
ფილოლოგიის დოქტორი, ავტორი, პუბლიცისტი და მთარგმნელი ქეთი ტოროტაძე ზოოპარკის დირექტორთან ზურაბ გურიელიძესთან დაკავშირებით მისი სახელით გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
"მე, ქეთი ტოროტაძე, ზურაბ გურიელიძის მეგობარი არ ვარ, არ ვიცნობ მას არც პირადად და არც ვირტუალურად. ანუ ბატონი გურიელიძე ფეისბუქზეც კი არ არის ჩემი ფრენდი. შესაბამისად, მას არ შეიძლება ჩემთან პირადი საუბარი ჰქონოდა.
ის, რომ გარკვეული ინფორმაცია ჩემი სახელით ვრცელდება და საჯაროვდება, ჩემს დაუკითხავად, არის ჩემი უფლების შელახვა. ამიტომ მორალურად უფლებამოსილად ვთვლი თავს განვაცხადო, რომ ის სიტყვები, რომლებიც მე მომეწერება, მე არ მეკუთვნის.
ან კი რომ აცხადებთ, ზურაბ გურიელიძის მეგობარიო, მკითხეთ ჯერ, ვიცნობ თუ არა მას საერთოდ. ამავე დროს ვადასტურებ ჩემს პატივისცემას ბატონი გურიელიძის მიმართ, რაც ამ ბოლო დღეებში არაერთხელ გამოვხატე ფეისბუქის საშუალებით", - წერს ქეთი ტოროტაძე.
მანამდე ქეთი ტოროტაძემ "ფეისბუქზე" გამოაქვეყნა სტატუსი, რომლის ფრაგმენტი "აფხაზეთის ხმამ" ამ სტატიაში გამოიყენა. ფრაგმენტი წაიკითხეს ასევე "არჩევანში" და გავრცელდა სხვადასხვა მედიასაშუალებითაც.