-
2014-12-02 03:16
ჟურნალისტი ელისო ჯარიაშვილი სოლომონ თერნალელს, იგივე ზვიად კირტავას მიმართავს და იხსენებს მის ფრაზას ერთერთი ბლოგიდან, რომელიც პირადად უკავშირდება. ჟურნალისტი წერს, რომ ამ თემაზე მანამდე მხოლოდ იმიტომ არ გაუხმაურებია დეტალები, რათა ამას პოლიტიკური კონტექსტი არ გამოეწვია.
"ამ თემაზე საჯაროდ არასდროს დამიწერია, არც მისაუბრია, იციან მხოლოდ ახლობლებმა, - პირადულია. აქამდე და მითუმეტეს იმ დროს არ მინდოდა, პოლიტიკურ პროცესებთან გაიგივებულიყო. წლების წინანდელი ამბავია და ფრაზა ბლოგიდანაც ასევე ძველია, თუმცა ახლა ისევ შემხვდა ინტერნეტში, ავტორს წიგნი გამოუცია და მინდა, რომ ჩემი ბედნიერების არსში ჩავახედო, რომელმაც, როგორც ჩანს, ძალიან შეაწუხა.
Solomon ternalels დაუწერია 2009 წლის ე.წ. სირცხვილის დერეფნის თემაზე: ”და როცა ამას მოსდევს...სირცხვილისკარიდორგამოვლილ ელისო ჯარიაშვილის ბედნიერი კარიერების ამსახველი იდილიური კლიპები, ეს ხომ ცხადზე უცხადესი პროპაგანდაა, რომ „ბედნიერი“ ხელოვანი, მეცნიერი, ჟურნალისტი მხოლოდ უსინდისო მთავრობის გვერდზე შეიძლება იყო და მხოლოდ ამ წყალობით შეინარჩუნო ეს „ბედნიერი“ სტატუსი!”
(შეგნებულად გამოვტოვე რამდენიმე ჩემი კოლეგა, რომელიც ამავე კონტექსტში ჰყავს ნახსენები)
ვინაიდან მეგობრებში მე არ მყავს, იქნებ გადასცეთ ექიმ-ბლოგერს, რომ ჩემი ბედნიერების ძალიან დიდი ნაწილი ზუსტად აი, იმ სირცხვილის დერეფანში დამთავრდა.
პოლიტიკოსები პირდაპირ ეთერში ჟურნალისტებს რომ პირად ნომრებს გვიმოწმებდნენ, პირადი მოსაზრებების გამოთქმას საჯაროდ გვთხოვდნენ და მერე აქტივისტები სტიკერებს გვაკრავდნენ... სახელების და გვარების გახსენება არ მინდა. ორი თვის ორსული ვიყავი და ზუსტად ამ აქციის ასეთ რეჟიმში გაშუქებისას ჩემი ფეხმძიმობა შეწყდა.
ბატონო სოლომონ, თქვენი ნამდვილი სახელი და გვარი ბევრისთვის უცნობი რჩებოდა ბოლო დრომდე, ხელისუფლების შეცვლამდე, მე კიდევ არცერთი ჩემი სიტყვის არ შემშინებია და სხვათაშორის, ეს ჩემი პირადი დრამაც იმიტომაც დარჩა პირადად, რომ სპეკულაციები არ მოჰყოლოდა.
იმედია, გადმოგცემენ ამ ამბავს და იმედს ვიტოვებ, ისეთი სავსე ცხოვრება გექნებათ, რომ ჩემი პირადით დაინტერესების დრო აღარ დაგრჩეთ. და ალბათ ბედნიერიც ხართ, ბედნიერი ბრჭყალების გარეშე, - ხელოვანი მთავრობის გვერდით. სინდისი აქ უკვე რა მოსატანია, არა?!."
შეგახსენებთ, სოლომონ თერნალელი აქტივობით გამოირჩეოდა 2012 წლის წინასაარჩევნო პერიოდში, ბლოგებსა და ფორუმებზე, "ფეისბუქში", საკუთარი ვინაობის დასახელების გარეშე, დაკავებული იყო წინა ხელისუფლების როგორც მაღალჩინოსნების, ასევე მათი რიგითი მომხრეების, არასასურველი ჟურნალისტებისთვის ე.წ. შავი პიარის აგორებით. მას ეკუთვნის თეორია, რომ ავღანეთში ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა იქ პრეზიდენტის რანგში მიხეილ სააკაშვილის ჩასვლას უკავშირდებოდა და რომ ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ ინფორმაცია ხელისუფლებას უფრო ადრე ჰქონდა, თუმცა, ავღანეთიდან პრეზიდენტის დაბრუნებამდე არ გაავრცელა, რაც სრული სიცრუე აღმოჩნდა.
2013 წლის 20 ნოემბერს სოლომონ თერნალელი გამოვიდა ჩრდილიდან და თავისი ვინაობა დაასახელა:
"დამთავრდა სოლომონ თერნალელის ინკოგნიტობის ხანა.2013 წლის 20 ნოემბერს, დაახლოებით ოთხწელიწადნახევრიანი ინკოგნიტო რეჟიმი დასრულდა და მწერალთა სახლში ჩემს ფეისბუქელ მეგობრებს გამოვეცხადე ჩემი ნამდვილი სახელით – მე ვარ ზვიად კირტავა, ექიმი, 54 წლის, დაბადებული ქუთაისში. “თერნალელი” კი უკავშირდება ჩემი დიდედის სოფელს – გვიშტიბს, რომელიც სოფელ თერნალთან ერთად ერთ ადმინისტრაციულ ერთეულს ქმნის", - წერდა ის. თერნალელმა საკუთარი ბლოგების კრებული წიგნადაც გამოსცა.