-
2014-08-30 02:31
ბატალიონ „დონბასის“ ხელმძღვანელობა თხოვნით მიმართავს უკრაინის უმაღლეს მთავარსარდალსა და ქვეყნის პრეზიდენტს, ყველა ზომა მიიღოს ილოვაისკთან ალყაში მოქცეული უკრაინელი მებრძოლების სიცოცხლის გადასარჩენად.
ამის შესახებ ნათქვამია „დონბასის“ განცხადებაში, რომელსაც „აფხაზეთის ხმა“ უცვლელად გთვაზობთ:
„29 აგვისტოს დილით ანტიტერორისტული სპეცოპერაციის დაჯგუფებას, რომელიც ილოვაისკში იმყოფებოდა, გადაეცა ულტიმატუმი, იარაღის დაყრისა და ტყვედ ჩაბარების შესახებ. მეთაურებმა, გენერალ ხომჩაკის მეთაურობით, გადაწყვიტეს ამ ულტიმატუმის იგნორირება და მიიღეს გადაწყვეტილება, ბრძოლით გაჭრილიყვნენ სპეცოპერაციაში მონაწილე ძირითად ჯგუფთან შესაერთებლად.
მათი გადაადგილების დროს ერთერთ კოლონას შეუტიეს რუსმა სამხედროებმა ჯავშანტექნიკის, ჰაუბიცის, ნაღმმტყორცნებისა და ზალპური ცეცხლის დანადგარის „გრადის“ გამოყენებით.
უთანასწორო ბრძოლის პირობებში უკრაინელებმა გაანადგურეს მტრის ხუთი ერთეული ჯავშანტექნიკა და ტყვედ აიყვანეს ათი რუსი სამხედრო მოსამსახურე. თუმცა, მტრის შეტევების შედეგად ერთერთმა კოლონამ დაიკავა წრიული თავდაცვის პოზიცია ჩერვონიპილთან. მეორე კოლონის ბედი უცნობია, რადგან ყველანაირი კავშირი მასთან გაწყდა.
მრავალსაათიანი ბრძოლის შემდეგ ჩვენმა მებრძოლებმა მიიღეს მეორე ულტიმატუმი - დანებება დილის ექვს საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში - განადგურება. სამხედროების ნაწილმა ტყვედ ჩაბარება გადაწყვიტა.
ბატალიონებმა „დონბასმა“, „კრივბასმა“ და სპეცდანიშნულების კიროვოგრადის პოლკმა ულტიმატუმის პირობები კატეგორიულად უარყვეს. სიტუაციის შესახებ საქმის კურსშია უმაღლესი მთავარსარდალი, ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. სიტუაცია ყოვეწუთს რთულდება, რადგან ალყაში მოქცეულთა შორის ასამდე დაჭრილია როგორც უკრაინის ნაცგვარდიიდან, ასევე შსს-დან.
მივმართავთ უკრაინის პრეზიდენტს თხოვნით, მიიღოს ყველა შესაძლებელი ზომები უკრაინელი გმირების სიცოცხლის შენარჩუნებისთვის და ამისთვის საჭირო ყველა ღონისძიების ჩატარებისთვის“.
