ინტერვიუ თენგიზ კიტოვანთან 1992 წლის 4 იანვარს (ქვეყნდება პირველად)

Image

პროფესორ დოდონა კიზირიას თანხმობით „აფხაზეთის ხმა“ გთავაზობთ ინტერვიუს თენგიზ კიტოვანთან, რომელიც ჩაწერილია 1992 წლის 4 იანვარს, დიდუბის მეტროსთან კანონიერი ხელისუფლების მომხრეთა მიტინგის სისხლიანი დარბევის შემდეგ.

 

დოდონა კიზირიას თქმით, მას გააჩნია ამ ინტერვიუს აუდიოვერსია. ინტერვიუ შედგა ტელევიზიის სახლში, ოთახში, რომელიც დროებით კიტოვანის ოფისად ითვლებოდა:

 

„ინტერვიუს დაწყებამდე არაფერი მითქვამს მისთვის, რომ 22 დეკემბრიდან მოყოლებული ყველა მიტინგს ვსწრებოდი, ყოველ მეორე დღეს სასტუმრო „თბილისადან,“ სადაც შესვლა აკრძალუალი არ იყო, თვალყურს ვადევნებდი, როგორ გამოჰქონდათ ქაშვეთის ეკლესიიდან იარაღი და ტყვიები.

 

ამიტომ საკმაოდ კარგად ვიცოდი, ვინ რა დაიწყო, ვინ სად იდგა, და რამდენი „დახოცილი და მოკლული“ იყო რუსთაველზე მთავრობის სახლის წინ. ისიც ვნახე, როგო მოიყვანეს ორი თუ სამი ქალი იქ ჩახეგილ ავტობუსთან, როგორ უთხრეს ერთ გვარდიელს ავტობუსთან დაწოლილიყო, ვითომ დაჭრილი იყო და ეძახა: „მიშველთ! მიშველთ!“ მერე ვითომ იმ ექიმებმა თუ ექთნებმა უშველეს. ერთი მათგანი სიცილს ვერ იკავებდა. თუ ვისმეს ეს ფირი ნანახი აქვს, დააკვირდით, რამდენად „რეალისტურია“ ის ფარსი.

 

მაგრამ მე მაინტერესებდა, თვით კიტოვანი რას იტყოდა. მისი სტილი ზუსტად არის დაცული, არავითარი შესწორებები. სასვენი ნიშნები, რასაკვირველია, ჩემი დასმულია. მსურველებს ან ურწმუნო თომებს შემიძლია წარვუდგინო აუდიო ჩანაწერი. 

 

დოდონა კიზირია: ბატონო თენგიზ, როგორ ფიქრობთ, რამდენ ხანში შესძლებთ მთავრობის სასახლის აღებას?

 

თენგიზ კიტოვანი: ჩვენ, რომ გითხრათ, არც ვაპირებთ მთავრობის სასახლის აღებას, იმიტომ რომ შეიძლება მაგას მოყვეს ძალიან დიდი სისხლისღვრა. ჩვენ გვინდა მაინც მშვიდობიანად გადაწყდეს ეს პრობლემები და ბატონმა ზვიადმა დათმოს თავისი პოზიციები. დროა, მე მგონი, რომ თვითონაც გონს მოეგოს სუყველა, რომ ეს ომი ბატონ ზვიადს წაგებული აქვს. წაგებული აქვს ძალიან მაგრად. მე არ ვიცი, მაგას ვინ აგულიანებს იქ, რომ ჩამოუვა რაიონიდან დამხმარე ძალები, „წყალწაღებული ხავსს ეჭიდებოდაო,“ ეგ მაგის სიმღერაა.

 

დკ: ბატონო თენგიზ, აი, თქვენი სამხედრო აქციის დაწყება მთავვრობის სასახლის წინააღმდეგ, ჩაფიქრებული იყო თუ მოულოდნელი, შემთავევითი?

 

თ.კ: ეს იყო სრულიად შემთხვევითი. ბატონ თენგიზს (სიგუას - დ.კ.) აცილებდა დაცვა, 26-8 კაცი. ჰოდა, ის ბავშვები იწვნენ იქა, გაწიეს და გამოწიეს ეს ავტობუსები. აქედან შეერთება უნდა მომხდარიყო მიტინგის და, რაც ხალხმა მოითხოვა... ესე იგი, დილის რვა საათზე და ოთხ წუთზე ზუსტად დაფიქსირებული იყო მთავრობის, ხელისუფლების დამცველებმა ცეცხლი გაუხსნა პირდაპირ ესე იგი, ჩვენს ბავშვებს, მოქალაქეებს, მთლიანად ვინც იყო იქ. დახოცილია ბავშვები მანქანებში, დაჭრილები, ქალები, თვითონ მილიციის თანამშრომლები. ამას მოყვა ნელ-ნელა ჩათრევა ძალები და იმის...

 

თორემ საერთოდ არავინ არ აპირებდა ამ შტურმს და ამ დაბომბვებს და იმან... ესე იგი, ეს მოხდა და, მე როგორც ვიცი, ბატონი ზვიადი წინა ღამეს ელაპარაკა, ესე იგი, მარშალ შაპოშნიკოვს და თხოვა დახმარება იმისი, რომ ჯარი დადგომოდა გვერდზე. დილა რომ დაიწყო, ალბათ იმედი ჰქონდა, რომ დაეხმარებოდა, მაგრამ დილას მიიღო უარი. მაგ უკვე ჩათრეული იყო და უკან გამოსვლა აღარ შეიძლებოდა და... იმიტომ რომ ბევრი ხალხი იყო დახოცილი და დაჭრილი.

 

დ.კ: გავიგე ასეთი ბრალდება, რომ თქვენი ჯარისკაცების შემადგენლობაში არიან დაქირავებული არაქართველები, რუსები, შუააზიელები და ასე შემდეგ. რას იტყოდით ამაზე? 

 

თ.კ: თუ თქვენ ერთ რუსს ნახავთ ან შუააზიელს, მე დავშლი დიდი სიამოვნებით გვარდიას. 

 

( აქ პატარა გადახვევას გავაკეთებ. 7 იანვარს იმავე ტელევიზიის სახლში ინტერვიუ ავიღე თენგიზ სიგუასთან, მგონი მეორე სართულზე, ჰოლში. ოთახში ჯგუფ-ჯგუფად ისხდნენ მისი მცველი ჩრდილო კავკასიელები, რომლებიც მხოლოდ რუსულად ლაპარაკობდნენ. ერთ მათგანს, მისი სიტყვით მეცხვარეს, ბედნიერი ღიმილით და საქმის ცოდნით, ეარშიყებოდა ერთერთი ცნობილი პუტჩისტკა. არ მიყვარს ეს სიტყვა, მაგრამ სხვა არ ვიცი, რა ვიხმარო ამ შემთხვევაში. დ.კ)

 

დ.კ: ბატონო თენგიზ, გუშინდელი დიდუბის მიტინგის დაშლა თქვენი ბრძანები იყო თუ ვინმე ზემდგომი პირის?

 

თ.კ: ეს იყო, სხვათა შორის, პროვოკაცია იგივე მილიციის თუ აი, იმ ბრონირებულ მანქანის, რომელსაც გადააქვთ, ესე იგი, ფული და ოქროულობა, იმ მანქანიდან დაიწყეს სროლა. სხვათა შორის, ეგეთი მანქანა მე არა მყავს. ეს ყავს სპეციალურ სახელმწიფო ორგანოებს. იქედან დაიწყო პირდაპირ ცეცხლი. ამან გამოიწვია, ესე იგი, შეტაკება იქა, თუ ვინც იყო იქა, მოედანზე. ყველა ნახავდა. რომ ბრონირებული მანქანიდან...

 

არ ვიცი. მე მგონი რომელიღაც პრეფექტის ან იმის თანხლებით დაიწყეს, ესე იგი, მომიტინგეების სროლა. ამან გამოიწვია, კიდევ ერთხელ, პროვოკაცია, რათა შეელახათ სახელი ოპოზიციისათვის - ნახეთ, ოპოზიცია როგორ შლის მიტინგებს. მით უმეტეს მიტინგები და... ის აკრძალული გვაქვს დროებით, რადგან საკომენდანტო საატაია გამოცხადებული თბილისში და მთლიანად საქართველოში. 

 

დ.კ: ესე იგი, ამ მიტინგის ადგილზე წინასწარ იყვნენ გაგზავნილი ჯარისკაცები, რათა დაეცვათ წესრიგი?

 

თ.კ: არა, იყვნენ გაგზავნილი მეთვალყურეები, რათა ეთვალთვალათ, როგორ მიდიოდა მიტინგი. მიტინგის ჩაშლას და დარბევას არავინ აპირებდა, მარა, აი, ის მანქანა, რომელმაც გააკეთა პროვოცირება... ტანკის მანქანა, ვიტყოდი მე, რომელსაც საკმაოდ სქელი კედლები აქვს და ბრონირებულია... აი, იმან დაიწყო ყველაფერი. დაფიქსირებულია პლიონკაზე და ალბათ ჩვენი მოსახლეობა ნახავს ზუსტად, ვინ დაიწყო და როგორ დაიწყო.

 

(აქაც მოკლე გადახვევას გავაკეთებ. გინახავთ ის „პლიონკა“? საბედნიეროდ, ეს სურათი ერთმა ინგლისელმა ოპეერატორმაც გადაიღო - მხედრიონელები რომ თამაშ-თამაშით ესვრიან პირდაპირ უიარაღ ხალხს, როგორ კვდება კამერის წინ ერთი სულ ახალგაზრდა ბიჭი და რას ლაპარაკობს შემდეგ კადრში მისი უბედური დედა. თუ არა, უსათუოდ მოიძიეთ და ნახეთ. ეს ჩვენი ისტორიაა. დ.კ.) (დიდუბის მიტინგის დახვრეტის ამსახველი ვიდეო ინტერვიუს თან ერთვის, - რედ.)

 

დ.კ: ბატონო თენგიზ, არის თუ არა მოსალოდნელი, რომ ზვიად გამსახურდიას მხარდამჭერი ძალები თბილისში და სხვა რაიონებში გაუწევენ სამხედრო წინააღმდეგობას თქვენი გვარდიის წარმომადგენლებს?

 

თ.კ: რასაკვირველია, არის ეგ საშიშროება და არის კიდევაც და ეწინააღმდეგებიან... ესე იგი, უფრო მეტი დასავლეთ საქართველოს მეგრული ძალის წარმომადგენლები არიან, რომლებსაც გონიათ, რომ თუ ბატონი ზვიადი გადადგა, სამეგრელოს რაღაც საშინელება ელის... ისეთი... ისა... ნუ არიან ფანატიკები, რასაკვირველია, მაგრამ ცოტა. ეგენი დიდხანს ვერ იფარფაშებენ... უფრო სწორად, ჩვენ მოვუწოდებთ მაგათ წესრიგისკენ.

 

მილიციის სკოლა და 98% მილიციონერები, 17 ათასიანი ჯარი გადმოსულია ჩვენს მხარეს... მხარს უჭერს სუყველაფერს... საერთოდ ქართველ ხალხს მობეზრდა უკვე ამდენი ომი და ამდენი მიტინგები და... მე მგონი, რომ საქართველოში უნდა აღდგეს წესრიგი და დაიწყოს ნორმალური ცხოვრება, როგორც ჭირდება ქართველ ერს.

 

ყველას უნდა, რომ ხალხი თავისი ბავშვებით გარეთ გამოდიოდეს, შეწყდეს ყოველგვარი ყაჩაღობა, მძარცველობა, ძალადობა და... აი ესენი ხდება და მოვუწოდებთ სუყველას... ალბათ დიდხანს, დიდხანს მოგვიწევს მაგასთან ბრძოლა, რომ ამოღებული იქნას ამდენი იარაღი, ჩაბარებული იქნას სახელმწიფო საწყობებში, რომელიც მაგათმა დაურიგეს...

 

უმისამართოდ არიგებდნენ ამ იარაღებს ჩამოსულებშიც, ადგილობრივებშიც. დღესაც ჩვენ ბავშვებს (ანუ, მოთარეშე მხედრიონელებს და გვარდიელებს - შენიშვნა ჩემია; დ.კ) ხოცავენ და... მითუმეტეს ამდენი ყაჩაღობა, სულ რაიონებიდან ჩამოსული ხალხი. საერთოდ, ძალაუნებურად, რაიონებიდან ჩამოსული ხალხი დარჩა უპატრონოდ, მშიერი, მწყურვალი და იძულებული ხდება იყაჩაღოს თბილისში. სახლი არა აქვს, კარი არა აქვს და გამოკიდებული არის ჰაერში. წარმოიდგინეთ, რომ როგორ უნდა გაძლოს ამათმა. ლოგიკური ახსნაც არი, სხვანაირად არ გამოვა.

 

თბილისელი წავა, დაწვება სახლში, მაგრამ ჩამოსულ ხალხს არაფერი გააჩნია. აი, თუ გახსოვთ, ასეთი იყო, რომ... თავის დროზე გაიხსნა პროფტექნიკუმები და რამდენი... ესე იგი აღმოჩნდა რო, ჩამოსული ხალხი, რომელიც მშობლებმა გამოაგზავნეს სსასწავლებლად აქა და არ ყოფნიდათ საჭმელი და იმაზე და... ეგენია ზუსტად დღეს, ეგენია... ოღონდ დღეს მსხვილ მასშტაბში გასმოიზარდა. აი, მთლიანად... ესე იგი, დანაშაულებრივი დონე გაიზარდა.

 

(აქაც არ შემიძლია კიდევ ერთი გადახვევა გავაკეთო. ალბათ ზოგიერთს მაინც ახსოვს, რა დღე დააყენეს სამეგრელოს - ძარცვა, გაუპატიურება, მკვლელობა. შევარდნაძემ მადლობის ნიშნად ჯაბა იოსელიანის ბანდიტებს გზა გაუხსსნა და სამეგრელო სანადირო ადგილად გადააქცია. ექვსჯერ დაილაშქრა ჩვენი ულამაზესი მხარე. არაერთი ფირი მინახავს გადამწვარი სახლებით, უპატრონო ბავშვებით.

 

29 სოფელი მიწასთან გაასწორეს. ისინიც და გვარდიელებიც სამეგრელოსა და აფხაზეთში საძარცვავად მიდიოდნენ. ეს ამბავი ერთმა რადიო კომენტატორმა კისკისით მოგვახსენა - ჩვენი გმირები ცარიელი მანქანებით მიდიან ფრონტზე და იქედან სავსე მანქანებით ბრუნდებიანო. ჩემი ყურით მაქვს მოსმენილი, ვიღაცის მონაყოლს არ გეუბნებით. ეგებ ვინმეს ის ფირიც აქვს ნანახი, სადაც მხედრიონელები გატაცებულ გვამებს ოჯახებს უბრუნებდნენ ფულის გადახდის შემთხვევაში.

 

ერთმა კადრმა განსაკუთრებით შემზარა. ერთი გვამი უკვე ჭიებით იყო დაფარული, რადგან ოჯახმა მოთხოვილი თანხის შეგროვება დროზე ვერ მოახერხა. კიდევ ერთ რამეს შევესწარი, დავინახე და მოვისმინე; თბილისში, ქუჩაში ერთი ქალი მეორეს ეუბნებოდა, ჩემმა ბიჭმა ისეთი ვეში (ანუ ნივთები -დკ) ჩამოიტანა, ისეთი, რომ გულს გაგიხარებსო. რაც შეეხება იარაღის დარიგებას, ჩემივე თვალით ვნახე, გვარდიელები მოვიდნენ ორი მანქანით, ასწიეს საბარგული და შესძახეს იქ მდგარ ბიჭ-ბუჭებს - ვის გინდათ, იარაღი? მოდით, წაიღეთო. იქ კი ყველა ოპოზიციის მხარდამჭერი იდგა.)

 

დ.კ: პროვინციიდან ჩამოსულ ხალხს არა აქვს იარაღი, თქვენ ბრძანეთ?

 

თ.კ: აქვს იარაღი. სპეციალური იყო ისეთი, წითელ-ვარდისფერ იმაზე იყო - „ეძლევა უფლება ტარება იარაღის.“ აი, ასეთი პატარა ცნობები და... ისინი შეიარაღებულები იყვნენ, რახან გაემაგრებიათ, ესე იგი, ზვიად გამსახურდიას პოზიციები და იარაღით დაეცვათ პრეზიდენტი.

 

დ.კ: აპირებთ თუ არა გამოსცეთ ბრძანება იმისა, რომ ხალხმა ჩააბაროს იარაღი, მათ, ვინც არ არის მილიციაში და გვარდიაში? (აქ მაინტერესებდა თუ იტყოდა რამეს მხედრიონზე - დ.კ.)

 

თ.კ: რასაკვირველია. ეს ბრძანება იქნება. ალაბათ, ცოტა ხანში და მოვუწოდებთ მოსახლეობას... ესე იგი, რომ არ ღებულობს მონაწილეობას კონფლიქტურ სიტუაციაში, არ არის არცერთი იმის მომხრე თუ ამის მომხრე, თუ არ არის გარეული, ესე იგი, დაპირისპირებაში, ისინი, რასაკვირველია, ჩააბარონ იარაღი.

 

დ.კ: ბატონო თენგიზ, აი, სხვა ოპოზიციური პარტიები არიან თქვენს წინააღმდეგ დაპირისპირებული? სხვა ოპოზიციური პარტიები, არა „მრგვალი მაგიდა.“

 

თ.კ: მე არა მგონია, ჯერ ვინმე იყოს დაპირისპირებული, არც „მრგალი მაგიდა,“ არც იმიდან... მაგათთან მე არა მქონია საუბარი და... საერთოდ, სამხედროები პოლიტიკაში არ ერევიან. არც ვერევით ჩვენ პოლიტიკურ ცხოვრებაში მაგათთან. ჩვენ ვიცავთ.

 

დ.კ: როგორ ვარაუდობთ, რამდენი ხანი გასტანს ასეთი განსაკუთრებული საკომენდატო საათი და ასეთი კონტროლი მოსახლეობისა ქალაქ თბილისში?

 

თ.კ: როგორ გითხრათ, უმოკლეს ხანაში ვაპირებთ სუყველაფერს. როგორც გადადგება ბატონი ზვიადი, იმ წუთში... ესე იგი სუყველაფერი ძალაუფლება გადაეცემა დროებით მთავრობას. პარლამენტი დაიწყებს მუშაობას ახალ არჩევნებამდე. მერე ჩვეულებრივად წავა ცხოვრება, როგორც იყო...“

თემასთან დაკავშირებული მასალები:
რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !