"მახო მოსულა..." - ყირიმში ქართველი "კანონიერი ქურდი" აიყვანეს

Image

13 სექტემბერს რუსეთის სპეცსამსახურებმა ყირიმში დააკავეს საერთაშორისო ძებნილი, საქართველოს მოქალაქე, სენაკელი ე.წ. კანონიერი ქურდი ილია სიმონია, იგივე "მახო". ამის შესახებ რუსული მედია იტყობინება. 

 

"მახოს" დაკავების დროს წინააღმდეგობა არ გაუწევია, თუმცა, შეიარაღებული იყო. პოლიციელებმა პირადი ჩხრეკის დროს მისგან ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ჯერჯერობით სასამართლო არ გამართულა.

 

57 წლის "კანონიერი ქურდ" სიმონიას საკმაოდ „შთამბეჭდავი“ ისტორია აქვს და ვფიქრობთ, უპრიანი იქნება, თუ მას მკითხველსაც გავაცნობთ.

 

"მახო" ცნობილი გახდა მისი კონფლიქტით ვიაჩესლავ ივანკოვთან, იგივე ლეგენდარულ "იაპონჩიკთან", რომელიც გასული საუკუნის 90-იან წლებში, ირკუტსკის ოლქში დაიწყო. თავად "მახო" 1987 წელს, ქალაქ ტულუნის ციხეში, პაატა თვალჭრელიძის მიერ "მოინათლა", ხოლო ერთი წლის შემდეგ ციხიდან გამოვიდა და ირკუტსკში გავლენიან კრიმინალურ ლიდერად ჩამოყალიბდა, რასაც "იაპონჩიკთან" გავლენის სფეროების გადანაწილებისთვის ბრძოლა მოჰყვა.

 

თუმცა, "იაპონჩიკსა" და მახოს შორის დაპირისპირება არა თავისუფლებაზე ყოფნისას, არამედ სწორედ ტულუგის ციხეში დაიწყო, როცა ორივე იქ იხდიდა სასჯელს. ცალკეული პატიმრები, რომლებსაც "მახო" აქეზებდა, კარგა ხანს არ აღიარებდნენ "იაპონჩიკს" ქურდის რანგში, ხოლო თავად ივანკოვი კავკასიელებს ადანაშაულებდა, რომ ისინი წოდებას ფულით ყიდულობენ, ხოლო სიმონიასთან მიმართებაში მკაცრი პოზიცია ეჭირა და ამბობდა, რომ ის ვერ გახდებოდა სრულფასოვანი "ქურდი", რადგან მკვლელობა ჰქონდა ჩადენილი და კომკავშირის წევრი იყო.  

 

ამ ორ იდეოლოგსა და მათ მომხრეებს შორის კონფლიქტი ძალიან მალე გასცდა რეგიონულ მასშტაბებს და საერთო ხასიათი მიიღო. სიმონიას ხელმძღვანელობით ქართველი „კანონიერი“ ქურდების ნაწილი აქტიურად აიგნორებდა „იაპონჩიკის“ მიერ მონათლულ ქურდებს და „ქურდულ სამყაროსაც“ მათი იგნორირებისკენ მოუწოდებდა.

 

საპასუხოდ, 1990 წელს „იაპონჩიკმა“ ორი კრიმინალი „მონათლა“, რასაც თბილისში, თვალჭრელიძისა და სიმონიას ინიციატივით „სხოდკის“ ჩატარება მოჰყვა, სადაც „იაპონჩიკის“ მონათლული ალექსანდრე მოისეევი, იგივე მასია არაქურდად დაადგინეს და მეტიც - სასიკვდილო განაჩენი გამოუტანეს. რა გასაკვირია და, განაჩენი მალევე აღსრულდა: ტანკსაწინააღმდეგო ნაღმმა ჰაერში ასწია მასიას ავტომანქანა და მისი სხეულის ნაფლეთები ასი მეტრის რადიუსში მიმოფანტა - ეს 1991 წლის ივნისში მოხდა.

 

1991 წელს, გათავისუფლებამდე ცოტა ხნით ადრე, „იაპონჩიკმა“ ე.წ. პრაგონი დაგზავნა, სადაც არაქურდად გამოაცხადა „მახო“ და მასთან ანგარიშსწორებისკენაც მოუწოდა „კოლეგებს“, მაგრამ სიმონია ამჯერად მოსკოველმა ავტორიტეტულმა „ქურდებმა“ იხსნეს, რომლებმაც „იაპონჩიკს“ სთხოვეს, ხელი აეღო „მახოს“ დევნაზე.

 

1993 წლის ბოლოს სიმონია სანკტ-პეტერბურგში ჩადის, თუმცა ადგილობრივმა ავტორიტეტებმა მას ურჩიეს, მოსკოვში ჩასულიყო და იქ გაერკვია თავისი პრობლემები. 1993 წლის დეკემბერში სიმონია მოსკოვში, რესტორან „მზიურში“ „სხოდკას“ დაესწრო, სადაც მას უკვე „დედ ჰასანი“ დაუპირისპირდა და ის არაქურდულ მოქცევაში დაადანაშაულა. საპასუხოდ სიმონია მას ფიზიკურად დაუპირისპირდა, ხოლო შემდეგ „სხოდკა“ დატოვა და დაიმუქრა, რომ „დედ ჰასანს“ ანგარიშს გაუსწორებდა. მაშინ სიმონიას მხარი მხოლოდ ვახტანგ ეხვაიამ დაუჭირა, რომელსაც „დედ ჰასანის“ მიმართ თავისი ანგარიშები ჰქონდა.

 

მრავალჯერ შერისხული „მახო“ სანკტ-პეტერბურგში ჩავიდა, ერთხანს განმარტოვდა და ჩრდილში გადგა, მაგრამ ქართველი „ქურდების“ ნაწილი არ აღიარებდა მის არაქურდად დატოვებას, ამიტომ თავად გადაწყვიტა, ბოლომდე ებრძოლა ტიტულის შესანარჩუნებლად.

 

ამასობაში ირკუტსკში, სადაც „მახოს“ სახელი ჯერაც გრგვინავდა, ადგილობრივებს მისი არაქურდად დატოვების შესახებ გადაწყვეტილება „იაპონჩიკის“ მიერ მონათლულმა ვლადიმირ ტიურინმა, იგივე „ტიურიკმა“ გააცნო.

 

1994 წლის 10 ივნისს, „მასიას“ ჰაერში აწევიდან მესამე წლისთავზე ირკუტსკში ავტომატიდან ოთხი გასროლით მოკლეს „მახოს“ უახლოესი მეგობარი, „კანონიერი ქურდი“ პაატა ღუდუშაური, იგივე „სკოტ ტბილისსკი“. ამ მკვლელობით ირკუტსკში ქართველი „კანონიერი ქურდების“ გავლენა საბოლოოდ განეიტრალდა, ხოლო 1994 წლის აგვისტოში, სოჭში, „ვაზ 21-09“ დაცხრილეს, სადაც სიმონია და ეხვაია ისხდნენ. მანქანის მძღოლი მოკვდა, ხოლო სიმონია და ეხვაია მსუბუქი ჭრილობებით გადარჩნენ.

 

1997 წელს სიმონია მაინც დაბრუნდა ირკუტსკში, სადაც სულ ცოტა ხნით ადრე მის დაბრუნებამდე ორი მისი წარგზავნილი „ქურდი“ ბინაში მოკლეს. „მახომ“ თანამზრახველები მოიძია და, არც მეტი, არც ნაკლები, „დალნებოიშიკების“ (გრძელ მარშრუტზე მოძრავი ტრაილერის მძღოლები, რომლებსაც ტვირთი, როგორც წესი, ტრანზიტული ქვეყნის გავლით გადააქვთ) ძარცვას შეუდგა. სწორედ ასეთი „რეიდის“ დროს ისიც და მისი დამქაშებიც პოლიციამ აიყვანა.

 

„მახოს“ ისტორია აქ არ დასრულებულა. არც მისი „ქურდად“ ყოფნის კურიოზები ამოწურულა. როგორც ჩანს, რაღაც მანქანებით, მან მაინც შესძლო, სრულფასოვანი „ქურდის“ სახელი აღედგინა. ამაზე მეტყველებს ის, რომ 2000 წელს სიმონია მოსკოვში, რესტორან „მელნიცაში“ გამართულ „სხოდკაში“ მონაწილეობდა, სადაც რამდენიმე „ქურდი“ პოლიციამ დააკავა. სიმონიასთან ერთად დაკავებული თემურ სინათაშვილი და თემურ ნემსიწვერიძე, იგივე „წრიპა“ სუფთა აღმოჩნდნენ, სიმონიას კი ოპიუმი აღმოუჩინეს და დააპატიმრეს. ის იზოლატორში გადაიყვანეს, თუმცა მალევე, სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს.

 

„იაპონჩიკისა“ და „დედ ჰასანის“ სიკვდილის შემდეგ „მახოს“ ტიტულს არავინ შეხებია - მან ის გიგანტებთან ბრძოლაში შეინარჩუნა და, შესაბამისად, არცაა გასაკვირი, რომ ამ გავლენის ვეტერან „ქურდს“ უამრავი პატივისმცემელი ჰყავს კრიმინალურ ვერტიკალში.

 

 

maxo2.jpg

 

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !