-
2016-11-29 17:25
კუდ-ის ყოფილმა მაღალჩინოსანმა გიორგი დგებუაძემ (მასტერა), რომელიც ე.წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეზეა ბრალდებული, სასამართლოს აღნიშნულ საქმეზე დაიკითხა.
დგებუაძემ 2006 წლის 12 იანვარი, სპეცოპერაციის დეტალები გაიხსენა და განაცხადა,რომ მას უშუალოდ სროლებში მონაწილეობა არ მიუღია. მისი თქმით, სამმართველოსა და უშუალოდ მისი მოვალეობა, ნავთლუღის ავტოსადგურის მიმდებარე ტერიტორიის ბლოკირება და იმ ახალგაზრდების გადაადგილების კონტროლი იყო, რომლებიც ავტოსადგურის ტერიტორიაზე მის თანამშრომელს უნდა მიეყვანა.
"ჩემი სამმართველო უნდა განლაგებულიყო ნავთლუღის ავტოსადგურის მოპირდაპირე მხარეს. 21:00 საათისთვის ყველა დანაყოფი წინასწარ განსაზღვრულ ადგილებში იყვნენ. 21:00 საათამდე რამდენიმე წუთით ადრე მე დამირეკა დათა ახალაიამ და მითხრა, რომ საჭირო იყო ერთი ადამიანი ვინც ვიზუალურ კონტროლს განახორციელებდა იმ სამი ახალგაზრდის, როდესაც მანქანიდან გადმოვიდოდნენ. რადგანაც დავალება საპასუხისმგებლო და ასევე სარისკო იყო, რადგან არსებობდა ინფორმაცია, რომ ის სამი ადამიანი შეიარაღებული იყო, ჩემი თავი შევთავაზე ახალაიას. გადავკვეთე გზა და დაველოდე ვიდრე მანქანა მოვიდოდა.
ჩემი ამოცანა იყო რომ სუმბაძეს ტერიტორია უსაფრთხოდ დაეტოვებინა და შემდეგ გამეკონტროლებინა იმ ადამიანების გადაადგილება, რათა დავრწმუნებულიყავი სამი ადამიანი შევიდოდა თუ არა ავტოსადგურის ტერიტორიაზე, სადაც სპეცრაზმი იყო განლაგებული. ამ ახალგაზრდებიდან ერთ-ერთს დაურეკა ტელეფონმა და საუბრით სამივე შევიდა ავტოსადგურის ტერიტორიაზე. მე თვალს ვადევნებდი მათ. რამდენიმ წუთში კი გავიგონე ავტომატიდან გასროლის ხმა, რასაც წინ არავითარი ყვირილი ან ხმა არ უძღოდა. ინსტიქტურად ხელები თავზე ავიფარე, შემეშინდა და დავწექი. ასე აღვიქვი რომ სამი სხვადასხვა ადგილიდან ისმოდა სროლა, ისნის მხრიდან, ავტოსადგურის მხრიდან და ასევე სიღრმიდან", - განაცხადა დგებუაძემ.