
25 წლის ჯორდან ბონმა ნორფოლკიდან დაამსხვრია აქამდე არსებული წარმოდგენები იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ბიუთი-ბლოგერი. ყოველდღიურად მისი ვიდეობლოგები სულ ახალი და ახალი ადამიანების ყურადღებას იმსახურებს.
ის არ მისდევს სპორტის ექსტრემალურ სახეობებს, კაცმა რომ თქვას, არც განსაკუთრებული მაკიაჟის გაკეთებას ასწავლის ვინმეს... ეს მშვენიერი ქალი 10 წლის წინ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შემდეგ შშმ პირის ეტლსაა მიჯაჭვული: მას ოთხივე კიდურის პარალიჩი აქვს მიღებული.
ვიდეოპორტალ "იუთუბზე" მის ვიდეობლოგს 127.000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს. ჯორდან ბონმა არაერთხელ დადო ვიდეო, სადაც ის შშმ პირის ეტლში ზის, მაგრამ ადამიანები, რომლებსაც ნანახი არა აქვთ მისი წინა ვიდეოები, კომენტარებში მაინც ეკითხებიან, რატომ უჭირავს სახის ფუნჯი მოუხერხებლად და რა სჭირს მის ხელებს...
მან სულ ცოტა ხნის წინ ვიდეორგოლი გადაიღო, სადაც უჩვენა, როგორ უჭირს რაიმეს გაკეთება ხელებით. რგოლმა არნახული პოპულარობა მოუტანა ჯორდანს:
"მე არ შემიძლია თვითონ ჩავიცვა ტანსაცმელი და დავივარცხნო თმები, მაგრამ მე შემიძლია გავიკეთო მაკიაჟი, ეს კი ბედნიერებას მანიჭებს და მინდა, ბევრ ადამიანს გავუზიარო. ამ ვიდეოებმა უნდა დაარწმუნონ ადამიანები, რომ ხელები არცერთ სიტუაციაში არ უნდა ჩამოუშვან და იცოდნენ, ისინი არ არიან მარტო", - ამბობს ჯორდანი.