-
2015-01-21 11:57
მედიაჰოლდინგ "ჯი ეიჩ ენის" მფლობელი გოჩა მირცხულავა იური ვაზაგაშვილის მკვლელობის შემდეგ განვითარებულ მოვლენებს, ძირითადად, პოლიტიკოსთა რეაქციას ეხმიანება და "ფეისბუქზე" წერს, რომ ამ ქვეყანაში გარდაცვლილებიც კი "ჩემიანებად" და მტრებადაა დაყოფილი.
"გული რომ არ გაჩერდეს, ქვეყანა უნდა მოძრაობდეს. ქვეყანა გაჩერდა, კარგა ხანია. მთელი ორი წელი მოანდომეთ ადამიანებისთვის იარლიყების მიწებებას, წილების გადანაწილებას, ნეპოტიზმს, ტყუილებს, გველის წიწილების, "ჩემი ცოლის დაქალებს", "ჩემს ძმაკაცებს" - გულში ჩახუტებას, ვინც აღესრულა იმისთის იქნებ დასრულდა კიდეც წამება.
ვისაც მხოლოდ იმიტომ აწამებენ, რომ არავისზე ნაკლებად არ უყვარს ეს ქვეყანა, არავისზე ნაკლები პატრიოტი არ არის და არავისზე ნაკლები უბრძოლია, იმათ რას ეუბნებით? რას გვეუბნებით იმათ, ვისაც ერთი წლის წინ გაგვიჩერდა გული, ამდენი უსამართლობის შემყურეებს და რომ გეუბნებოდით არ მიდიხართ სწორად - მტრებად გამოგვაცხადეთ, სალამი გაგვიძვირეთ.
მაგრამ ასეთია კაცის გუნება და ხასიათი - მოდგმაა ჩვენი ასეთი - მაინც და მაინც, ჩვენს კარებთან უნდა დაიჩოქოს აქლემმა. არასოდეს მქონია დიდი იმედი, რომ ამ ქვეყანაში სამართლინობა აღდგებოდა კი არა, უბრალოდ კანონი იქნებოდა ყველასთვის კანონი. "სამართლიანობის აღდგენა" ბრიყვთათვის მოფიქრებული ლოზუნგია. არ შეიძლება დედაჩემისთვის, ჩემთვის და ჩემი შვილისთვის სამართლიანობის ერთი საზომი არსებობდეს. კანონის კი!
ამას რომ ვამბობ, ამიტომ ბრიყვებმა ვერაფერი მოიფიქრეს იმის გარდა, რომ მე „ნაციონალი“ ვარ. არა, არ ვარ! არა იმიტომ რომ მიტყდება, იმიტომ რომ სხვდასხვანირად ვხედავდით და ვხედავთ ამ ქვეყნის განვითარებას. უბრალოდ ისინი - ის ნაციონალები იმით გჯობიათ დღეს ქოცებს, რომ მათ არასოდეს მოუწებებით პირადად ჩემთვის და მრვალი ჩემნაირისთვის „რუსეთის აგენტი“ უფრო მწვავე და უფრო დაუნდობელი კრიტიკის პირობებში.
ეს რა შუაშია? თქვენ კი ადვილად გაგვიმეტეთ, იმის გამო, რომ ბატონიძინასთვის ერთგულება დაგემტკიცებინათ, კომფორტულად გეგრძნოთ თავი. თათუხაშვილის სიკვდილი რომ გააპრავეთ, იქ გამოჩნდა თქვენი მორალი. ისევე როგორც ბუტა რობაქიძის ფაქტის დროს დაინგრა ჩემთვის ნაციონალური იდეა.
„თქვენს“ და „ჩვენს“ შორის იცით რა განსხვავებაა? ჩვენ ეს ქვეყანა გვიყვარს და ათას შეურაცხყოფას ვიტანთ ხელისუფლებაში აღზევებული მედროვეებისგან. ვიტანთ უკვე ათეულობით წლებია. თქვენ კიდევ ამ ქვეყანას ხმარობთ, იყენებთ და ძალან მაგრად გკიდიათ სხვა დანარჩენი. იცით, რატომ არ მჯერა პოლიტიკოსების დარდი იურა ვაზაგაშვილის დაღუპვაზე? იმიტომ რომ მკვდრებიც კი დაყავით ჩემიანებად და მტრებად. ამიტომ ხართ მინიმუმ ფარისევლები...
ზვიადი - ზვიადიტების მკვდარია, ედუარდი - ცე-კას ნომენკლატურის, ბუტა და სანდრო - რეალურად მათი მშობლებისა და ახლობლების საქვეყნოდ კი პოლიტმეძავეების, თათუხაშვილი ნაცების, იურა ვაზაგაშვილი - ქოცების? სირცხვილია ეს და ამიტომაც ვერასოდეს ვეღარ აღადგენთ სამართლინობას.
მორალი და ზნეობაა აქ პრობლემა! სხვა კი არაფერი. და თუ საერთოდ რამე გააკეთეთ - დღეს თქვენ, ხვალ ახლებმა ამ მორალით და ამ ზნეობით - ეს სამართლიანობა კი არა ვენდეტა იქნება. კანონი? კანონი ხომ ყველას ფეხებზე გკიდიათ."