
თავდაცვის გაძლიერებისა და „უკრაინაში რუსეთის შეჭრის“ საპასუხოდ ნატოს შვიდი ქვეყანა სწრაფი რეაგირების ძალებს ქმნის, სადაც, მინიმუმ, 10 ათასი სამხედრო მოსამსახურე იქნება გაერთიანებული. ამის შესახებ „როიტერი“ იტყობინება.
ახალი სტრუქტურის შექმნის მიზანია რეგულარული სწავლებების ჩასატარებლად ერთობლივი საექსპედიციო ძალების შექმნა. ალიანსის ახალ წარმონაქმნში, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩაუდგება სათავეში, ჩართული იქნება სამხედრო-საჰაერო და სამხედრო-საზღვაო შენაერთები, ასევე სახმელეთო ჯარის ნაწილები.
პროექტში მონაწილეობენ დანია, ლატვია, ესტონეთი, ლიტვა, ნორვეგია და ნიდერლანდები. მონაწილეობის სურვილი კანადამაც გამოთქვა.
სტრუქტურის შექმნის შესახებ განცხადებას დევიდ კემერონი მომავალ კვირას გააკეთებს. 4-5 სექტემბერს უელსში ნატოს სამიტი გაიმართება, სადაც სახელმწიფოთა მეთაურები გეგმავენ მოილაპარაკონ ალიანსის აღმოსავლეთ საზღვრების გამაგრების ვადამდელი გეგმის რეალიზაციაზე. სამიტში მონაწილეობის მისაღებად მიწვევა რუს დიპლომატებს არ მიუღიათ.
შეგახსენებთ, რომ 27 აგვისტოს ნატოს გენმდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა გაახმიანა გეგმა აღმოსავლეთ ევროპაში ალიანსის ახალი სამხედრო ბაზების შექმნის შესახებ. მან ეს ნაბიჯი რუსეთის პრეზიდენტისგან ბალტიისპირეთის დაცვის სურვილით ახსნა. ამას გარდა, ნატო დაჰპირდა უკრაინას, რომ დაეხმარება შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციაში, რათა მოსკოვის მხრიდან აგრესიას წინ აღუდგეს.