
საქართველოში ცალკეული ცხოველთა სასაკლაოების ხელმძღვანელობა სიტყვიერად უკვე გააფრთხილეს, რომ 2014 წლის 1 ნოემბრიდან ახალი ბრძანებულება ამოქმედდება და 1 წლამდე გოჭების დაკვლა აიკრძალება.
როგორც "აფხაზეთის ხმას" ერთერთი სასაკლაოს მეპატრონემ განუცხადა, მასთან ოფიციალურად მივიდნენ სურსათის ეროვნული სააგენტოდან და სიტყვიერად გააფრთხილეს, რომ 1 ნოემბრიდან ცხოველების დაკვლის ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის თანახმად, მცირე ზომის გოჭების, მოგვიანებით კი ხბოების დაკვლა აიკრძალება იმ შემთხვევაში, თუ არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ დასაკლავი ცხოველის ასაკი 1 წელს არ აღემატება.
სასაკლაოს მეპატრონის განცხადებით, ოფიციალურმა პირმა დაიბარა, რომ წერილობით ცნობას და თანდართულ შესაბამის დადგენილებას 1 ნოემბრისთვის მიიღებენ.
შეგახსენებთ, რომ საახალწლოდ ერთ წლამდე ასაკის გოჭების დაკვლის შესაძლო აკრძალვის შესახებ ყოფილი გუბერნატორი ვასილ მაღლაფერიძეც წერდა, თუმცა, მაშინ ეს ბევრმა ხუმრობად აღიქვა.