურდებთან ნამდვილი ომი გვქონდა. თქვენ ხომ მაინც გახსოვთ რამდენი მძიმე განსაცდელი გადავიტანეთ და რა ძნელი იყო ეს გამარჯვება. ირაკლი ფირცხალავას და მის მეგობრებს ეს ძალიან კარგად ახსოვთ. მინდა მოგმართოთ თქვენ და გითხრათ

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!

 

მახსოვს, როგორ არ შედრკით კოდორის ოპერაციის დროს. მე დღესაც არ მავიწყდება ის გმირი პოლიციელები და ჯარისკაცები.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!

 

მახსოვს რამდენი მსხვერპლის გაღება მოგვიწია საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ომამდე, ომის დროს და ომის შემდგომ, მუდმივი სროლების, დივერსიული აქტების და დაბომბვების ფონზე ჩვენი მოქალაქეების დაცვის დროს. რამდენი გმირობა გამოიჩინეთ ზუგდიდში, სენაკში, ფოთში, გორში, ქარელში და ხაშურში რუსული ჯარების მიერ ამ რაიონების ოკუპაციის დროს. საზოგადოებამ არ იცის და ალბათ ვერც ვერასოდეს გაიგებს რამდენი რამის გაკეთება მოგვიწია ჩვენი მოქალაქეების დასახმარებლად და ღირსების შესანარჩუნებლად.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით ყოფნა!

 

მახსოვს რამდენი შრომა დაგვჭირდა უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების გავლენიდან გამოსასვლელად. ჩვენ გავაჩინეთ განცდა, რომ საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ისინი აქ დაუსჯელად ვერ იპარპაშებენ. რომ ქვეყნის ღალატი სულაც არ არის საამაყო. მართალია დღეს საქართველოს ციხეებში არც ერთი უცხო ქვეყნის აგენტი აღარ დარჩა და ისინი ამნისტიით გაათავისუფლეს, მაგრამ ამაზე გულს ნუ გაიტეხთ. თქვენ შექმენით პრეცედენტი, რომელიც მომავალი საქართველოსთვის წესად იქცევა. ბევრი შემიძლია ვისაუბრო თუ რამდენი ენერგია და ინტელექტი გაიღეთ, რომელიც თქვენ ჯერ სათანადოდ არ დაგიფასდათ. თქვენ ხომ ამას ჩვენი ქვეყნისთვის, ანუ ყველა ჩვენგანისთვის აკეთებდით.

 

ჩემთვის პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!

 

არასოდეს დამავიწყდება, როდესაც მართვის მოწმობების აღების, ავტომობილების და სანომრე ნიშნების სწრაფად გაფორმების სადემონსტრაციოდ უცხოელები მიგვყავდა მომსახურების სააგენტოში, როგორ ამაყობდნენ იქ მომუშავე გოგოები და ბიჭები, რომ ჩვენ მსოფლიოში ყველაზე სრულყოფილი სისტემა გვქონდა.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!

 

ძალიან ბევრი გმირული ქმედებები განვახორციელეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში სეპარატისტულად განწყობილი რადიკალების წინააღმდეგ. ჩვენ ხომ ვიცით რამდენად რთული იყო ყველა პოლიტიკური და საერთაშორისო გარემოებების გათვალისწინებით მოქმედება. რამდენი სიფრთხილე და მოთმინება იყო საჭირო, რომ ქვეყნიდან უმტკივნეულოდ გასულიყო რუსული ბაზები და საქართველოში დამატებით ცხელი კერები არ გაჩენილიყო. თქვენ წარმატებით გაართვით თავი ამ ამოცანას.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!

 

პოლიციელებისთვის ყველაზე რთული მაინც მოკრძალებული ხელფასების ფონზე ოჯახებში ყოველდღიური პრობლემების ღირსეულად გადატანა იყო. ოჯახის წევრებისთვის ბევრ მატერიალურ სიკეთეზე უარის თქმა გიწევდათ. ყველა თქვენგანს დიდი საბანკო ვალები დაგრჩათ. მიუხედავად გავრცელებული სტერეოტიპისა, რომ პოლიციელს მისი ხელმძღვანელობა ეხმარებოდა სოციალური პრობლემების მოგვარებაში, ჩემზე კარგად ვინ იცის, რომ ეს გაზვიადებული იყო და რეალურად ოჯახში მატერიალური და ჯანმრთელობის პრობლემების წინაშე ხშირად მარტონი რჩებოდით. ადვილია ერთჯერადი გმირობის ჩადენა, განსაკუთრებით თუ ამას დაფასება მოჰყვება.

 

გაცილებით ძნელია გმირობის ტოლფასი ყოველდღიური რუტინული შრომა, რომელიც შეუმჩნეველი რჩება. მინდა მივმართო ერთ ჩვეულებრივ პოლიციელს, თბილისის პოლიციის სამმართველოს უფროსის მოადგილეს, ზაზა ჭაიას. ის ჩემამდეც მუშაობდა პოლიციაში, ჩემს დროსაც და წესით ჩემს შემდეგაც უნდა ემუშავა. მას არასოდეს უტრაბახია. არც მე და არც არავის მისი საქმიანობა არასოდეს გამოგვირჩევია. ის ჩემი პირადი მეგობარი არ ყოფილა. იგი რეალურად პოლიციაში ცხოვრობდა თავისი ახლობლებისა და ოჯახის წევრების ხარჯზე. მთელს თავის ენერგიას სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას ახმარდა.

 

ის ჩართული იყო ყოველდღიურ რუტინაში. ალბათ ბედნიერი იყო, რომ საყვარელ საქმეს აკეთებდა და ამით ახდენდა საკუთარი თავის თვითრეალიზაციას. ის არც ორდენებს იღებდა, არც პრეზიდიუმში იდგა აღლუმების დროს და არც ქვეყნის ხელმძღვანელობა იყენებდა მას როგორც მაგალითს. დღეს ეს ადამიანი პირადი შურისძიების მსხვერპლი გახდა. მან არნახული სიმტკიცე და გმირობა გამოიჩინა. მე მინდა ვთხოვო მას, რომ მომცეს უფლება მომავალში მისი მეგობარი ვიყო.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო შენთან ერთად ყოფნა!

 

მინდა მივმართო კარალეთის სპეცდანიშნულების რაზმის ერთ-ერთ წევრს. მის გვარს სპეციალურად არ ვასახელებ. მან ჩემი აზრით ყველაზე დიდი გმირობა ჩაიდინა, რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ეს ამბავი მხოლოდ ჩვენ ორმა ვიცით. ეს ადამიანი ჩემთვის ყოველთვის დარჩება როგორც გმირობის ეტალონი. მისი მაგალითი ძალას მმატებდა წლების განმავლობაში და მისი გმირობა არასოდეს წაიშლება ჩემი მეხსიერებიდან. იგი იმსახურებს ყველაზე დიდ სიკეთესა და პატივისცემას, რაც კი შეგვიძლია გამოვხატოთ მის მიმართ. მე მინდა მასაც ვუთხრა რომ

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო მის გვერდით ყოფნა!

 

მინდა მივმართო პატრულის თანამშრომლებს, რომელთა საქმიანობაზე ლამის ლეგენდებს ჰყვებოდნენ, როგორც ჩვენს ქვეყანაში, ასევე საზღვარგარეთაც. თქვენ, საზოგადოებისთვის უცნობო პოლიციელებო, დაანგრიეთ მითი, რომ პოლიცია არ შეიძლება ხალხს უყვარდეს.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით ყოფნა!

 

რუსულმა გრუ-მ ორი კონკრეტული პოლიციელის დაპატიმრებაზე ან ლიკვიდაციაზე საკმაოდ დიდი ჯილდო დააწესა. ისინი ზუგდიდში დისლოცირებული დანაყოფის ხელმძღვანელები იყვნენ - დიმიტრი კორძაძე და რომა შამათავა. ისინი ჩემამდეც მუშაობდნენ ამ სისტემაში. კორძაძე აჭარაში ასლან აბაშიძის რაზმის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც იყო და 2004 წლიდან საქმიანობა ზუგდიდში განაგრძო.

 

მე ვერ დავიცავი დიმიტრი კორძაძე, რომელიც 2010 წელს ქართველმა კრიმინალებმა რუსული ფულის სანაცვლოდ ბათუმში ააფეთქეს. მინდა ბოდიში მოვუხადო მის ოჯახს, რომ მე იგი ვერ დავიცავი. მინდა ბოდიში მოვუხადო რომა შამათავასაც, რომელიც დღეს უსამართლოდ არის დაკავებული. მე ბევრს არაფერს ვიტყვი ამ ადამიანის შესახებ. ბოდიში, რომ ვერც შენი დაცვა მოვახერხე.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!

 

თუმცა, ყველაზე მეტად რაზეც მე ვნანობ, არის ის, რომ ჩემი მინისტრობის პერიოდში სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპა 40-ზე მეტი პოლიციელი. მე ვწუხვარ, რომ ვერ მოვახერხე მათი დაცვა. მე ბოდიშს ვუხდი მათი ოჯახის წევრებს. მე ბოდიშს ვუხდი 26 მაისის ღამეს რუსთაველის გამზირზე დაღუპული ვლადიმერ მასურაშვილის დედას, ქალბატონ ანას, რომელიც დღეს აქ, ამ დარბაზში იმყოფება.

 

ჩემთვის დიდი პატივი იყო მის გვერდით დგომა!

 

მინდა ასევე ბოდიში მოვუხადო იმ ადამიანებს, რომლებმაც წლების განმავლობაში გაუძლეს უდიდეს განსაცდელს, არ შეეშინდათ ტყვიის, ტერორის, მაგრამ დღეს გატყდნენ და იძულებული გახდნენ მათი თანამებრძოლების წინააღმდეგ მიეცათ ჩვენება. ბოდიში, რომ ვერ გიხსენით ამ ყველაზე დიდი განსაცდელისგან.

 

ჩემთვის მაინც დიდი პატივი იყო თქვენს გვერდით დგომა!

 

და ბოლოს, დღეს, როდესაც ბევრი პოლიციელის წინააღმდეგ არის საქმე აღძრული, ბევრი განიცდის ზეწოლას, ბევრის წინააღმდეგ სასამართლო პროცესები ამ შენობაშიც მიმდინარეობს, მადლობელი ვარ განგების, რომ მაქვს პატივი დღესაც თქვენს გვერდით ვიჯდე, თუნდაც განსასჯელის სკამზე!

 

თქვენს გვერდით დგომა ჩემთვის კვლავაც დიდი პატივია!

 

ჩვენ ისტორიის წინაშე ეს პროკურორები ბრალს ვერ წაგვიყენებენ. ვერც ეს სასამართლო, ჩემი დიდი პატივისცემის მიუხედავად, ვერ გაგვასამართლებს ისტორიის წინაშე. ჩვენ ყოველთვის ვიამაყებთ ამ ეპოქით, რომ გავაჩინეთ პირველი პრეცედენტი პოლიციის რეფორმირების. ჩვენი განაჩენი ისტორიამ უკვე გამოიტანა. არც ჩვენს წინამორბედებს და არც ჩვენს შემცვლელებს ბედმა არ არგუნა ეს ბედნიერება.

 

წლების შემდეგ არავის ემახსოვრება არც პროკურორის სიტყვა, არც პროკურორის ბრალდება, არც მოწმეების ჩვენებები, არც ჩემი დაცვის არგუმენტები და არც მოსამართლის განაჩენი. ჩვენს საქმიანობას შეაფასებენ ძალიან მოკლედ - „ჩვენამდე“ და „ჩვენს შემდეგ“.

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !