
ავტოავარიის დროს დაშავებული ერთერთი პაციენტი, რომელიც ქუთაისში, ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის რეანიმაციულ განყოფილებაში მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა - ანანო ბუაძე გარდაიცვალა. ინფორმაციას ცენტრში ადასტურებენ.
ანანო ბუაძე მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის მეუღლეა. მას გულმკერედის დახურული ტრავმები და ყბა-სახის მოტეხილობა აღენიშნებოდა.
საქართველოს რაგბის კავშირის სამედიცინო სამსახურის უფროსის (ეროვნული ნაკრების ექიმი), გიორგი ჭუმბურიძის ინფორმაციაზე დაყრდნობით დღეს გავრცელდა ცნობა, რომ ანანო ბუაძეს პნევმონია განუვითარდა, ხოლო კვლევები თბილისიდან ჩასულმა ოფთალმოლოგმაც ჩაუტარა, რადგან ყბა-სახის მოტეხილობის გამო მარჯვენა თვალი იყო დაზიანებული.
გადაწყდა, რომ თვალი შენარჩუნდებოდა და მკურნალობაც დაიგეგმა, მაგრამ მოულოდნელად, მართვით სუნთქვაზე მყოფი ანანო ბუაძის მდგომარეობა დამძიმდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.
რაც შეეხება გიორგი ლომინაძის ზოგად მდგომარეობას, ის ხასიათდება დადებითი დინამიკით.
უახლოეს დღეებში შესაძლებელი იქნება მისი მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა და ინფექციის კუპირების შემდეგ დაიგეგმება ტრავმატოლოგიური ოპერაციები ქვემო კიდურებზე.
ნუცა გუნცაძესთანაც (გიორგი ლომინაძის მეუღლე) იგეგმებოდა მართვითი სუნთქვიდან სპონტანურ სუნთქვაზე გადაყვანა, მაგრამ შეღვიძებისას განვითარებული კონვულსიების (კრუნჩხვა) გამო ვერ მოხერხდა.
მიმდინარეობს სათანადო მედიკამენტოზური მკურნალობა. აღნიშნული პათოლოგიის შესაბამისი მედიკამენტოზური დოზირებით დასტაბილურების შემდგომ განხორციელდება პაციენტის მართვითი სუნთქვიდან მოხსნა. ეტაპობრივი შეღვიძებებისას გამოხატავს რეაქციას ექიმის ბრძანებაზე. რჩება მართვით სუნთქვაზე, სტაბილურად მძიმე მდგომარეობაში, რეანიმაციულ განყიფილებაში.
მერაბ კვირიკაშვილი 28 ივლისს გაეწერა კლინიკიდან დამაკმაყოფილებელ მდგომარეობაში, თუმცა რჩება ამბულატორიული მეთვალყურეობის ქვეშ.
22 ივლისს ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა და ოთხი დაშავდა. დაღუპულთა შორის ახალგაზრდა ცოლ-ქმარიც იყო.