
უკრაინული მედიის ნაწილი სამხედრო ექსპერტებზე დაყრდნობით წერს, რომ თურქეთის რადიოელექტრონული ბრძოლის კომპლექსი KORAL უნიკალური შესაძლებლობების მქონე მოწყობილობაა, რომელსაც შეუძლია რუსული საზენტო-სარაკეტო კომპლექსის С-400-ის რაკეტები „დააბრმავოს“, რის შემდეგაც ის პროგრამით მიწოდებულ სამიზნეს „ვერ დაინახავს“.
ზოგი სამხედრო ექსპერტი უფრო შორს მიდის და წერს, რომ ეს ხერხი თურქმა სამხედროებმა უკვე გამოსცადეს და საკმაოდ წარმატებითაც - KORAL-ის მოქმედების რადიუსი 10-150 კმ-ია, აქედან გამომდინარე, კვლევა ისე ჩატარდა, რომ თურქული კომპლექსი რუსულს არც მიახლოებია და თურქეთს არც საერთაშორისო ნორმები დაურღვევია.
ცალკეული ექსპერტების ამ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმებიან სამხედრო საქმის რუსი სპეციალისტები. ასე მაგალითად, გეოპოლიტიკური პრობლემების აკადემიის პრეზიდენტი, სამხედრო მეცნიერებათა დოქტორი კონსტანტინ სივკოვი აცხადებს, რომ თურქული მოწყობილობის ამგავრი შეფასება გადაჭარბებულია, თუმცა, იქვე ხაზს უსვამს, რომ მას მართლაც, შეუძლია რუსული საზენიტო-სარაკეტო კომპლექის რაკეტის მონაცემებზე იმგვარად ზემოქმედება, რომ ის ზუსტად მიზანში ვერ მოხვდეს:
„იმის მტკიცება, რომ თითქოს თურქულ კომპლექსს რაკეტის მიზნის შეცვლა და მისი ცრუ სამიზნით ჩანაცვლება შეუძლია, სრული ბლეფი და სიბრიყვეა. მათ შეუძლიათ დაბრკოლების შექმნა, მაგალითად, მიზნის აღმოჩენის მანძილის განსაზღვრაში, მაგალითად, 20%-ით, მაგრამ ვერაფრით „დააბრმავებენ“.
С-400-ის რადიოლოკაციური სადგურები ამგვარ დაბრკოლებათაგან დაცვის უახლესი სისტემებითაა აღჭურვილი და იმისთვის, რომ ამ სადგურების ჩახშობა იყოს უზრუნველყოფილი, რუსული სისტემის მუშაობის ლოგიკისა და ალგორითმების ცოდნაა საჭირო.