
ნარკომანიის პრობლემა მთელ მსოფლიოს აწუხებს. მას ზოგი დანაშაულად აღიქვამს, ზოგი ავადმყოფობად მიიჩნევს.
არიან ადამიანები, ვინც ნარკოტიკებს დიდი ბრძოლის შედეგად თავი დაანება და ამას საჯაროდ აღიარებენ.
მსახიობი კოტე თოლორდავა არ მალავს, რომ წარსულში ნარკოტიკების მომხმარებელი იყო.
„იმ პერიოდის შვილი ვარ, როდესაც მოდაში იყო ნარკოტიკების გასინჯვა და ვერც მივხვდი, ისე აღმოვჩნდი ამ მორევში ჩათრეული.
ამით ჩემს ოჯახს, მეგობრებს ძალიან დიდი ზიანი მივაყენე და თუ გადავრჩი, ეს მათივე დამსახურებაა, რადგან ზურგი არავინ მაქცია და გვერდში დამიდგნენ",- განაცხადა მსახიობმა.
ვახტანგ რჩეულიშვილი აღიარებს, რომ ახალგაზრდობაში თავადაც იყო ნარკოტიკების მომხმარებელი. მისი თქმით, ნარკოტიკები "ქუჩის რომანტიკას" მოჰყვა.
ნარკოტიკების მომხმარებელი იყო მისი ვაჟიც, გუკა რჩეულიშვილი. ვახო რჩეულიშვილის თქმით, ის პერიოდი, როცა ნარკოტიკებით იყო გატაცებული, 24 წლის ასაკში დაასრულა და ამაში მისი მეუღლე მაია რჩეულიშვილი დაეხმარა.
„ვიღაცას თუ ნარკოტიკის მიღება უნდა, ამას ომს ნუ აბრალებს“, - ასე აფასებს რეპერი კაბუ მისი თაობის ნარკოტიკების მიმართ დამოკიდებულებას. მუსიკოსმა არ იცის კონკრეტულად რამ უბიძგა ნარკოდამოკიდებულებისკენ.
„არ ვიცი, ეს რატომ მოხდა. ბოროტმა მიბიძგა. ქართველები ცნობისმოყვარე ხალხი ვართ. დაგვაინტერესა, როგორი იყო და გავსინჯეთ. ამის მერე ყველა ნარკომანი გავხდით. ის პერიოდი არ მახსოვს, იმიტომ, რომ გათიშული ვიყავი და, შესაბამისად, არ ვნანობ.
არ ვიცი როგორი იყო, მაგრამ მეუბნებიან, ცუდი იყოო. ცუდი არ მინდა, რომ მახსოვდეს და ამიტომ არ ვიმახსოვრებ. უკვე გამოვფხიზლდი. ანტისიზმრული ინექცია გამიკეთეს და ნარკოტიკისგან განვთავისუფლდი, ჩემმა ოჯახმა ამ შემთხვევაში მთავარი როლი ითამაშა. მათი ჩარევა რომ არა, მე მოვკვდებოდი"- საჯაროდ აღიარებს კაბუ ერთ-ერთ ინტერვიუში.
მსახიობი გიორგი ყიფშიძე იმ ხუთ წელს, როცა ნარკოტიკებს მოიხმარდა, დაკარგულად მიიჩნევს.
„ცხელ ძაღლს'' რომ ვიღებდით, ეგ წლებია. ეს იყო ყოველდღიური დოპინგი ჩემთვის. ყოველ დილით, როგორც ყავას სვამს ადამიანი, მე წამალს ვიკეთებდი, რომ ნორმალური ვყოფილიყავი, იმდენად ცუდად ვიყავი.
ჩემი იმედი აღარ ჰქონდათ, კინაღამ თეატრიდან გამაგდეს, დედამ ლამის ჩემს შვილობაზე თქვა უარი, ცოლი კინაღამ გამშორდა. ნარკომანებს ძირითადად ერთი „პრიჩინა“ აქვთ, წამალს რომ შევეშვა, მერე რა ვქნა - ეს არის ფრაზა, რომელსაც ხშირად გაიგონებ მათგან.
ბევრს მართლა არაფერი აქვს საქმე, აღარავინ ჰყავთ, რომ დაანებონ, მართლა რა უნდა ქნან? მე ხელი შემიწყვეს ოჯახმაც, მეგობრებმაც, თეატრმაც და გადავრჩი",- იხსენებს მსახიობი.
adami.ge