
ილო ნიკოლაიშვილი „ფეისბუქში“ საკუთარი მანქანის გარე ნაწილის ქურდობის მაგალითზე ჰყვება, როგორ იქცევიან პოლიციელები, როცა, სავარაუდოდ, დანაშაულის ფაქტზე ოქმის შედგენა არ სურთ.
„აღსდგა სამართლიანობა ჩვენს მანქანაზე. უდანაშაულო ბიჭებმა ჩვენი მანქანის უკანა საქარე მინის ტიუნინგის სპოილერი ხელს გააყოლეს.
პოლიციამ ურთიერთ გამომრიცხავი შთაბეჭდილება დამიტოვა. როცა 112-ში განვაცხადე, მოვიდა 2 პოლიციელი. მკითხეს რა მოხდაო, პლასტმასის სპოილერი მოიპარეს-მეთქი. მერე ეგ ეგეთი რა უნდა ღირდეს, რაში უნდა დასჭირვებოდათო. ვერ გეტყვით, მე საიდან უნდა ვიცოდე-მეთქი. მერე მკითხა, დაზღვეული გყავს მანქანა და ოქმისთვის გჭირდებაო? ამ მანქანას ვყიდი და არ მაქვს დაზღვეულითქო. პასუხი???? ანუ ისეთი არაფერი ზარალი არ არის და ჩვენ არ გჭირდებით არაო????
რას ნიშნავს ისეთი ზარალი არ არის, ზარალი საერთოდ არ მაინტერესებს, მოხდა კრიმინალური ფაქტი და როგორც კანონმორჩილმა მოქალაქემ განვაცხადე, რამე დავაშავე ამით-მეთქი? არა, რას ამბობთო, სადღაც დარეკა და ამის მერე 2 წუთში მოვიდნენ გამომძიებლები, კიდევ 2 წუთში პატრულის ეკიპაჟი. პატრულები და გამომძიებლები სანიმუშოდ თავაზიანად და პროფესიულად იქცეოდნენ. მაგრამ დამრჩა შთაბეჭდილება, რომ პირველი პოლიციელები "მეჩალიჩებოდნენ", რომ ოქმის შედგენაზე უარი მეთქვა.
არაფერს ვამტკიცებ, უბრალოდ მაინტერესებს, დანაშაული სტატისტიკურად ასე მცირდება? და კიდევ, განყოფილებაში დაკითხვაზე ჩემი ყოფნისას რაციაზე შეატყობინეს ქურდობის, ჩხუბის და დაჭრის ფაქტი. ვიღაცამ 112-ს შეატყობინა, რომ დაჭრა მოხდა.
განყოფილებიდან ვიღაცას გადასცეს რომ შემთხვევის ადგილზე გასულიყო. დაახლოებით 40 წუთში განყოფილებას შეატყობინეს, არაფერი ისეთი, თავისით გაუჭრია ფეხიო. ერთ-ერთმა აშკარად კარგმა პოლიციელმა წამოიძახა, კარგი რა, თავისით რანაირად დაიჭრა თავი, ბოლოს და ბოლოს კარგი რაო...
ისევ არაფერს ვამტკიცებ, მაგრამ შემთხვევით დაჭრილი ხომ არ დაარწმუნეს, რომ არ უნდა განეცხადებინა და უბრალოდ ეთქვა, მე თვითონ დავიჭერი თავიო? დანაშაულის სტატისტიკა ასე ხომ არ მცირდება?"