-
2016-08-18 23:38
"ფეისბუქზე" ქართველი სპორტის მოყვარულების მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ თითქოს ქართველ ნიჩბოსანს, რიოს ოლიმპიადის მონაწილესა და ფინალში მეხუთე ადგილზე გასულ ზაზა ნადირაძეს ვარჯიშისთვის ელემენტარული პირობები და აღჭურვილობა არ ჰქონდა, სინამდვილეს არ შეესაბამება, რადგან ინტერვიუში, რაზე დაყრდნობითაც ინფორმაცია გავრცელდა, ზაზა ნადირაძე 2013-14 წლებს იხსენებდა.
ერთერთ ინტერვიუში ზაზა ნადირაძე ამბობს, რომ ევროპის ჩემპიონატზე წასვლამდე (ჩემპიონატი 2014 წელს ჩატარდა) მცხეთის მერია ყოველთვიურად 185 ლარით აფინანსებდა, მაგრამ ეს თავის სარჩენად არ კმაროდა, ამიტომ, მშენებლობაზეც მუშაობდა, ხოლო პარალელურად, ვარჯიშობდა. მისი თქმით, მომდევნო სამ წელიწადში სიტუაცია ბევრად გაუმჯობესდა.
"აფხაზეთის ხმა" მცხეთის მერიას დაუკავშირდა. მერიის პრესსამსახურში გვითხრეს, რომ ზაზა ნადირაძის მიღწევებით მერია გახარებულია და საქართველოში დაბრუნების შემდეგ მის დახვედრას და მიწვევას აპირებენ, რაც ერთხელ უკვე გააკეთეს:
"როცა ზაზამ ოლიმპიადის ლიცენზია მოიპოვა და საქართველოში დაბრუნდა, ჩვენ ის მერიაში მოვიწვიეთ. შეხვედრას ძალიან ბევრი ადამიანი დაესწრო. მერმა ზაზას წახალისების მიზნით და მადლობის ნიშნად ერთჯერადი ფულადი ჯილდო 1000 ლარი და სამახსოვრო სუვენირი გადასცა. მოუთმენლად ველოდებით, როდის დაბრუნდება სამშობლოში, რომ ისევ მოვიწვიოთ და წარმატება მივულოცოთ", - გვითხრეს მერიის პრესსამსახურში.