რა სკანდალური წერილი მისწერა მიტროპოლიტმა ანდრიამ დავით უსუფაშვილს

Image

 მართლმადიდებელი ეკლესიის სიმპოზიუმზე დავით უსუფაშვილის  გამოსვლიდან რამდენიმე კვირის შემდეგ გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, პარლამენტის თავმჯდომარეს ვრცელი წერილით უპასუხა:

 

 

„...პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლამ იმთავითვე აღგვიძრა სურვილი კითხვების დასმისა, ზოგიერთ საკითხზე უფრო ვრცელი განმარტებების მოსმენისა და საკუთარი პოზიციის დაფიქსირებისა, მაგრამ კონფერენციის გახსნის რეგლამენტი შემოიფარგლებოდა მხოლოდ ხუთი გამომსვლელით და ამ დღის ფორმატი არ ითვალისწინებდა არანაირ კითხვა-პასუხსა თუ პოლემიკას.

 

აღნიშნული სურვილი კიდევ უფრო გაგვიღრმავა იმ გარემოებამ, რომ ბატონი დავითის გამოსვლამ სოციალურ ქსელებშიც ჰპოვა ფართო გამოხმაურება და საზოგადოების ნაწილის მიერ იგი აღქმულ იქნა, როგორც შეფასება ქვეყანაში არსებულირელიგიური მდგომარეობისა.

 

ასევე, როგორც აღმოჩნდა, პარლამენტის თავმჯდომარის სიტყვასა (რაც დარბაზში მოვისმინეთ, გადაიცა სატელევიზიო ეთერით და ატვირთუ ლია სოციალურ ქსელებში) და მის ოფიციალურ facebook გვერდსა თუ სხვადასხვა ინტერნეტ გამოცემებში მოთავსებულ ამავე გამოსვლის წერილობით ტექსტს შორის არსებითი განსხვავებები არსებობს. კერძოდ, ეს უკანასკნელი შეიცავს რამდენიმე მკვეთრ, ჩვენთვის სრულიად მიუღებელ განცხადებას, რაც კონფერენციაზე არ თქმულა.

 

ამასთან, გულსატკენია ისიც, რომ მკითხველს ისინი ისე მიეწოდება, თითქოს საჯაროდ ყოფილიყვნენ გაჟღერებულნი. სწორედ ამიტომ, ჩვენს სამღვდელმთავრო ვალად ჩავთვალეთ მოცემულ საკითხზე განმარტებით მიგვემართა გორისა და ატენის ეპარქიის სამწყსოსათვის... 

 

პარლამენტის თავმჯდომარე ბრძანებს, რომ: „ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ ვერა, ლიბერალურ-დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული ისეთი სახელმწიფოს შექმნას, რომელიც დაიცავს ეროვნულ იდენტობას და პიროვნების თავისუფლებას“;

 

მოგეხსენებათ, რომ მართლმადიდებელთათვის თავისუფლება ნიშნავს სწორედ ვნებებისაგან განთავისუფლებას, პირველადი (ცოდვით დაცემამდელი) ჰარმონიის აღდგენას ადამიანში, მის სრულ ერთობას ღმერთთან - განღმრთობას, რაც ცოდვასთან ბრძოლით, საკუთარი თავის უარყოფით (იმდენად არის ცოდვა შესისხლხორცებული ადამიანის ბუნებასთან) მიიღწევა. ადამიანის ზნეობა დამოკიდებულია მისი თავისუფ ლების ხარისხზე. თავისუფლების არსი შესანიშნავად გამოხატა და განმარტა გაბრიელ ეპისკოპოსმა (ქიქოძემ): „თავისუფალია ადამიანი მხოლოდ მაშინ, როცა ირჩევს სიკეთეს“.

 

„ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ ყველაფერი სასარგებლო როდია, ყოველივე ნებადართულია ჩემთვის, მაგრამ მე არაფერს დავემონები“ - წერს პავლე მოციქული კორინთელთა მიმართ ეპისტოლეში (კორ.1.6.12).

 

აქვე გვსურს განვმარტოთ, რომ ეკლესიის მთავარ საზრუნავს, მაშინაც კი, როდესაც იგი მატერიალურად ეხმარება გაჭირვებულთ, ადამიანის უკვდავი სულის სამუდამო ხვედრი წარმოადგენს. ამას, როგორც ვხედავთ, ბატონი დავითიც აღიარებს. რწმენა უფლისა, მხოლოდ მისი თაყვანისცემა, ღვთის მცნებების აღსრულება გულისხმობდა და გულისხმობს სიმართლით და ზნეობით ცხოვრებას. სწორედ ეს გახლავთ ერის ღირსების განმსაზღვრელი. რაც შეეხება ეროვნულობას, ქრისტიანობაში იგი ნიშნავს ზრუნვას შენი ხალხის ნაკლოვანებათა გამოსწორებისათვის, ნიშნავს იმ ტრადიციებისა და ზნეჩვეულებების დაცვას, რაც მისი თავისთავადობის, მეობის საფუძველია.

 

ყოველივე ეს კი, ამავე დროს, სხვა ხალხებისა და ქვეყნებისადმი პატივისცემასა და კეთილგანწყობას განაპირობებს. ბატონი დავითის მისასალმებელ სიტყვაში წამოჭრილი საკითხები ადრეც აღელვებდა ქართულ საზოგადოებას. მათზე გამოთქმული აქვთ საკუთარი აზრი ჩვენს დიდ მოაზროვნეებსა და ერის მამებს.

 

აი, რას ბრძანებს თავისუფლების მეხოტბე ქართველი გენიოსი: „რას თხოულობს თავისუფლება ადამიანისაგან? როგორ უნდა იქცეოდეს თავისუფალი ადამიანი? თავისუფალი ადამიანი უნდა იქცეოდეს ისე, რომ თავისი ყოფაქცევით სხვას არ ჰვნებდეს, მით უმეტეს საზოგადოებას, არამედ მისი მოქმედება უნდა იყოს მიმართული ქვეყნის საბედნიეროდ. თუ ეს პირობა არ იქნება ადამიანისაგან დაცული, მაშინ მისი მოქმედება იქნება ავაზაკური, ვინაიდან ყოველი ავაზაკი თავისუფლად იქცევა მხოლოდ პირადი სარგებლობისათვის. მაშასადამე, მხოლოდ იმაში არ გამოიხატება თავისუფლება, რაც გნებავს ის ილაპარაკო, სწერო, აკეთო,- არა! უნდა ყოველ სიტყვას და მოქმედებას საერთო, საზოგადო ბედნიერება ედვას სარჩულად, ქვეყნის თუ სასარგებლო არა, სამავნებლო, საზარალო მაინც არ უნდა იყოს ქვეყნისათვის“ (ვაჟა-ფშაველა, „რა არის თავისუფლება?“).

 

თითქოს დღევანდელობას აღწერდეს უკვდავი ილია: „ჩვენ ადრევაც გვითქვამს, რომ ახლანდელს დროს რაღაც ხიფათი შეემთხვა და ადამიანის ლოღიკამ გზა შეიშალა, თითქო ან მართულები მოეშალა, ან ღერძი გადაუბრუნდაო. სულ ყველაფერი აირივ-დაირივა, ტყუილი და მართალი ვეღარავის გაურჩევია, ქვენა-გრძნობანი ზენა-გრძნობათა ადგილს გამეუფდნენ, ცოდვამ მადლის პირბადე ჩამოიფარა, ყალბი ხალასად გადის და ნაძირალა თავანკარად. თითქო ჭკუისა და გულის აღებ-მიცემობაში აღარ იშოვება საწყაო ცოდვისა და მადლისა, ტყუილისა და მართლისა.

 

ყველანი ვხედავთ ამას, ყველას თვალ-წინ ათასი ამისი მაგალითი გვიდგა და ყველანი ვიშვნევთ და ვიწყნარებთ ამისთანა ყოფას, თითქო ამითი არავითარი რიგი ურთიერთობებისა არ ირღვეოდეს... თითქო კეთილს, მართალს, მადლს უღონობა შეაჩნდათ და ამის გამო ბოროტს, ტყუილს და ცოდვას-ღა მივენდენით სრულის იმედით, რომ იგი ჰქმნან კაცის ბედნიერებისათვის, რაც კეთილმა, მადლმა და მართალმა ვერ შესძლეს.

 

...სულელობას, ოღონდ მეცნიერების სახელით-კი გამოვიდეს მოედანზედ და ლიბერალობა მოეწეროს ქვეშ, არსად იმისთანა უვიცობის ხნული არ დახვდება ფესვის მოსაკიდებლად, როგორც ჩვენში. საცა ჭკუა და გული ადამიანისა დღეს-აქამომდე სხვისის ნასუფრალით იკვებება აუწონ-დაუწონველად. ...ყოველს სასაცილობას წამოიყრანტალებენ, გამოუძიებლად, საბუთის უკითხველად, ნამეტნავად მაშინ, თუ ყურში წასჩურჩულეთ, რომ ეს უკანასკნელი სიტყვაა მეცნიერებისა, ახალი მოძღვრებაა, ახალი მიმართულება და უეჭველი ნიშანია ლიბერალობისა.

 

...სულ სხვაა ჩვენი შინაური უარმყოფელობა. იგი რაღაც სიბრძნეს, ცოდნასა და ლიბერალობას ჩემულობს და თუ გამვლელ-გამომვლელი თავს არ უკრავს და მუხლს არ უყრის, ყველანი სულელები ჰგონია, უცოდინარი და რეტროგრადი. ამის მსმენელს ბალღებსაც სჯერათ ეს ყველაფერი და ვნებაც სწორედ აქ არის.

 

აკი მოგახსენებთ, ჩვენში იმისთანები არიან, რომ სახელად მიაჩნიათ გამოვიდნენ და იყვირონ - დღისით დღე არ არის და ღამით ღამეო. თითქოს მარტო იმისთვის, რომ ბალღებს მოაწონონ თავი და ტაშის ცემით ათქმევინონ: აი უარმყოფელი და, მაშასადამე, ბრძენი, მცოდნე და ლიბერალი. თორემ გონებაში ჩავარდნილი კაცი ამ უარმყოფელს საგიჟეთში ამოუყოფდა თავსა“ (ილია ჭავჭავაძე, „უარმყოფელობა ჩვენში“).

 

ასე რომ, როგორც ჩვენი ერის მამების ნაწერებიდან ირკვევა, „ეროვნულ იდენტობასა და პიროვნების თავისუფლებას“ საფრთხე, არასწორად გაგებული და ქადაგებული ლიბერალიზმისაგან უფრო ემუქრებათ. ეს კი იმიტომ, რომ ლიბერალიზმი აღმოცენდა ისეთ წიაღში, რომელიც დაშორდა უძველეს საეკლესიო გარდამოცემას. და თუკი ვინმეს მართლაც სურს ქრისტიანობის ფესვებისაკენ მობრუნება, მან უნდა მიმართოს ერთადერთ ჭეშმარიტებას - უფალ იესო ქრისტეს მცნებებს, რომელთაც საუკუნეების მანძილზე უცვლელად იცავს მართლმადიდებელი ეკლესია - და მაშინ ყოველივე თავის ადგილას დადგება.

 

ლიბერალიზმისათვის, მისი თანამედროვე გაგებით, მთავარ ფასეულობას წარმოადგენს ღმერთს დაცილებული, ცოდვილ მდგომარეობაში მყოფი ადამიანი. ამასთან, ეს ადამიანის ბუნებრივ (ნორმალურ) მდგომარეობად განიხილება, ისევე, როგორც მისი ნებისმიერი სურვილის დაკმაყოფილება, თუკი იგი კანონით არ იკრძალება. სწორედ ეს მიიჩნევა პიროვნების თავისუფლებად.

 

დღეს ეროვნული ღირსებისა და სარწმუნოების შელახვა, ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება, სხვადასხვა მეთოდით ხორციელდება და ამაში, სამწუხაროდ, დიდ როლს მასმედია ასრულებს. თუ პირადი ცოდვა ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და რეკლამირება რყვნის და ღუპავს მთელს საზოგადოებას.

 

ბატონი დავითი ასევე ბრძანებს: „დიახ, ჩვენზეა დამოკიდებული, მოვახერხებთ თუ ვერა ქრისტიანული სულიერებისა და მსოფლმხედველობის დაბრუნებას. იმიტომ, რომ ჩვენ დაახლოებით 100 წლის წინ ამ სულიერებას ჩამოგვაცილეს კომუნისტური რეჟიმის პირობებში“.

 

პატივცემული ორატორი ფართო საზოგადოებას მიმართავდა და ამ მხრივ, მისი სიტყვები ნაწილობრივ მისაღებად შეიძლება ჩაითვალოს, თუმცა, როგორც სასულიერო დასის წარმომადგენელმა, რომელიც აღნიშნულ შეკრებას ვესწრებოდი, შემიძლია განვაცხადო, რომ თავიანთი არსებობის მანძილზე ქრისტიანებს მთელს მსოფლიოში მოუწიათ არათუ 70 წელი, არამედ მთელი საუკუნეები მტრულად განწყობილ და სარწმუნოების მდევნელ სახელმწიფოებში ცხოვრება, იღვრებოდა უამრავი სისხლი, მაგრამ ეს მხოლოდ აძლიერებდა ეკლესიას! დღესაც საქართველოს ეკლესიას სრულად აქვს შენარჩუნებული ქრისტიანული სულიერება და მსოფლმხედველობა და ძალუძს მათ აზიაროს ნებისმიერი მსურველი.

 

გადავიდეთ პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლასა და ამ გამოსვლის წერილობით ვარიანტში არსებულ ძირეულ სხვაობებზე.

 

გამოქვეყნებულ ტექსტში ვკითხულობთ: „რუსული პროპაგანდის გავლენით საზოგადოების და საეკლესიო წრეების ნაწილში ყალიბდება სტერეოტიპი იმის შესახებ, რომ „დასავლეთი არის მართლმადიდებლობის მტერი“. და თუ ეს ასეა, მაშინ გამოდის, რომ „კომუნიზმი და იმპერიალიზმი ყოფილა მართლმადიდებლობის დამცველი“. საზოგადოების ეს ნაწილი მიიჩნევს, რომ რუსეთი არის მართლმადიდებლობის ცენტრი და ჩვენი საყრდენი დასავლეთთან ურთიერთობასა და გლობალურ პროცესებში. მე-19 საუკუნის კოლონიალიზმისა და მე-20 საუკუნის კომუნიზმის შედეგებს ამგვარად ვიმკით 21-ე საუკუნეში“ (ციტატის დასასრული).

 

უპირველეს ყოვლისა, ძალზედ გვაკვირვებს საზოგადოების ნაწილის ასე იოლად გამოცხადება რუსული პროპაგანდის მსხვერპლად. უნებლიედ გვებადება კითხვა: ნუთუ ეს ხალხი მოკლებულია დამოუკიდებლად აზროვნების უნარს და ისე, რომ თავადაც ვერ გაუცნობიერებიათ, საქართველოს მტრად არიან ქცეულნი?!

 

ხოლო რაც შეეხება საეკლესიო წრეების თუნდაც ნაწილისთვისაც კი, დაბრალებას იმისა, რომ თითქოს მათ კომუნიზმი და იმპერიალიზმი სარწმუნოების დამცველად, ხოლო რუსეთი მართლმადიდებლობის ცენტრად ესახებოდეთ, დიდ უსამართლობად მიგვაჩნია. შეგახსენებთ, რომ სასულიერო დასსა და მორწმუნე საზოგადოებაში მრავალი წლის მანძილზე მტკიცედ ჩამოყალიბებული ერთსულოვანი აზრის საფუძველზე, ჩვენი პატრიარქის უშუალო ინიცირებით, საქართველოს ეკლესიის ამჟამინდელი წმინდა სინოდის მიერ, ბოლო წლებში მოხდა იმპერიალიზმისა და კომუნიზმის წინააღმდეგ მებრძოლი და ეროვნული იდენტობის დამცველი არაერთი საეკლესიო და სახელმწიფო მოღვაწის წმინდანთა დასში შერაცხვა. მოგვყავს მათი არასრული ჩამონათვალი: იმერეთის მეფე სოლომონ II, ეპისკოპოსნი დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, დიმიტრი ყიფიანი, გაბრიელ ეპისკოპოსი, ილია ჭავჭავაძე, პატრიარქები კირიონ II და ამბროსი ხელაია, ძმები კარბელაშვილები, გაბრიელ ბერი და სხვანი.

 

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ, როგორც პირადად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, უწმინდესსა და უნეტარეს ილია II-ს, ასევე ჩვენი ეკლესიის იერარქებსაც, არაერთხელ დაუფიქსირებიათ, მათ შორის საერთაშორისო ტრიბუნიდანაც, თავიანთი განუხრელი ერთგულება საქართველოს დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი.

 

შემდგომი მკვეთრი განცხადება, რომელიც არ თქმულა სიმპოზიუმზე, თუმცა იკითხება პარლამენტის თავმჯდომარის გამოსვლის ოფიციალურ წერილობით ვერსიაში, გახლავთ: „არანაკლები ბოროტებაა სახელმწიფოს მართვა ბიბლიით, ნაცვლად კონსტიტუციისა“. ჩვენ არ ვიცით, თუ კონკრეტულად რისი თქმა სურდა ამით ბატონ დავითს, მაგრამ ყოვლად დაუშვებლად ვთვლით ბიბლიის გვერდით სიტყვა „ბოროტების“ ხმარებას და მიგვაჩნია, რომ სახელმწიფო უნდა იმართებოდეს ბიბლიის (წმინდა წერილის) სულის მატარებელი კანონებით. აქვე გვახსენდება VI საუკუნის ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანე დიდის „დიგესტებში“ მოცემული განსაზღვრება: „სამართალი გახლავთ მეცნიერება სიკეთესა და სამართლიანობაზე“.

 

საკუთარი სიტყვა პატივცემულმა მომხსენებელმა გააგრძელა ასიმეტრიული ინსტიტუციური სეკულარიზმის არსის განმარტებით და ჩვენ ვეთანხმებით მის მსჯელობას, რომ „სახელმწიფოს არა აქვს უფლება ჩაერიოს ეკლესიის საქმიანობაში, ხოლო ეკლესიას უფლება კი არა, ვალდებულება აქვს ჩაერიოს საზოგადოების ცხოვრებაში, მათ შორის სახელმწიფოებრივ ცხოვრებაში. ცხადია ჩაერიოს კანონისა და ზნეობის ფარგლებში“. თავისი გამოსვლის დასასრულს, იგი ისევ დაუბრუნდა აღნიშნულ თემას და დასვა კითხვები:

 

„მოახერხებს სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი, რომ არ გასცდეს თავისი ბუნებით შემოსაზღვრულ ფარგლებს და არ იტვირთოს ადამიანების ღმერთთან, ანუ ჭეშმარიტებასთან მიყვანის ფუნქცია და არ წაუცდეს ხელი ეკლესიისადმი მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ რეიტინგად კონვერტაციისაკენ? - დღემდე ხშირად სახელმწიფო და პოლიტიკური კლასი ამას ვერ ვახერხებდით.

 

მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება... და მე აქ უნდა გავჩერდე, როგორც სახელმწიფოს წარმომადგენელი, სწორედ იმ ასიმეტრიული სეკულარიზმის პრინციპებიდან გამომდინარე და ეს ეკლესიის და სამღვდელოების გადასაწყვეტია რა არის მოსახერხებელი, რა არის გასაუმჯობესებელი, რა არის გასაკეთებელი“ (ციტატის დასასრული).

 

ასე ითქვა სიმპოზიუმზე. საკუთარ ოფიციალურ facebook გვერდზე კი, ბატონი დავითი წერს: „მოახერხებს ეკლესია და სამღვდელოება, რომ მისი მოქმედების დასაწყისი და დასასრული იყოს მხოლოდ და მხოლოდ ქრისტე და არ შეეცადოს მორწმუნეთა ნდობის საკუთარ პოლიტიკურ ძალაუფლებად კონვერტაციას? - დღემდე მან ეს ყოველთვის ვერ მოახერხა...“ (ციტატის დასასრული).

 

თუ ეს სიტყვები მართლაც ბატონ დავითს ეკუთვნის, მაშინ დაგვეთანხმებით, რომ ამ გამონათქვამით პარლამენტის თავმჯდომარე არღვევს მის მიერვე ასე მკაფიოდ ჩამოყალიბებულ ასიმეტრიული სეკულარიზმის ერთ-ერთ უმთავრეს პრინციპს.

 

გამოსვლისას ბატონმა დავითმა ასევე აღნიშნა, რომ „ყველაზე მნიშვნელოვანი შრომები ღვთისმეტყველების - ადამიანების, რომელთაც ქრისტიანული მსოფლმხედველობა განავითარეს და აიყვანეს ახალ სიმაღლეებამდე, არ არის ქართულ ენაზე ნათარგმნი. ეს ძალიან საშური საქმეა, რომ ჩვენ ქართულ ენაზე გავეცნოთ ყველა იმ ნაშრომს, ყველა იმ მოძღვრებას, რომელიც საუბრობს თანამედროვე სახელმწიფოზე, თანამედროვე ეკლესიაზე და მათ შორის ურთიერთობაზე“.

 

მოგეხსენებათ, რომ ქრისტიანული ჭეშმარიტება სრული სისავსით მიიღეს მოციქულებმა სულიწმინდის გარდამოსვლის დღეს. მას შემდეგ ეს მადლი და ცოდნა დაცულია მართლმადიდებელ ეკლესიაში. არავის ძალუძს მისი „განვითარება“ ან „ახალ სიმაღლეებამდე აყვანა“. ამასთანავე, ისტორიულად, წმინდა მამები - დიდი ღვთისმეტყველები განმარტავდნენ წმინდა წერილს, გადმოგვცემდნენ ეკლესიის აზრს სხვადასხვა სწავლებასა თუ საკითხზე, რომელიც იმდროინდელ საზოგადოებას აღელვებდა. მართალია თანამედროვე მართლმადიდებელ ღვთისმეტყველთა (ბერძენ, სერბ, რუმინელ, ამერიკელ, ფრანგ თუ სხვა) ნაშრომების უმეტესობა, სამწუხაროდ, ჯერჯერობით არ თარგმნილა ქართულ ენაზე, მაგრამ ისინი ჩვენთვის ცნობილია და თუ გვერწმუნებით, ლიბერალიზმის მხარდაჭერას იქ ვერსად ნახავთ. სწორედ მათზე დაყრდნობით მოგახსენებთ ჩვენს მოსაზრებებს.

 

ვეთანხმებით ბატონი დავითის მსჯელობას (მისი გამოსვლის წერილობით ვარიანტში), რომ სახელმწიფოს ფუნქციას წარმოადგენს „შექმნას ადამიანის თავისუფლების გამოვლინების პირობები ისე, რომ არ დაირღვეს სხვათა უფლებები და საყოველთაოდ აღიარებული ზნეობრივი ნორმები“. ამასთან დაკავშირებით იბადება კითხვა - ვინ გან საზღვრავს იმ საყოველთაოდ აღიარებულ ზნეობრივ ნორმებს, რომელთა დარღვევაც ყოვლად დაუშვებელია? ზნეობრიობა ძალზედ მრავლისმომცველია. იგი თავგანწირვის, სიკეთის, მოწყალების, წინაპართა პატივისცემის, სამშობლოს სიყვარულის, ღირსეული ოჯახის შექმნის, კარგი შვილების აღზრდისა და სხვა სათნოებათა ერთობლიობას წარმოადგენს. ყველაფერი იცვლება ჩვენს ცხოვრებაში: დრო-ჟამი, ადამიანები, მაგრამ როგორადაც არ უნდა ეცადონ ზოგიერთნი „ახალი ზნეობრივი ფასეულობების“ დანერგვას, არასოდეს მოხდება, რომ ღირსეული ეწოდოს ბოროტ, მკვლელ, მრუშ, სამშობლოს მოღალატე, ცრუ და უსიყვარულო კაცს. არა აქვს მნიშვნელობა, ადამიანი ქრისტიანია თუ არა, ვინაიდან ღირსება ზოგადსაკაცობრიო ღირებულებაა. ამიტომ, მიგვაჩნია, რომ მხოლოდ და მხოლოდ საზოგადოება უნდა წყვეტდეს, თუ რომელი საქციელი ითვლება ამორალურად, გასაკიცხად და სცდება ზნეობრივი მინიმუმის ზღვარს. სახელმწიფოს პრეროგატივას კი, სხვადასხვა საფრთხის შემცველი ამა თუ იმ ქმედობის კრიმინალიზაცია წარმოადგენს.

 

აქედან გამომდინარე, ყოვლად დაუშვებლად ვთვლით ე.წ. „ანტიდისკრიმინაციული კანონის“ მოცემული რედაქციით დატოვებას, ვინაიდან იგი, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის აზრით, არანაირ ზნეობრივ ჩარჩოებში არ ჯდება!

 

ეროვნული თვითმყოფადობის, ზნეობრივი და სულიერი ფასეულობების შესანარჩუნებლად მუდამ იბრძოდა და იბრძოლებს ქართული ეკლესია, ჩვენი ერის საუკეთესო შვილებთან ერთად.

 

ღვთისმშობლის მოსვლისა კი, ჩვენ - მორწმუნეებს არ შეგვრცხვება, თუკი მას დავახვედრებთ ჭეშმარიტ სარწმუნოებას, ღვთისა და მოყვასის სიყვარულს, სახარების მცნებებით ცხოვრების ძალისაებრ მცდელობასა და გულწრფელ სინანულს ჩადენილი ცოდვების გამო.

 

გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა)

21 ივნისი 2014 წ.

P.S. თუკი ვინმე დაგვიანებულად მიიჩნევს აღნიშნულ მიმართვას, ასეთებს ვუპასუხებთ,  რომ შეგნებულად თავს ვიკავებდით წინასაარჩევნო პერიოდში მისი გამოქვეყნებისაგან, რათა გამოგვერიცხა პოლიტიკური ქვეტექსტის არსებობის ყოველგვარი ეჭვი.” - ნათქვამია მიმართვაში

 

 

 

http://pirveliradio.ge/index.php?newsid=28245

რედაქტორის რჩევით

გაწვდით პოზიტივს! - "დები დიღმელები" სტუმრად რადიო დარდიმანდში სიმღერის პრემიერით

2023-05-15 18:57
"ავთხოვდი ჩავთხოვდი" და "ნაღდი ქალები" ასე ქვია სიმღერებს, რომლის პრემიერაც დღეს რადიო...

2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში 2000-იანი წლების ოქროს ჰიტების საღამო გაიმართება

2023-05-15 13:33
საინტერესო ინფორმაცია მათთვის, ვისაც 2000-იანების ჰიტები უყვარს - 2 ივნისს, ლისი ივენთ ჰოლში...

ქართული სცენის ვარსკვლავი, მომღერალი ნინო ჩხეიძე 27 მაისს სტოკჰოლმში იმღერებს

2023-05-11 16:10
მომღერალი და ტელეწამყვანი ნინო ჩხეიძე 27 მაისს ქალაქ სტოკჰოლმში იმღერებს.

,,ამ სიმღერების პოპური ვიცოდი გოგი დოლიძისგან" - ლაშა ღლონტის პოპურის პრემიერა რადიო დარდიმანდის ეთერში

2023-04-28 13:38
რადიო ,,დარდიმანდის" ეთერში, გადაცემაში ,,ახალი ქართული" მომღერალ ლაშა ღლონტის ახალი ქართული სიმღერის - ,,ლაშას პოპური"...
რჩეული ვიდეოები

ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის ახალი კოლაბორაცია - „წყაროზე“

2021-11-16 13:59
10 წლის შემდეგ, მომღერლების, ნინო ჩხეიძისა და ზურა ბარბაქაძის მუსიკალური დუეტი განახლდა გელა...

CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება (ფოტო,ვიდეო)

2021-03-12 14:06
CHANEL - ის 2021 წლის გაზაფხულის ჩვენება

კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს(ვიდეო)

2020-04-11 17:25
კიევის ნაციონალური აკადემიური ოპერეტის თეატრის მომღერლებმა კარატინში „სულიკო“ იმღერეს.

BBC-ნიუ-იორკში, სავარაუდოდ, კორონავირუსით გარდაცვლილ ადამიანებს დიდ ორმოებში მასობრივად მარხავენ. ვიდეო

2020-04-10 15:44
ნიუ-იორკი კორონავირუსით გარდაცვლილთა რიცხვის ზრდის პარალელურად, მასობრივ საფლავებს იყენებს....

გამოკითხვა

რომელ სტუმარს გამოარჩევდით გადაცემიდან ,,ყველაზე ყვითელი"

ნიკო ქართველი - 0%
სვეტა ბაღდასაროვა - 0%
კესარია აბრამიძე - 100%
ხმების რაოდნობა: 1
ხმის მიცემა შეწყვეტილია !