
პარლამენტის წევრი გივი თარგამაძე მისი სტუმრის მიერ გამოძახებული ტაქსის მძღოლის თავგადასავალს ჰყვება, რომელიც გივი თარგამაძის მეზობლად მცხოვრები ირაკლი ღარიბაშვილის ესკორტის ჩამოვლის გამო დაცვამ გაჩხრიკა, მერე კი მანქნაში ჩაჯდომა ესკორტის მოსვლამდე აუკრძალა და თავსხმა წვიმაში დატოვა.
„ცოტაც მოითმინე, ბიძაჩემო, ჰაკიმი ჩაივლის მალე...“ - ასე ამთავრებს გივი თარგამაძე სტატუსს, რომელიც სრულად ასე გამოიყურება:
„გუშინ გვიან საღამოს ჩემმა სტუმარმა სახლში წასასვლელად ტაქსი გამოიძახა. კოკისპირულად წვიმდა. ქვემოთ ჩასულს ხანშიშესული ტაქსის მძღოლი მანქანის გვერდით მდგომი, ერთიანად გალუმპული დახვდა. გაიკვირვა.
მანქანაში ჩაჯდომისთანავე მძღოლმა ჩემი მეზობელი ჰაკიმი ახსენა და ასე ახსენებდა დანიშნულების ადგილზე მისვლამდე. ალბათ მიხვდით, რომ იმ სამი-ოთხი წუთის მანძილზე, სანამ ჩემი სტუმარი მეათე სართულიდან ძირს ჩავიდოდა, უმსგავსო შიზოიდის ეგზალტირებულმა დაცვამ მხცოვანს მთელი მანქანა ამოუტრიალა, თავადაც გაჩხრიკა და კლიენტის ჩამოსვლამდე მანქანაში ჩაჯდომა აუკრძალა.
აღშფოთებული სულ იმას იმეორებდა, შევარდნაძის დროიდან დღემდე ვმუშაობ ტაქსზე და პირველად ვგრძნობ თავს ასე შეურაცხყოფილად და დამცირებულადო. უკვე ორი დღის წინ მივხვდი, ვისთან გვაქვს საქმეო და ერთი ამბავიც მოაყოლა: კლიენტი მივიყვანე რესტორან "რივერ საიდ"-შიო. გზად მეუბნებოდა, ბიძაჩემო, დაბადების დღე მაქვს, ოცკაციანი სუფრა გადახდილი, სადაცაა სტუმრებუც მოვლენ და არ დამაგვიანო, სწრაფად მიმიყვანეო.
მისულებს ადგილზე უამრავი სამთავრობო ჯიპი და კიდევ უფრო მეტი დაცვის ხალხი დაგვხვდაო. ჩემი კლიენტი მანქანიდანაც კი არ გადაუშვესო. მოშორებით, ტრასაზე გაგვიყვანეს და იქვე რესტორნის მენეჯერი ამოიყვანესო, რომელმაც გადახდილი ფული უკან დაუბრუნა და უთხრა, შენს სტუმრებს ჩვენ ავუხსნით, აქ რომ დაბადების დღე აღარ ტარდებაო.
ნუ შემიძულებ, ძმურად, გამიგე, მთელი მთავრობა და რაც მთავარია, თავად პრემიერ მინისტრი აქ არიან და სხვა არავინ შემოვიდეს, დაიბარესო. მე კი ვწუხვარ, რომ დაბადების დღეს გაშხამებ, მაგრამ ამათ არაფრის გაგონება არ უნდათო.
დასასრულს, სტაჟიანმა ტაქსისტმა რაციით გადასცა კოლეგებს, მოსაშვილის ქუჩაზე გამოძახებებს ნუ მიიღებთ, არ გირჩევთო.
ეჰ, შვილო, შვილო... მეზობლებს ლიფტი დაუბლოკე, ქუჩას - ტაქსი. ქვეყანას რას უპირებ? არავინ გეუბნება, ეგეთი ჯირითი რითი მთავრდება.
შენ გაგიჭირდება, ვოლსკის და ზაქარეიშვილს თხოვე, წაგიკითხონ რუსული ზღაპარი მეთევზესა და ოქროს თევზზე.
ცოტაც მოითმინე, ბიძაჩემო, ჰაკიმი ჩაივლის მალე...“