
„მზიურში“ გაწმენდითი სამუშაოების დაწყებიდან მესამე დღეს ბავშვთა ქალაქის ტერიტორიაზე მოხალისეებისთვის ბუტერბროდები და სენდვიჩები დაარიგეს. ამაში არაფერი იქნებოდა უჩვეულო, რომ არა ერთი გარემოება.
უკლებლივ ყველა ბუტერბროდში ქაღალდის ნაგლეჯი იდო, ნაგლეჯზე კი გაკრული ხელით ფრაზები ეწერა. ზედაც - სმაილები იყო მიხატული.
მოხალისეები ბუტერბროდებსა და სენდვიჩებს ხსნიდნენ, წარწერებს კითხულობდნენ და გულღიად იღიმებოდნენ. „მეამაყები!“; „ტალახიანო!“; „ჭამის დროა ახლა?“; „ტალახი გიხდება!“ - კითხულობდნენ ისინი.
როგორც გაირკვა, ეს კრეატიული იდეა ერთერთ მოხალისეს დეა ჯიქიას ეკუთვნის. ის ვაკის „გუდვილში“, სხვადასხვა გზებით შეგროვილი თანხით მზა პროდუქციას ყიდულობდა და წინადღით გამზადებულ ქაღალდის ნაგლეჯებს მასში საგულდაგულოდ ატანდა.