
"საქართველო ევროპაში არის ერთ-ერთი საუკეთესო კორონავირუსის ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით" -
აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ
„საქართველოში აქტიური ღონისძიებები ხორციელდება კორონავირუსის წინააღმდეგ. მთავრობა ძალიან აქტიურად
მუშაობს ეპიდემიური კონტროლისთვის საჭირო ღონისძიებების მიმართულებით და მინდა გითხრათ, რომ საქართველო
ევროპაში არის ერთ-ერთი საუკეთესო ეპიდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით. ჩვენმა ქვეყანამ, მთავრობამ, ხელისუფლებამ
მიიღო ყველაზე სწრაფი და ეფექტური ზომები იმისთვის, რომ მომხდარიყო ამ ინფექციის გავრცელების შეკავება. დარწმუნებული ვარ,
როცა ინფექციის გავრცელების ეს ტალღა ჩაივლის, ჩვენ ნათლად დავინახავთ თუ რა შედეგები გამოიღო ჩვენს მიერ გატარებულმა
ღონისძიებებმა. მინდა მადლობა გადავუხადო ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს, დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს
და თანამშრომლებს, ასევე ინფექციური საავადმყოფოს ხელმძღვანელს, თანამშრომლებს - ექთნებს, ექიმებს, ეპიდემილოგებს, საჯარო
მოხელეებს, რომლებიც საზღვრებზე მუშაობენ და ჩართულნი არიან ეპიდემიური კონტროლის ღონისძიებებში.
ასევე, სასწრაფო-სამედიცინო დახმარების სამსახურის თითოეულ თანამშრომელს, რომლებიც ამ დღეების განმავლობაში მომატებულ
მომართვიანობას ეფექტურად პასუხობენ. რა თქმა უნდა, საქართველოს პარლამენტიც ჩაერთო ეპიდემიის წინააღმდეგ საერთო ღონისძიებებში.
ის მინიმალური სტანდარტი, რაც მოთხოვნილია დაწესებულებებში, სადაც საზოგადოების თავშეყრა ხდება, ან ღონისძიებების გამართვა,
საქართველოს პარლამენტსაც უკვე აქვს დამონტაჟებული დისპენსერები, სადაც სადეზინფექციო საშუალებებით შეიძლება მოქალაქეებმა
ისარგებლონ. ხდება და პერიოდულად გაგრძელდება ზედაპირების, სადაც ჩვენ ყველაზე ხშირი შეხება გვაქვს, დამუშავება სპეციალური
ხსნარებით. ეს აჩვენებს ჩვენი ქვეყნის მზადყოფნას, სამსახურებს შორის კოორდინაციის შესაძლებლობას. რა თქმა უნდა, გადამწყვეტი
არის და იქნება ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების დამოკიდებულება იმაში, რომ მათაც გაიზიარონ და ხელი შეუწყონ მაქსიმალურად იმ
ღონისძიებებს, რომელიც პრევენციას ემსახურება, - განაცხადა თალაკვაძემ.