-
2015-06-24 18:30
სოციალურ ქსელ "ფეისბუქში" ყველაზე მოთხოვნადი დღეს გამოქვეყნებულ პოსტებზე და სტატუსებზე თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელის მონიშვნა გახდა. ეს მინისტრის კომენტარმა განაპირობა, რომელიც მან სამაშველო ოპერაციაში ვერტმფრენების არჩართვასთან დაკავშირებით გააკეთა.
შეგახსენებთ, თინა ხიდაშელმა განაცხადა:
„სამაშველო ოპერაცია ვერტმფრენით თურმე უნდა განხორციელდეს ქუჩის თავზე, რომელიც დატვირთულია და მთლიანად სავსე არის სხვადასხვა ტიპის კომუნიკაციებით. ვინმეს თუ აქვს მაზოხისტური მოთხოვნილება, რომ ის ვერტმფრენი ჩამოვარდნილიყო იმ დღეს და მსხვერპლი გაცილებით მეტი ყოფილიყო, ჩვენ ამაში მონაწილეობას ვერ მივიღებთ“.
მინისტრის კომენტარს დილიდანვე მოჰყვა გამოხმაურებები. ქვემოთ წარმოდგენილია ფოტოები, რომლებიც სხვადასხვა ინტერნეტმომხმარებლებმა საძიებო სისტემის მეშვეობით, ფაქტობრივად, ხიდაშელის კომენტარის გამოქვეყნებისთანავე მოიძიეს:
"ქალბატონ თინას მოვუწოდებ, რომ კრიტიკოსთა ეპითეტებით შემკობას, ურჩევნია გაითვალისწინოს, რომ გუგლი არსებობს. ასევე, აშკარად ურჩევნია გამოვიდეს და პატიოსნად თქვას, რომ სამაშველო ოპერაციისას შეცდომები იქნა დაშვებული. ასევე, ურჩევნია აღიაროს, რომ სიძულვილით ნაკარნახევი გადაწყვეტილებები არასოდეს არ არის რაციონალური და ხალხის ინტერესებს არ ემსახურება", - წერს "ფეისბუქზე" თამარ ჩერგოლეიშვილი და ფოტოებს აქვეყნებს.
ფრიდლანდში 2010 წელს მომხდარი წყალდიდობის დროს სამაშველო ვერტმფრენების ჩართულობის ამსახველ ფოტო და ვიდეომასალას აქვეყნებს ჩეხეთში მყოფი IT სპეციალისტი გიორგი ალანია. ვიდეოზე ასახულია სასწარფო დახმარების ვერტმფრენი, რომელიც კორპუსებს შორის ჯდება დაშავებულთა დასახმარებლად, ხოლო მეორე ვიდეოში ნაჩვენებია, როგორ აჰყავთ ვერტმფრენზე წყალდიდობის ზონაში მოხვედრილი მოქალაქეები.
თინა ხიდაშელის კომენტარს შეეხმიანა ასევე თავდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე ნიკა ძიმცეიშვილი, რომელმაც ევროკოპტერების გადმოცემასთან ერთად ფრანგულ მხარესთან მიღწეული შეთანხმებებიც გაასაჯაროვა, რაც პილოტების მომზადებასაც ითვალისწინებდა.
ვიდეო: დასახლება ფრიდლანდი, ჩეხეთი, წყალდიდობა 2010 წელს








