
"ფეისბუქზე", ჯგუფში "გაიცანით სამარცხვინო მძღოლები" ვრცელდება ფოტო, სადაც ასახულია, როგორ გადაჰყავთ მსუბუქი ავტომანქანით თბილისის ერთ-ერთი ბაგა ბაღის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს აღსაზრდელები - ფოტოს მიხედვით, მსუბუქ ავტომანქანაში სალონის გარდა, ბავშვები საბარგულშიც სხედან.
"აფხაზეთის ხმამ" საბავშვო ბაგა-ბაღის "ტკბილი სახლის" ადმინისტრაციის პოზიციის გაგება ვერ მოახერხა - დარეგისტრირებულ ნომერზე გვიპასუხეს, რომ კომენტარს არასამუშაო საათებში ვერ გააკეთებენ. ამასთან, გაურკვეველია, საბავშვო ბაღის აღსაზრდელები ამ ფორმით სასეირნოდ გადაჰყავთ თუ თავიანთ სახლებში არიგებენ ან იციან თუ არა მშობლებმა, რა ფორმით მგზავრობენ მათი შვილები.
მოგვიანებით, ახალგზარდა მამაკაცმა, რომელიც ადმინისტრაციის წარმომადგენლად გაგვეცნო და ნომერზე თავად დაგვიკავშირდა, განგვიცხადა, რომ ბავშვები ნამდვილად გადაიყვანეს მსუბუქი ავტომანქანის საბარგულით, თუმცა, ეს ერთჯერადი იყო, ბავშვები პეტრე-პავლობის დღესასწაულთან დაკავშირებით ახლომდებარე ეკლესიაში გადაიყვანეს და რომ ამის შესახებ მშობლები ინფორმირებული იყვნენ.