
საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის
ინტერვიუს ეხმაურება.
მისი განცხადებით, სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს ისტორიას და შეურაცხმყოფელია ჩვენი მოკავშირე
ერებისთვის და ლიდერებისთვის, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების დღიდან საქართველოს
გვერდით დგანან. ამის შესახებ ზურაბიშვილი Facebook-ის გვერდზე წერს.
„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი გავხდი, აღვნიშნე, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებებზე
კომენტარს არასდროს გავაკეთებდი, მაშინაც კი, როდესაც ეს მოსაზრებები პერსონალურად შეურაცხმყოფელი გახლდათ.
თუმცა, მისმა ბოლო ინტერვიუმ 2008 წლის ომის დროს დასავლეთთან მისი ურთიერთობების თაობაზე ყოველგვარი
ზღვარი გადალახა და საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებზე მოახდინა ზეგავლენა.
მე ერთმნიშვნელოვნად ვგმობ გამოთქმულ შეხედულებებს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებები ამახინჯებს
ისტორიას და შეურაცხყოფას აყენებს ჩვენს პარტნიორებსა და ლიდერებს, რომლებიც დამოუკიდებლობის მოპოვების
დღიდან საქართველოს გვერდში დგანან. ყოფილი პრეზიდენტისგან მსგავსი სახის ტყუილები და ფაქტების დამახინჯება
უპასუხისმგებლო და მიუღებელი ქმედებაა. ეს არის აშკარა მცდელობა საქართველოსა და მის სტრატეგიულ პარტნიორებს შორის
ურთიერთობა დააზიანოს, ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ეტაპზე, ევროკავშირისა და ატლანტიკური ალიანსისკენ მიმავალ
გზაზე.
ქართველი ხალხის სახელით კვლავ გამოვხატავ ჩემი ქვეყნის უდიდეს მადლიერებას იმ ურყევი მხარდაჭერისთვის, რომელიც
ჩვენი ევროპელი და ამერიკელი პარტნიორების მიერ იქნა გამოხატული 2008 წლის ომის დაწყებამდე, მისი მსვლელობისას
და დასრულების შემდეგ. როგორც საქართველოს პრეზიდენტი, ვიბრძოლებ ნებისმიერი მსგავსი მცდელობის მიმართ,
რომელიც ჩვენ სტრატეგიულ ურთიერთობებს აზიანებს“, - წერს პრეზიდენტი.