-
2015-09-14 14:46
ირაკლი ვაჭარაძე "ფეისბუქზე" ეხმიანება ზოგიერთ მედიასაშუალებაში გავრცელებულ ტენდენციას ცალკეული პირების მიერ თვითმკვლელობის წინ, სოციალურ ქსელებში დატოვებული სტატუსების გამოქვეყნების შესახებ და წერს, რომ მსგავსი სტატუსების რეკლამირება არაა სასურველი, რადგან თვითმკვლელობას copycat პრინციპი, ანუ სხვების მხრიდან გამეორების, მიბაძვის პრინციპი ახასიათებს.
"საჯაროდ ჩადენილ თვითმკვლელობას ახასიათებს copycat პრინციპი: სხვებიც იმეორებენ. ეს კარგად გამოკვლეული და დადასტურებული ფენომენია. შესაბამისად, გთხოვთ მოეშვათ იმ თვითმკვლელი ბიჭის პოსტის გაზიარებას და მასთან კამათსა და ჩხუბს, ტექსტებით: "რა გაგვიკეთე", "გვაწყენინე", "ეს როგორ იკადრე" და ა.შ.
ცხოვრება გრძელდება კონკრეტულ ადამიანებს მიღმა. თქვენს ნაწერს ის ვერ ნახავს. ვერც გიპასუხებთ. თუ დააიგნორებთ ამ ცუდ საქციელს და მისი გარეკლამებით არ წაახალისებთ მას, პათეტიკისაგანაც გვიხსნით და თვითმკვლელობების სერიისგანაც.
გახსოვდეთ: ფბზე უამრავი მარტოსული, ნაღვლიანი, დეპრესიას მიჯაჭვული ადამიანი ცხოვრობს. იმ ბიჭის პოსტის გაზიარება მათში ღელვას და შფოთვას იწვევს. შესაძლოა, ამ ისტერიამ ზოგიერთს ფატალური ქმედებისკენაც კი უბიძგოს.
ვიზრუნოთ ცოცხლებზე. დავასვენოთ მიცვალებულები", - წერს ირაკლი ვაჭარაძე.