-
2016-07-09 04:23
ზუგდიდში, სამთავრობო რეზიდენციაში, რომელიც პრეზიდენტის რეზიდენციადაა ცნობილი, ტექნოპარკი განთავსდება. ამის შესახებ "კომერსანტი" ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლის სიტყვებზე დაყრდნობით წერს, რომელიც ამბობს, რომ სიტყვიერი შეთანხმება შენობის გადაცემის შესახებ უკვე მიღებულია.
"ახალგაზრდებს შეეძლებათ პროფესიის შეძენა და თავიანთი ხელფასის გამომუშავება, - 500 ლარამდე და ზევით“, - განაცხადა ზუგდიდის მერის მოადგილემ გია გულორდავამ.
რეზიდენცია ზუგდიდში წინა ხელისუფლების დროს გაიხსნა. მას სამეგრელოში ჩასული მთავრობის წარმომადგენლები, ყველაზე ხშირად კი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სტუმრობდნენ. 2008 წელს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, რეზიდენცია იყო ერთ-ერთი პირველი შენობა, რომელიც რუსმა ოკუპანტებმა დაიკავეს.
რეზიდენციასთან აქციებს აწყობდა წინა ხელკისუფლების მიმართ ოპოზიციურად განწყობილი რამდენიმე ორგანიზაცია, მათ შორის, ყველაზე მეტად გამოირჩეოდა შემდგომში საკრებულოს წევრი, ორგანიზაცია "დაიცავი საქართველოს" ლიდერი კახა მიქაია, რომელიც აცხადებდა, რომ სააკაშვილის რეზიდენციაში უნდა გაიხსნას ბაგა-ბაღი დევნილებისა და უმწეო ადამიანთა შვილებისთვის, ან ის უნდა გაიყიდოს და თანხა სოციალურად დაუცველებს მოხმარდეთ, ან კიდევ შენობა უნდა გადაეცეს იქვე გვერდით, კოლეჯის ყოფილ შენობაში მცხოვრებ დევნილებს.