
კოალიცია "ქართული ოცნების" კარდაკარის კოორდინატორები, ქუთაისის # 27 და #28 საარჩევნო უბანზე ამომრჩევლის აღწერას აწარმოებენ. ამის შესახებ „აფხაზეთის ხმას“ ქუთაისიდან აცნობეს.
ისინი უბნის შესასვლელთან იმყოფებიან და უბანში მისულ ამომრჩევლებს ხვდებიან. როგორც კოორდინატორები აცხადებენ, მათ კანონის მიხედვით აქვთ უფლება, რომ ამომრჩევლის აღწერა აწარმოონ.
"ჩვენ "ქართული ოცნების" კოორდინატორები ვართ, ვინ გეკითხებათ რას ვაკეთებთ, წადით, გაიარეთ. ერთ დროს, მეც თქვენსავით დამკვირვებელი ვიყავი. მეტი საქმე არ მაქვს სახელი და გვარი გაგიმხილოთ. კანონს არ ვარღვევთ, გვაქვს უფლება ჩვენი ამომრჩეველი აღვწეროთ,"– განაცხადეს "ქართული ოცნების" კოორდინატორებმა.