
„უმუშევართა კავშირის“ თავმჯდომარემ, თამარ იოვაშვილმა ფეისბუქის პირად გვერდზე იპოთეკით დაზარალებულთა და უმუშევრების მისამართით მიმართვა გაავრცელა.
„იპოთეკით დაზარალებულებსა და უმუშევრებს გაფრთხილებთ, ადამიანთა ჯგუფმა შექმნა ორგანიზაცია "ქ. თბილისის უბინაო მოქალაქეთა საერთაშორისო ფონდი" და "უმუშევართა კავშირი".
მათ გადაწყვიტეს თქვენი გამოუვალი მდგომარეობით ხელის მოთბობა.
განცხადებები გამოაკრეს, ისინი ჰპირდებიან დასაქმებას, ბინების დაბრუნებას, პრობლემის მოგვარებას და ყველა ამქვეყნიურ სიკეთეს მხოლოდ 5 ლარად, რაც ნიშნავს, რომ თქვენ დარეგისტრირებაში გამოგართმევენ თანხას - 5 ლარს და უნდა დაელოდოთ როდის დაგიკავშირდებიან და დაგიბრუნებენ ბინას, დაგასაქმებენ და ა.შ.
რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ბლეფია და მხოლოდ გაჭირვებული ადამიანებისგან თანხის აგროვებას ემსახურება! ამიტომ გაფრთხილებთ, ნუ დაუჯერებთ აღნიშნული ორგანიზაციის დაპირებებს და არ აჰყვეთ პროვოკაციას“, - წერდა თამარ იოვაშვილი.
„ალიასთან“ ინტერვიუში თამარ იოვაშვილი აცხადებს, რომ პლაკატები ძირითადად გაჩერებებზეა გამოკრული.
„დავინტერესდით ამ ორგანიზაციით. ვინც შემატყობინა ამ ორგანიზაციის შესახებ, მითხრა, რომ ითხოვენ 5-5 ლარს, ანუ ფულს სძალავენ ხალხს. ვითომდა იმიტომ, რომ იქ უნდა დარეგისტრირდე, ჩვენთან ყოველგვარი რეგისტრაცია თუ დახმარება უფასოა.
ეს არის სწორედ არასამთავრობო ორგანიზაციის არსი. ამ ხალხს არანაირი წარმოდგენა არ აქვს, რა დღეში არიან ეს დაზარალებულები, უმუშვერები და სპეკულირებენ ამ თემებით. ხალხის გაცურებით ცდილობენ ფულის დაგროვებას. თუ მართლა გინდა ადამიანის დახმარება, რა საჭიროა პარტიულობის დადგენა, ეს ხომ უკვე საეჭვოა?“, -აცხადებს ის.
„ალიამ“ მითითებულ ნომერზე გადარეკა, სადაც განუცხადეს, რომ ორგანიზაციაში თანხის გადახდას არავის აიძულებენ, უბრალოდ შესაწირის სახით შეუძლიათ გაიღონ ორგანიზაციისთვის.
რაც შეეხება ჟურნალისტის შეკითხვას, რომელიც ორგანიზაციის რეგისტრაციის საკითხს ეხებოდა, სამწუხაროდ უპასუხოდ დარჩა, რადგან ოპერატორმა ტელეფონი გაუთიშა.