რა აღიარა ვლადიმირ პუტინმა 2008 წლის ომზე

Image

რადიო "აფხაზეთის ხმის" ვებ-გვერდი გთავაზობთ ანდრეი ილარიონოვის ანალიტიკურ ბლოგს, რომლებიც რუსეთ-საქართველოს ომსა და მის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს ეხება. 

 

რა აღიარა ვლადიმირ პუტინმა

რუსეთ-საქართველოს ომის მომზადებასა და წარმოებაში საკუთარ მონაწილეობაზე გასულ აგვისტოში პუტინმა ორჯერ ისაუბრა. პირველად - 7 აგვისტოს, ლენინგრადის ოლქში სტუმრობისას:

„... კითხვა: და სად იყო მაშინ დაზვერვა, სამხედრო დაზვერვა?

ვ. პუტინი: მუშაობდა. ვფიქრობ, რომ დაზვერვა თავის საქმეს აკეთებდა.

კითხვა: ანუ თქვენ არ ეთანხმებით ფილმის ავტორებს, რომლებიც თვლიან, რომ რუსეთმა ომის პირველი დღე დაკარგა?

ვ. პუტინი: იცით, შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილება - ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ხომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრძანებაა. იქ კი ისვრიან, ხალხი იღუპება. ასეთი გადაწყვეტილების მიღებამდე ათჯერ უნდა დაფიქრდე. ეს რთული და ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა.

კითხვა: და დიდხანს ფიქრობდით?

ვ. პუტინი: თავადაც შეგიძლიათ დაითვალოთ.

კითხვა: სულ მცირე, ღამე მაინც გქონდათ?

ვ. პუტინი: ასე, სამი დღე.

კითხვა: სამი დღე?

ვ. პუტინი: რა თქმა უნდა. ჯარის შემოსვლა, სროლები რეალურად სადღაც 4-5 რიცხვში დაიწყო. ახლა ზუსტად არც მახსოვს, მგონი, 5-ში.

რეპლიკა: მაგრამ ამ დროს ხომ ქართული არმია მოქმედებდა.

ვ. პუტინი: სწორედ მასზე ვსაუბრობ, ის შემოვიდა დაახლოებით 4-5 რიცხვში - 6-ში უკვე მასირებული სროლები დაიწყო არტილერიის, ტანკებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.

კითხვა: მაპატიეთ, მაგრამ სამი დღე ისინი ფიქრობდნენ, თუ ჩვენ?

ვ. პუტინი: ისინი იერიშზე მოდიოდნენ. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ ვითარდებოდა მოვლენები. მაგრამ კიდევ გიმეორებთ: შეიარაღებული ძალების გამოყენების შესახებ გადაწყვეტილების მიღება - ძალზე საპასუხისმგებლო საქმეა, ამიტომ აქ ნამდვილად უნდა კარგად დაფიქრება. დაფიქრება ყოველთვის საჭიროა.“

 

მეორედ პუტინმა ისაუბრა 8 აგვისტოს, ს. სარქსიანის ვიზიტის შედეგებისადმი მიძღვნილ პრეს-კონფერენციაზე:

 

„ვ. პუტინი: გეგმა არსებობდა და, ჩემი აზრით, ეს საიდუმლო როდია, რუსეთის მხარე სწორედ ამ გეგმის ფარგლებში მოქმედებდა. ამაზე საჯაროდ ადრეც მითქვამს. ვიმეორებ, ეს საიდუმლო არ არის.

 

გეგმა გენერალურმა შტაბმა მოამზადა სადღაც 2006-ის ბოლოს თუ 2007-ის დასაწყისში. ის ჩემს მიერ იყო დამტკიცებული, შეთანხმებული. მეტიც, ამ გეგმის ფარგლებში ტარდებოდა სამხრეთოსური რაზმების მომზადებაც. მართალია, გულახდილად გეტყვით, ჩვენი სამხედრო სპეციალისტები ვარაუდობდნენ, რომ ეს მეტ-ნაკლებად უსარგებლო საქმეა, რადგან გულისხმობდნენ, რომ შეუძლებელია ნებისმიერი, თუნდაც საქართველოსნაირი პატარა ქვეყნის რეგულარულ არმიასთან დაპირისპირება. მიუხედავად ამისა, ეს ხალხი ძალიანაც გამოსადეგი აღმოჩნდა, დიდი სიმამაცით იცავდნენ სამშობლოს. და სამი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიის მოსვლამდე, არსებითად ისინი და ჩვენი სამშვიდობოები უწევდნენ წინააღმდეგობას ქართული ფორმირებების შემოტევას. ამიტომ მათ თავისი როლი შეასრულეს. ამ გეგმის ფარგლებში იყო მობილიზებული ტექნიკა, და ა.შ. და ა.შ. ასე რომ, აქ არაფერია საიდუმლო. ამაზე უკვე ვისაუბრეთ. რაც შეეხება ზარებს, მე ორჯერ დავურეკე დიმიტრი ანატოლის ძეს, 7-შიც და 8-შიც, და თავდაცვის მინისტრსაც. ჩვენ ვიხილავდით ამ პრობლემას“.

 

ამ განცხადებების გაკეთების შემდეგ საზოგადოების ყურადღება, ძირითადად, ვ. პუტინის შემდეგ გამონათქვამებზეკონცენტრირდა: 1) მან დაურეკა დ. მედვედევს 2008 წლის 7 და 8 აგვისტოს;

 

2) რუსეთს გააჩნდა საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებათა გეგმა, მომზადებული გენერალური შტაბის მიერ 2006 წლის ბოლოს ან 2007 წლის დასაწყისში, დამტკიცებული ვ. პუტინის მიერ, რომელიც იმხანად რუსეთის პრეზიდენტი და უმაღლესი მთავარსარდალი იყო;

 

3) ამ გეგმის ფარგლებში მიმდინარეობდა ე.წ. „სამხრეთოსური რაზმების“ მომზადება, „ტექნიკის მობილიზება“ და, ასევე, „და ა.შ. და ა.შ.“. ეს განცხადებები დიდ ფასეულობას არ წარმოადგენს, რადგან 2012 წლის აგვისტოსთვის უკვე ცნობილი იყო რუსულ-ქართული ომის მომზადებისა და წარმოების შესახებ.

 

1. დაურეკა თუ არა პუტინმა მედვედევს მითითებულ დღეებში, ახდენდა თუ არ ახდენდა იგი ზემოქმედებას რაიმე სახით მედვედევზე, დამოუკიდებლად იღებდა თუ არა გადაწყვეტილებებს მედვედევი - ამის მნიშვნელობაარ სცდება ორი ზემოხსენებული მოქალაქის პირადი ურთიერთობების ფარგლებს. ამ ინფორმაციას არანაირი არსებითი კორექტივი არ შეაქვს რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიაში. როგორც ადრეც ვიცოდით, ომისათვის მრავალწლიანი მასშტაბური მზადება ასე თუ ისე, ძირითადად, ვ. პუტინის მითითებებითა და ხელმძღვანელობით მიმდინარეობდა, რუსეთის ხელისუფლების 2008 წლის 7-8 აგვისტოს გადაწყვეტილებებზე უშუალო პასუხისმგებლობა კი მაინც დ. მედვედევს დააწვა.

 

2. ის, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გააჩნდა საქართველოზე თავდასხმის გეგმა, რომელიც წლების მანძილზე მზადდებოდა და ხორციელდებოდა, ცნობილი იყო2012 წლის 8 აგვისტომდეც. რა თქმა უნდა, ეჭვს გარეშე სასარგებლოა პუტინის მიერ ამ გეგმის არსებობისა და სახელმწიფოს უმაღლესი თანამდებობის პირის მიერ მისი დამტკიცების ფაქტის დადასტურებაც.

 

მაგრამ ეს ადრეც იცოდა, და თუ არ იცოდა, ხვდებოდა მაინც ყველა, ვინც მეტ-ნაკლებად სერიოზულად დაინტერესებულა რუსეთ-საქართველოს ომის ისტორიით.

 

3. არც ის იყო დიდი საიდუმლო, რომ რუსეთის ხელისუფლება, მის მიერ ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულების უხეშიდარღვევით როგორც მინიმუმ 2004 წლიდან წვრთნიდა სამხრეთ ოსეთის ბოევიკებს (სწორედ ბოევიკებს, რადგან რუსეთის მიერ ხელმოწერილი დაგომისის ხელშეკრულების თანახმად სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებას ეკრძალებოდა ჰქონოდა თავდაცვის სამინისტრო და ჰყოლოდა რეგულარული შეიარაღებული ძალები), ყველაზე გვიან - 2003 წლიდანაწვდიდა სამხრეთ ოსეთს მძიმე სამხედრო ტექნიკას (ტანკების ჩათვლით) და ეწეოდა იმას, რაც პუტინის მიერ აღწერილი იყო როგორც „და ა.შ. და ა.შ.“ (როგორც ჩანს, მათ შორის საქართველოს სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აკრძალული სამხედრო ბაზების მშენებლობას). თუმცა, 2012 წლის 8 აგვისტოს განცხადების საპირისპიროდ, ადრე პუტინს ამაზე არასოდეს უსაუბრია. ყოველ შემთხვევაში, საჯაროდ.

 

მაგრამ, გარდა ამ სამი პუნქტისა, პუტინმა კიდევ თქვა რაღაც, რისთვისაც საზოგადოებას ყურადღება აქამდე არ მიუქცევია. ჯერ ერთი, პუტინმა გვამცნო, რომ რუსი სამხედრო სპეციალისტების აზრით, სამხრეთ ოსეთის ბოევიკების მომზადება „მეტ-ნაკლებად უსარგებლო“ საქმე ყოფილა.

 

სხვა სიტყვებით, მიუხედავად იმისა, რომ „2006-07 წწ-ის ყაიდის“ გენშტაბის გეგმის ფარგლებში ხორციელდებოდა მათი მომზადება, რუსეთის გენშტაბში ამ რესურსზე სერიოზულ იმედს არავინ ამყარებდა.

 

ანუ, საქართველოს წინააღმდეგ ოპერაციის დაგეგმვისას, რუსეთის არმიის გენშტაბი მის განხორციელებას თავადანვე საკუთარი ძალებით, ანუ რუსეთის არმიის მუდმივი ქვედანაყოფების მეშვეობით აპირებდა.

 

შესაბამისად, ბოლო წლების განმავლობაში რა ჰიპოთეზებიც არ უნდა წამოწეულიყო იმასთან დაკავშირებით, რომ ოსები თითქოს დამოუკიდებლად აპირებდნენ გორის (ბორჯომის, თბილისის და სხვ.) აღებას, „საქართველოში რევოლუციის“ მოხდენას, თბილისის მოქმედი ხელისუფლების ჩამოგდებას, მთელი ეს ბლეფი გათვლილი იყო მხოლოდ და მხოლოდ რუსულ საზოგადოებაზე მაშინ, როცა თავად გენშტაბი ამას სერიოზულად არც კი უყურებდა. რეალობა კი ისაა, რომ გენშტაბი, მინიმუმ 2006-07 წწ-დან გეგმავდა საჯარისო ოპერაციას, რომელიც რუსული არმიის რეგულარულ ქვედანაყოფებს უნდა განეხორციელებინათ.

 

მეორე, პუტინმა გვამცნო, რომ ოსი ბოევიკები და რუსი სამშვიდობოები ერთობლივად მოქმედებდნენ: „...სამი დღე-ღამის განმავლობაში, რუსეთის არმიის მოსვლამდე, არსებითად ისინი {„სამხრეთოსური რაზმები“} და ჩვენი სამშვიდობოები უწევდნენ წინააღმდეგობას ქართული ფორმირებების შემოტევას.

 

ამიტომ მათ თავისი როლი შეასრულეს. ამ გეგმის ფარგლებში იყო მობილიზებული ტექნიკა, და ა.შ. და ა.შ. ასე რომ, აქ არაფერია საიდუმლო. ამაზე უკვე ვისაუბრეთ“. ამით პუტინმა პირადად კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მშვიდობისმყოფელთა სახელწოდებით მყოფ რუსულ საჯარისო ქვედანაყოფებს კონფლიქტში მონაწილე მხარეების დაშორიშორებისა და ცეცხლის შეწყვეტისათვის განხორციელებული ქმედებების (სამშვიდობოთა ოფიციალური მანდატი) ნაცვლად, სულ სხვა ამოცანა ჰქონდათ დასახული - სამხრეთ ოსეთის ბოევიკებთან ერთობლივი მოქმედებები საქართველოს წინააღმდეგ.

 

მესამე, პუტინმა დაადასტურა რუსეთის ხელისუფლების (როგორც ჩანს, მისი და მედვედევის) მიერ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განხორციელების თაობაზე უმნიშვნელოვანესი განკარგულებების გაცემის დრო და თარიღი. - პუტინმა რამდენჯერმე თქვა, რომ შეიარაღებული ძალების გამოყენების („საბრძოლო მოქმედებების დაწყების“) თაობაზე განკარგულების გაცემაზე ფიქრისათვის მას (რუსეთის ხელისუფლებას) სამი დღე დასჭირდა.

 

ეს რას ნიშნავს? 58-ე არმიის მეთაურის, ხრულიოვის თქმით, მან საბრძოლო მოქმედებების დაწყების ბრანება 8 აგვისტოს 00.03-ზე გასცა, 00.07-ზე ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქიდან(СКВО)დამადასტურებელი სიგნალი მიიღო და ამის შემდეგ „საბრძოლო სამუშაო დაიწყო“, 00.15 ხრულიოვი და СКВО-ს მეთაური ს. მაკაროვი უკვე საბრძოლო მართვის ცენტრში (ЦБУ - центр боевого управления)იყვნენ, იქ „განაგრძეს საბრძოლოსამუშაო“, ხოლო 8 აგვისტოს 00.22-ზე, 693-ე პოლკის სარდლის, კაზაჩენკოს თქმით, მან უკვე გენერალური შტაბის ბრძანება მიიღო ცხინვალის მიმართულებით გადაადგილების დასაწყებად.

 

ამრიგად, საქართველოს წინააღმდეგ რუსული ჯარის მიერ საბრძოლო მოქმედებების დაწყების (რუსი სამხედროების აღქმით) ბრძანების გაცემის დრო საკმაოდ ზუსტადაა იდენტიფიცირებული - 8 აგვისტოს 00.03. - პუტინმა გვაუწყა, რომ საბრძოლო მოქმედებების დაწყების შესახებ განკარგულების გაცემაზე ის (და, შესაძლოა, მის მიერ დაუსახელებელი ადამიანები) სამი დღე „ფიქრობდნენ“. ეს ბრძანება თუ 8 აგვისტოს ნაშუაღამევს გაიცა, ე.ი. სამხედრო მოქმედებების დაწყებაზე „ფიქრების“ დასაწყისი 4-დან 5 აგვისტოს ღამეზე უნდა მოდიოდეს.

 

რაიმე გაურკვევლობის გამოსარიცხად პუტინმა დამატებით თავადვე მიუთითა ზუსტი თარიღი, საიდანაც ათვლას იწყებდა - 4-5 აგვისტო. აქედან გამომდინარე, 2008 წლის 4-5 აგვისტოს მოხდა რაღაც მნიშვნელოვანი, შესამჩნევი, დასამახსოვრებელი, რამაც საშუალება მისცა პუტინს ამის შესახებ ოთხი წლის შემდეგაც ხსომებოდა. - მართალია, ამ განცხადების გაკეთებისას პუტინი აშკარად მსმენელების (მკითხველების)შეცდომაში შეყვანას ცდილობდა, ამტკიცებდა რა, თითქოს ამ დროს „შემოვიდა ქართული არმია“:

 

„ვ. პუტინი: რა თქმა უნდა. ჯარის შემოსვლა, სროლები რეალურად სადღაც 4-5 რიცხვში დაიწყო. ახლა ზუსტად არც მახსოვს, მგონი, 5-ში.

რეპლიკა: მაგრამ ამ დროს ხომ ქართული არმია მოქმედებდა.

ვ. პუტინი: სწორედ მასზე ვსაუბრობ, ის შემოვიდა დაახლოებით 4-5 რიცხვში - 6-ში უკვე მასირებული სროლები დაიწყო არტილერიის, ტანკებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით.“

 

კარგადაა ცნობილი, რომ ეს დებულება სინამდვილეს არ შეესაბამება. ქართული ჯარისათვის განკარგულების გაცემისა და საბრძოლო მოქმედებების დაწყების დრო ჯერ კიდევ 2008 წლის შემოდგომაზე იყო იდენტიფიცირებული.

 

ეს მოხდა საქართველოს უშიშროების საბჭოს დასრულებისთანავე, 7 აგვისტოს დაახლოებით 14.30-ზე. შერეული სამშვიდობო ძალების შტაბში საკუთარი პოზიციების დატოვება ქართველმა ოფიცრებმა, თავად პუტინისავე თქმით, მხოლოდ 7 აგვისტოს 14.42-ზე დაიწყეს. ხოლო მძიმე არტილერიის მოქმედება, პუტინის მიხედვითაც კი (მისი 4 წლის წინანდელი ინტერვიუ CNN-თან), ამის შემდეგ დაიწყო.

 

ამდენად, საქართველოს მხრიდან არანაირ მოქმედებებს, რომელთა ინტერპრეტირება შესაძლებელი იქნებოდა როგორც სამხედრო მოქმედებები, ან თუნდაც, მათთვის მომზადება, 7 აგვისტოს 14.42-მდე ადგილი ნამდვილად არ ჰქონია. - ისმის კითხვა, და მაინც რა მოხდა 4-5 აგვისტოს, როცა პუტინმა დაიწყო „ფიქრი“ბრძანების გაცემაზე სამხედრო მოქმედებების დასაწყებად? სახელდობრ, ვისი „შემოსული არმია“ ჰყავდა მას მხედველობაში?

 

4-5 აგვისტოდან მოყოლებული ვისი მხრიდან „დაწყებულ მასირებულ სროლებზე“ საუბრობდა ის „არტილერიის, ტანკებისა და ზალპური ცეცხლის რეაქტიული სისტემების გამოყენებით“?

 

რადგან ქართულმა შეიარაღებულმა ძალებმა განკარგულება საკუთარი ბაზების დატოვების თაობაზე მხოლოდ 7 აგვისტოს 14.30-ზე, ხოლო ცხინვალში სამხრეთოსური საბრძოლო პოზიციებისათვის ცეცხლის გახსნის შესახებ - მხოლოდ 7 აგვისტოს 23.35-ზე მიიღეს, პუტინის მიერ დასახელებული თარიღი 4-დან 5 აგვისტოს ღამე - სამხედრო მოქმედებების მკვეთრი გააქტიურების დასაწყისია არა ქართული, არამედ, სამხრეთოსურ-რუსული მხარისა. - პუტინის მიერ დასახელებული თარიღი - 4-დან 5 აგვისტოს ღამე - არის დრო მის მიერ საქართველოს ტერიტორიის სამხრეთოსურ ნაწილში რუსული რეგულარული ჯარის შეყვანის განკარგულების გაცემისა.

 

როგორც დაადასტურა ხრულიოვმა, სწორედ 5 აგვისტოს „დაამტკიცა“ ჩრდილო კავკასიის სამხედრო ოლქის მეთაურმა, მაკაროვმა „გადაწყვეტილება სამხრეთ ოსეთში რუსული სამხედრო კონტინგენტის გაძლიერების შესახებ“. მე-6 საჰაუბიცო თვითმავალი-საარტილერიო ბატარეის 37271-ე ს/ნ-ის (292-ე პოლკი) რიგითმა ა. მარკუსმა თავის ქვედანაყოფთან ერთად სწორედ 5 აგვისტოს დილას ადრე დატოვა მუდმივი დისლოკაციის პუნქტი და „საქართველოსთან ომში“ გაემგზავრა:

 

„5 აგვისტოს დილას ადრე მივიღეთ მუდმივი დისლოკაციის ადგილის დატოვებისა დასახლებული პუნქტი ტარსკოეს მახლობლად პოზიციების დაკავების ბრძანება. ექვს საათზე სამხედრო ტექნიკამ უკვე დატოვა საბრძოლო მანქანების პარკი ქ. ვლადიკავკაზში. ყველაფერი სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა, ფაციფუცისა და მანდრაჟის გარეშე. საბრძოლო მანქანაში რომ ვიჯექი, ჩემი „მოგზაურობის“ შესახებ სამშობლოში შეტყობინება გადავწყვიტე... კიტელის ჯიბიდან მობილური ტელეფონი ამოვიღე და მას შეტყობინება გავუგზავნე, სადაც საქართველოს მიმართულებით ჯარების გადაადგილებაზე ვუამბე და ვთხოვე ჩემი ნათესავებისთვის არაფერი ეთქვა. დიდხანს ვფიქრობდი: სწორად მოვიქეცი, ახლობლებს რომ არაფერი ვუთხარი?.. ალბათ სწორად მოვიქეცი. ხუთში რომ მათთვის ჯარის გადასროლაზე მეთქვა, რვაში კი ტელევიზიით ომის დაწყება გამოცხადდა, არ ვიცი, რა დაემართებოდათ...

 

დაღამდა, როცა დანიშნულების ადგილზე მივედით. დასვენება ვერ მოვასწარით, რომ ახალ საქმეს შევუდექით... ვლადიკავკაზიდან დაუსრულებელ ნაკადად მოდიოდნენ საბრძოლო მასალით დატვირთული „КАМАЗ“-ები. შუაღამემდე, ფარების შუქზე მოგვიხდა ჭურვების გადმოტვირთვა, შემდეგ კი მათ 2С3М-ში ვალაგებდით. ახლაღა გახდა თვალსაჩინო აღქმა ომის დაწყების გარდაუვალობისა... დაძინების უფლება ღამის სამი საათისათვის მოგვცეს...“.

 

სწორედ 5 აგვისტოს სამხრეთ ოსეთში სამშვიდობოების სახელწოდებით იქნა გადასროლილი სპეცრაზმის მე-10 ბრიგადის 107-ე რაზმი (ბუნებრივია, საქართველოს ხელისუბლების ყოველგვარი თანხმობისა და თუნდაც ინფორმირების გარეშე და, შესაბამისად, რუსეთის მიერ ხელმოწერილი დაგომისის შეთანხმების უხეში დარღვევით):

 

„შვილი როსტოვის ოლქში მსახურობდა, 5 აგვისტოს დამირეკა და მითხრა, რომ ოსეთში მიდიან, - ტირილით ყვება დაღუპული გმირის დედა“.

 

ამრიგად, თავისი კომენტარით ვლადიმერ პუტინმა კიდევ ერთხელ, უკვე თავის დონეზე დაადასტურა ადრე დადგენილი დრო და რიცხვი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის განსახორციელებლად რუსეთის ხელისუფლების საკვანძო განკარგულების გაცემისა, განკარგულების რუსეთის რეგულარული შეიარაღებული ძალების მიერ იმ დროისათვის რუსეთის ხელისუფლების მიერ ოფიციალურად აღიარებული რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევაზე.

 

ეს არის 2008 წლის ღამე 4-დან 5 აგვისტომდე. პუტინმა მშვენივრად იცოდა, რომ ასეთი განკარგულების გაცემა ომს ნიშნავდა,ამიტომაც კარგად დაიხსომა თარიღი და დრო, როცა (კოლეგებთან ერთად) გასცა ასეთი განკარგულება.

 

კარგად დახსომა სამი შემდგომი დღეც, როცა ის და მისი კოლეგები გამალებულად „ფიქრობდნენ“ ახლა კონკრეტულად როდის გაეცათ ბრძანება ცეცხლის გახსნის (მათი გაგებით - საბრძოლო მოქმედებების დაწყების) შესახებ ჯარისთვის, რომელიც უკვე იყო განლაგებული საქართველოს ტერიტორიაზე, და ჯარისთვის, რომელიც იქ ჯერ არ იყო.

 

იმის შიშით, რომ სამხრეთ ოსეთის „მთებში“ განლაგებული რეგულარული რუსული ჯარი ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა აღმოეჩინათ, რაც, თავისთავად, რუსეთის საერთაშორისო აგრესიაში სრულიად საფუძვლიანი დადანაშაულების საგნად იქცეოდა, რუსეთის ხელისუფლებამ საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივ დასაწყებად ქართველების მიერ სამხრეთოსური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნა გამოიყენა.

 

შესაბამისი განკარგულება ხრულიოვის მიერ 8 აგვისტოს 00.03-ზე გაიცა - ქართული ცეცხლის გახსნიდან 28 წუთის შემდეგ და ორნახევარი საათით ადრე სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე ქართული ჯარის შემოსვლამდე.

 

უნდა აღვნიშნოთ, რომ პუტინიცა და მედვედევიც, და რუსი გენერლებიც ცდილობენ გააცალკევონ 2008 წლის 8 აგვისტოს შუაღამიდან 3 წუთში გაცემული ბრძანება საბრძოლო მოქმედებების დაწყების (ცეცხლის გახსნის) თაობაზე და 4-დან 5 აგვისტომდე ღამით გაცემული ბრძანება საქართველოს ტერიტორიაზე რუსული ჯარის განლაგების შესახებ, რომელიც, როგორც ჩანს, მათი აზრით, საბრძოლო მოქმედებების დაწყებას არ უნდა ნიშნავდეს. გაერო-ს გენერალური ასამბლეის აზრი განსხვავდება მათი აზრისაგან:

 

აგრესიის განსაზღვრება დამტკიცებულია გაერო-ს ასამბლეის 3314-ე (ХХIХ) რეზოლუციით 1974 წლის 14 დეკემბერს ...

 

„მუხლი 2 ქარტიის დარღვევით, პირველმა შეიარაღებული ძალის გამოყენება აგრესიის აქტის prima facie დადასტურებას წარმოადგენს...

 

მუხლი 3 ნებისმიერი შემდგომი ქმედება, მიუხედავად ომის გამოცხადებისა, მე-2 მუხლის დებულებების გათვალისწინებითა და შესაბამისად, კვალიფიცირებული იქნება როგორც აგრესიის აქტი: a) სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების შეჭრა ან თავდასხმა სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე ან ამგვარი შეჭრისა თუ თავდასხმის შედეგად ნებისმიერი ოკუპაცია, რაგინდ დროებით ხასიათსაც არ უნდა ატარებდეს, ან ძალის გამოყენებით სხვა სახელმწიფოს ან მისი ნაწილის ნებისმიერი ანექსია; ...

 

e) მიმღებ სახელმწიფოსთან შეთანხმებით სხვა სახელმწიფოს ტერიტორიაზე მყოფი მეორე სახელმწიფოს შეიარაღებული ძალების გამოყენება შეთანხმებით გათვალისწინებული პირობების დარღვევით, ან შეთანხმების ვადის გასვლის შემდეგ ამ ტერიტორიაზე მათი ყოფნის ნებისმიერი გახანგრძლივება; ...

 

g) სახელმწიფოს მიერ ან სახელმწიფოს სახელით შეიარაღებული ბანდების, ჯგუფების, არარეგულარული ძალების ან დაქირავებულთა შეგზავნა, რომლებიც ახორციელებენ სხვა სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიარაღებული ძალის გამოყენების ზემოჩამოთვლილი აქტების თანაზომად, სერიოზული ხასიათის მქონე აქტებს, ან მისი მონაწილეობა ამ აქტებში.“

 

საქართველოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების (რუსული რეგულარული ჯარის მონაწილეობით) დროის იდენტიფიცირება საშუალებას გვაძლევს ასევე დავასკვნათ, რომ საქართველოს ხელისუფლების მიერ 7 აგვისტოს 23.35-ზე სამხრეთოსური პოზიციების მიმართულებით ცეცხლის გახსნის გადაწყვეტილება სულაც არ არის არსებითი (ომის დაწყების ფაქტის თვალსაზრისით).

 

იქნებოდა თუ არ იქნებოდა გაცემული ეს განკარგულება, გაუხსნიდნენ ცეცხლს ცხინვალს, თუ არ გაუხსნიდნენ, ამ დროს დაიღუპებოდნენ (ცალკე საკითხია: როგორ და რატომ) სამშვიდობო ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები და მშვიდობიანი მოსახლეობა, თუ არ დაიღუპებოდნენ - რეალურად, სულაც არ ყოფილა არსებითი.

 

საქართველოს გასანადგურებლად გამიზნული რუსეთის სამხედრო მანქანა უკვე მოქოქილი იყო, ყველაზე გვიან, 5 აგვისტოდან. ამ დროიდან რუსეთის ჯარი უკვე იმყოფებოდა საქართველოს ტერიტორიაზე, საქართველოსთან არანაირ მოლაპარაკებებს რუსეთის ხელისუფლება არც აწარმოებდა და არც აპირებდა ეწარმოებინა, 2006-07 წწ-ის დროინდელი გენშტაბის გეგმა კი ითვალისწინებდა საქართველოს შეიარაღებული ძალების განადგურებას მიუხედავად მათი მოქმედებისა თუ უმოქმედობისა.

 

ახლა არა მარტო ვიცით, არამედ მნიშვნელოვანი დადასტურებაც მივიღეთ (მადლობა ვლადიმერ პუტინს ამ ცოდნის დამადასტურებელი ფასდაუდებელი ჩვენებებისათვის), რომ რუსეთ-საქართველოს ომის ყველაზე ცხელი ფაზა დაწყებულ იქნა რუსეთის ხელისუფლების მიერ 2008 წლის 5 აგვისტოს.

 

არ გასულა რუსეთ-საქართველოს ომის ცხელი ფაზის (2008 წლის 5-22 აგვისტო) არც ერთი წლისთავი ისე, რომ მეზობელი ქვეყნის წინააღმდეგ აგრესიის ავტორებს არ გაეზიარებინათ ახალი დეტალები, თუ რა, როდის და როგორ გააკეთეს. გამონაკლისი არც წლევანდელი, მე-4 წლისთავი აღმოჩნდა, რომელიც როგორც მაღალჩინოსანი რუსი გენერლების, ისე ორივე პოლიტიკური ლიდერის თვითმხილებათა ტალღით აღინიშნა."

 

ანდრეი ილარიონოვი. თარგმნა მარინა თოფურიძემ.

რედაქტორის რჩევით

თამაზ ელიზბარაშვილი ძაღლთა თავშესაფარის გაჩუქებას გეგმავს

2020-09-08 11:39
ბიზნესმენი თამაზ ელიზბარაშვილი, სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" განცხადებას ავრცელებს სადაც "ძაღლთა...

კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევიდან 5 თბილისში ფართომასშტაბიან ქორწილს უკავშირდება, 3-ის ინფიცირების წყარო უცნობია

2020-09-08 11:32
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი...

საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც ქვეყნისთვის რეკორდულად მაღალი დღიური მაჩვენებელია

2020-09-08 11:31
საქართველოში კორონავირუსის 45 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირებულთა რაოდენობა 1729 გახდა.

ექსკლუზივი! ნაძალადევში მანქანას ცეცხლი გაუჩნდა

2020-07-27 11:37
ექსკლუზივი!ამ წუთებში როგორც "აფხაზეთის ხმისთვის" ხდება ცნობილი, ნაძალადევის რაიონში მანქანას...
რჩეული ვიდეოები

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

კნუტების გასეირნება ჯორჯიის ცარიელ აკვარიუმში(ვიდეო)

2020-04-10 12:52
აშშ-ში, კორონავირუსის გამო დახურული ჯორჯიის აკვარიუმი ცხოველებისთვის ექსკურსიების მოწყობას...

ხანძარი გემზე - ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს(ვიდეო)

2020-04-09 12:47
 ქართველმა მეზღვაურებმა ეკიპაჟის 12 წევრი გადაარჩინეს-ხომალდზე ხანძარი წუხელ გაჩნდა. სამაშველო...

გამოკითხვა

როგორ შეაფასებთ სახელმწიოფოს მუშაობას "კორონა ვირუსისი" წინააღმდეგ?

დადებითად - 44.4%
უარყოფითად - 55.6%
ხმების რაოდნობა: 9
ხმის მიცემა შეწყვეტილია !

ვალუტა

1
EUR
 - 
3.7970
0.0124
100
RUB
 - 
4.1230
0.0906
1
USD
 - 
3.2345
0.0103