
ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ, რომელსაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძის განჩინებით რამდენიმე დღის წინ უფლებამოსილება შეუჩერდა, შესაძლოა, ახალი ტელევიზია გახსნას. ამის შესახებ სტატიას "ნეტგაზეთი" აქვეყნებს, თუმცა დასძენს, რომ ამ საკითხზე თავად ნიკა გვარამიასთან დაკავშირება მათ ვერ შეძლეს.
ამასთან, რუსთავი 2-ის გენერალური დირექტორის მოადგილემ ზაალ უდუმაშვილმა კი "ნეტგაზეთს" განუცხადა, რომ ეს საკითხი ჯერ თეორიულ დონეზე განიხილება:
"ეს საკითხი ამ ეტაპზე თეორიულ დონეზე განიხილება იმ შემთხვევაში, თუკი უკიდურესი ზომები იქნება მიღებული და ტელევიზიის დატოვება მოგვიწია. თან პრემიერ-მინისტრმაც ასე გვირჩია რამდენიმე დღის წინ,რუსთავი 5 გახსენითო", - განუცხადაზაალ უდუმაშვილმა ნეტგაზეთს.
დეტალებზე ამ საკითხის გარშემო ღიად არ საუბრობენ რუსთავი 2-ის სხვა წარმომადგენლები. ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა გიორგი ლაფერაშვილმა გვითხრა, რომ არ ისაუბრებს ამ თემაზე.
რუსთავი 2-ის რამდენიმე წარმომადგენელმა "ნეტგაზეთთან" საუბარში დაადასტურა, რომ ტელევიზიაში მართლაც შედგა საუბარი ახალი არხის გახსნის თაობაზე, თუმცა ისინი ამ თემაზე ღიად არ საუბრობენ.
მათი განცხადებით, ეს ინფორმაცია არხის ჟურნალისტებისა და პროდიუსერებისთვის, ასევე, ტექნიკური პერსონალისთვის ცნობილი გახდა ტელევიზიაში გამართულ თათბირზე უშუალოდ ნიკა გვარამიასგან, რომლისგანაც არხის წარმომადგენლებმა მიიღეს შეთავაზება, რომ სამუშაოდ გადაინაცვლონ ახალ არხზე, რომელიც გაიხსნება.